ჯორჯ კლუნი ცოლთან და შვილებთან ერთად კარანტინში ყოფნის შესახებ საუბრობს: „ჩემი ცოლი მომკლავდა…“
59 წლის მსახიობი ჯორჯ კლუნი და მისი 43 წლის მეუღლე, ცნობილი ადვოკატი და უფლებადამცველი ამალ ალამუდინი, ისევე როგორც ბევრი ოჯახი, პანდემიის პერიოდში (განსაკუთრებით რთული ვითარების დროს) სახლში იმყოფებოდნენ. წყვილმა დრო თავის ორ შვილთან, სამი წლის ტყუპებთან, ელასა და ალექსანდრესთან ერთად გაატარა. W Magazine-თან ინტერვიუში მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორია მისთვის კინოვარსკვლავის სტატუსის შეცვლა მამის როლით.
„მინდა ვთქვა, რომ ჰობი გამიჩნდა: დღეში ორ-სამჯერ სარეცხის და ჭურჭლის რეცხვა, რადგან ძალიან ცელქი ბავშვები არიან. და ცხადია, რეგულარულად უნდა დაბანო ისინი“, – აღიარებს კლუნი იუმორის გარეშე და დასძენს, რომ კარანტინის დროს „პარიკმახერის“ როლიც შეითავსა: თმა შეჭრა ვაჟიშვილს და თავადაც შეიჭრა (ჯორჯმა ცოტა ხნის წინ CBS-ს გადაცემაში Sunday Morning გაამხილა, რომ 25 წელია, თმას თავად იჭრის), მაგრამ ქალიშვილის თმას ხელი ვერ შეახო.
„პრობლემა შემექმნებოდა, ეს რომ გამეკეთებინა. ჩემი ქალიშვილი შესანიშნავად გამოიყურება, ძალიან გრძელი თმები აქვს და არ ვჭრით. მის თმას რომ შევხებოდი, ჩემი ცოლი მომკლავდა“, – იხუმრა კლუნიმ.
ჯორჯ და ამალ კლუნები მაქსიმალურად იცავენ შვილებს გარეშე თვალისგან: პაპარაცები ძალიან იშვიათად ახერხებენ მათ „გამოჭერას“ არაოფიციალურ გარემოში, შესაბამისად, ბავშვების თითო-ოროლა ფოტოს თუ წააწყდებით ინტერნეტში.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ წყვილი საჭიროდ არ თვლის, შვილები საზოგადოებას აჩვენოს, ისინი ელასა და ალექსანდრეზე საჯაროდ საუბრობენ. მაგალითად, ჯორჯმა ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ ბავშვებმა ამალთან ერთად უკვე აითვისეს იტალიური ენა, მაგრამ ეს ზოგჯერ მას და ამალსაც ბევრ უსიამოვნებას უქმნის, რადგან არ ესმით, პატარები რას პასუხობენ.
კლუნი ამბობს, რომ ცოლთან და შვილებთან ყოფნამ მისი ცხოვრება ძალიან შეცვალა.
მეგონა, რომ არასოდეს დავქორწინდებოდი და შვილები არ მეყოლებოდა. ვფიქრობდი, რომ ვიმუშავებდი, მყავს შესანიშნავი მეგობრები, ჩემი ცხოვრება მდიდარია, კარგად ვარ, მაგრამ არ ვიცოდი, რამდენად არასრული იყო ეს ყველაფერი სინამდვილეში, სანამ ამალს არ შევხვდი. შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. „სინამდვილეში რამხელა სიცარიელე იყო ჩემს ცხოვრებაში“, – განაცხადა კლუნიმ.
თამარ ოთიაშვილი
კომენტარები