საბერძნეთისაიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

როგორ ჩატარდება გამოცდები საბერძნეთის მოქალაქეობის მოპოვების მსურველთათვის – საგამოცდო საკითხები გამოქვეყნდა

როგორც ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, საბერძნეთის ხელისუფლების ინიციატივით შეიცვალა ნატურალიზაციის წესით მოქალაქეობის მოსაპოვებლად ჩასაბარებელი გამოცდის წესი. დაპირებულიდან თითქმის ერთი თვის დაგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნდა საგამოცდო საკითხები და მსურველებს მათი ნახვა უკვე შეუძლიათ შემდეგ მისამართზე: https://exetaseis-ithageneia.ypes.gr/#topics

საკითხები მოიცავს ხუთ სფეროს: გეოგრაფია (70 საკითხი), ისტორია (80 საკითხი), პოლიტიკური ინსტიტუციები (80 საკითხი), კულტურა (70 საკითხი) და ბერძნული ენა (წერა, მოსმენილის გაგება და საუბარი – ჯამში 250 საკითხი).

გამოცდები ჩატარდება წელიწადში ორჯერ და სერტიფიკატის მოსაპოვებლად საჭიროა სწორი პასუხების 70% ჯამურად (ბერძნული ენის გამოცდასა და სხვა დისციპლინებში ერთად). დადებით ნიშნად ენის გამოცდის შემთხვევაში ჩაითვლება მინიმუმ 66%, ხოლო სხვა დისციპლინებში – 50% (ანუ კანდიდატმა უნდა გადალახოს ენის გამოცდაში 66%-იანი ზღვარი, სხვა გამოცდებში – 50%-იანი ზღვარი). კანდიდატებს მოუწევთ უპასუხონ 4 კითხვას გეოგრაფიაში, 4 კითხვას კულტურის თემებზე, 6 კითხვას ისტორიაში და 6 კითხვას პოლიტიკურ ინსტიტუციებში.

რაც შეეხება ბერძნული ენის გამოცდას: განყოფილებაში „წერითი ენის გაგება და წარმოება“, კანდიდატებს მოსთხოვენ უპასუხონ 20 კითხვას და შეადგინონ მოკლე ტექსტი. განყოფილებაში „ზეპირი ენის გაგება“ კანდიდატებს მოსთხოვენ უპასუხონ 10 კითხვას, ხოლო განყოფილებაში „საუბრის წარმოება“ განახორციელებენ კომუნიკაციურ აქტივობას სამ სხვადასხვა საკითხზე.

უნდა აღინიშნოს, რომ საგამოცდო მასალა სამინისტროს საიტზე მოცემულია სწორი პასუხების გარეშე. ასევე, მითითებული არ არის ლიტერატურა, რომელიც კანდიდატმა სწორი პასუხების მოსაპოვებლად უნდა გამოიყენოს.

მოქალაქეობის გენერალური მდივნის, ათანასიოს ბალერბასის განცხადებით, ზეპირი გასაუბრების ძველი სისტემა ობიექტური შეფასების საშუალებას არ იძლეოდა, რადგან ხშირად გამომცდელის სუბიექტური მიდგომები განაპირობებდა გამოცდის შედეგს. ამიერიდან გამოცდები ეროვნული მასშტაბით წერითი სახით ჩატარდება და მხოლოდ „ღირსეულები შეძლებენ მის წარმატებით ჩაბარებას“, რის შემდეგაც მოიპოვებენ ნატურალიზაციისთვის საჭირო ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს (Πιστοποιητικό Επάρκειας Γνώσεων για Πολιτογράφηση (Π.Ε.Γ.Π)). ამავე დროს, მნიშვნელოვნად შემცირდება ნატურალიზაციის პროცესის ხანგრძლივობა.

აქვე შეგახსენებთ, რომ კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ბერძნული 9-წლიანი სავალდებულო სწავლების კურსი, ასევე, ლიცეუმის (მე-10 – მე-12 კლასები) და ბერძნული სახელმწიფო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს გამოცდის ჩაბარების ვალდებულება ეხსნებათ.

უნდა აღინიშნოს, რომ გამოცდის წარმატებით ჩაბარება მოქალაქეობის მიღების გარანტიას მაინც არ წარმოადგენს. ზემოაღნიშნული სერტიფიკატი მხოლოდ მოქალაქეობის მოსაპოვებლად განაცხადის დარეგისტრირების საშუალებას იძლევა. კანდიდატებს შემდეგ ეტაპზე მაინც მოუწევთ სამკაციან საბჭოსთან გასაუბრება საკუთარი სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის დონის წარმოსაჩენად. ამ ინტერვიუების ჩატარების წესს ადგენენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გამჭვირვალობის ეროვნული ორგანოს სპეციალისტები, რომლებიც შესაბამის სტანდარტულ სახელმძღვანელოს შეიმუშავებენ. კანდიდატს შეეძლება წარადგინოს ნებისმიერი სახის დოკუმენტი, რომელიც მის სასარგებლოდ საკითხის გადაწყვეტას უზრუნველყოფს.

პირველი გამოცდის ჩატარება 2021 წლის 16 მაისს იგეგმება. უახლოეს ხანში გაიხსნება ელექტრონული პლატფორმა, რომელზედაც მსურველებს საგამოცდო რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ.

იმისათვის, რომ წარმოდგენა შეგექმნათ საგამოცდო საკითხებზე, გთავაზობთ რამდენიმე კითხვას გეოგრაფიიდან:

Θέμα 1 (თემა 1)

Πόσοι είναι οι νομοί της Ελλάδας (χωρίς να συμπεριλάβουμε το Άγιο Όρος το οποίο έχει το αυτοδιοίκητο); – რამდენი პრეფექტურა არსებობს საბერძნეთში (ათონის მთის გამოკლებით, რომელიც ავტონომიურია)?

α) 45  β) 40  γ) 51  δ) 70

სწორი პასუხი: გ) 51

Θέμα 2 (თემა 2)

Πόσος είναι ο πληθυσμός της Ελλάδας (σύμφωνα με την τελευταία απογραφή του 2019); – რამდენია საბერძნეთის მოსახლეობა (2019 წლის ბოლო აღწერის მონაცემებით)?

α) 8 εκατομμύρια περίπου β) 7 εκατομμύρια περίπου γ) 11 εκατομμύρια περίπου δ) 15 εκατομμύρια περίπου

სწორი პასუხი: გ) დაახლოებით 11 მილიონი.

Θέμα 3 (თემა 3)

Ποια είναι η έκταση της Ελλάδας; – (რამდენია საბერძნეთის საერთო ფართობი)?

α) 120.000 τετραγωνικά χιλιόμετρα περίπου β) 100.000 τετραγωνικά χιλιόμετρα περίπου γ) 90.000 τετραγωνικά χιλιόμετρα περίπου δ) 132.000 τετραγωνικά χιλιόμετρα περίπου

სწორი პასუხი: დაახლოებით 132,000 კვადრატული კილომეტრი.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close