ისტორია

უცნობი ქუთაისი – დათეშიძეები

დღეს, სამწუხაროდ, ცოტას თუ ახსოვს დათეშიძეების გვარის წარმომადგენელთა საქმიანობის და ქვეყნის წინაშე ღვაწლის შესახებ, არადა ეს გვარი ისეთი ცნობილი ქართველი მეცენატების გვერდითაა, როგორებიც არიან: სარაჯიშვილი, ძმები ზუბალაშვილები, ხოშტარია, ლაღიძე და ა. შ.

საქართველოს არქივში ინახება სააქტო ქაღალდი მარკებითა და გერბიანი ბეჭდით იმის შესახებ, რომ ქუთაისელი მეცენატი რაჟდენ დათეშიძე მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩავარდნილ თბილისის ოპერის თეატრს გამოუყოფს საჭირო თანხას ერთი სეზონისათვის – 1918 წლიდან 1919 წლის 15 მაისის ჩათვლით, 25 000 ოქროს მანეთის ოდენობით, მთელი დასის სარჩენად, რითაც თეატრის დასი – დაშლას, ხოლო თვით თეატრი – დახურვას გადაარჩინა.

ყარამანი იყო რაჭველი დურგლის, ბესარიონ დათეშიძის ვაჟი. ის ნიკო ნიკოლაძის ოჯახში გაიზარდა, შემდეგში მეტყევე გახდა და დიდი ქონების პატრონიც შეიქნა.

ყარამან დათეშიძე გახდა საშენი მასალების წარმოების ერთ-ერთი დამფუძნებელი ქუთაისში, სადაც პირველი ხე-ტყის სახერხი ქარხანა ააშენა, რომელიც ყარამანის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით შვილებს გადაეცა. დათეშიძის ხე-ტყის მასალით დასავლეთ საქართველოს ყველა ქალაქი მარაგდებოდა.

ქუთაისის ცენტრალურ არქივში ინახება ცნობები იმის შესახებ, რომ მამა-შვილმა დათეშიძეებმა გააფართოეს ხე-ტყის საქმე და ბაღდათის სახაზინო ტყის ექსპლუატაციის პირველი პიონერებიც იყვნენ.

რაჟდენის გარდა ყარამან დათეშიძეს ჰყავდა 4 ვაჟი – ბესარიონი (კონსტანტინე), პარმენი, ივანე, გრიგოლი და ორი ქალიშვილი – ელისაბედი (ლიზა) და თამარი. ისინი გერმანიაში სწავლობდნენ.

1909 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, გერმანიიდან საქართველოში ჯერ უფროსი ვაჟი, რაჟდენი დაბრუნდა, მერე – ბესარიონი. მათ გერმანიაში მიიღეს უმაღლესი ტექნიკური განათლება. მალე ააშენეს ხე-ტყის ქარხნები „ძმები დათეშიძეების“ სახელით.

დათეშიძეებმა მხოლოდ მეწარმეობით როდი გაითქვეს სახელი. ისინი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები იყვნენ, რომლებიც ცდილობდნენ, საკუთარი წვლილი შეეტანათ ქართული კულტურის განვითრებაში.

გალაკტიონ ტაბიძის ლექსების ერთ-ერთი კრებული 1919 წელს რაჟდენ დათეშიძის მეშვეობით გამოიცა, რომელმაც პოეტს სრული ჰონორარიც აუნაზღაურა.

კინომცოდნე კარლო გოგოძის ცნობით კი ვიგებთ, რომ ბანკის მმართველობის წევრ რაჟდენ დათეშიძეს, თანამოზარეებთან ერთად, ბანკში გაუხსნია კრედიტი სათანადო თანხაზე და საქართველოში დაიწყო პირველი ქართული მხატვრული ფილმის, „ქრისტინეს“ (რეჟ. ა. წუწუნავა) გადაღება. ამგვარად, კინოს ისტორია საქართველოში კვლავ და კვლავ ქუთაისთან არის დაკავშირებული. ქუთაისელი იყო პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის „აკაკის მოგზაურობის“ შემქმნელი ვასილ ამაშუკელი და ქუთაისელი მეცენატის, რაჟდენ დათეშიძის ხელშეწყობით მოხდა პირველი ქართული მხატვრული ფილმის გადაღებაც.

1912 წლის 17 ივნისს ქუთაისის ინტელიგენციის წარჩინებული წარმომადგენლების ინიციატივით დაარსდა ქართული ისტორიულ-ეთნოგრაფიული საზოგადოება, რომლის გამგეობაში სხვებთან ერთად რაჟდენ დათეშიძეც იყო არჩეული. მან საზოგადოებას გადასცა ოჯახში შემონახული ოქროს და ვერცხლის მსხვილი ძველი მონეტები, XVII საუკუნით დათარიღებული „ვეფხისტყაოსანი“, იშვიათი სურათების კოლექცია და სხვადასხვა საუკუნის ფასეული ხელნაწერები. სწორედ რაჟდენ დათეშიძე უზრუნველყოფდა რთულ 1918-1919 წლებში ქართული თეატრალური საზოგადოების თეატრალურ სტუდიას საჭირო თანხით, მატერიალურ დახმარებას უწევდა გაჭირვებულ მწერლებს, პოეტებს, პუბლიცისტებს და ა.შ.

დათეშიძეების ოჯახის ისტორია საკმაოდ ტრაგიკულად გაგრძელდა ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში. რაჟდენ დათეშიძე 1926 წელს გაურკვეველ საავტომობილო კატასტროფაში დაიღუპა ბერლინთან ახლოს. ბესარიონ დათეშიძე 1938 წელს დააპატიმრეს და 1942 წელს „გულაგში“ დახვრიტეს. გრიგოლი 1937 წელს დააპატიმრეს და უგზო-უკვლოდ დაიკარგა. პრაქტიკულად, დათეშიძეების მთელი ოჯახი განადგურდა. 1937 წელს დათეშიძეები გორიდან გამოასახლეს და მთელი ქონება ჩამოართვეს. ყარამან დათეშიძის მეუღლე, მართა, ოჯახით უსახსროდ დარჩა. ქუთაისის არქივში ინახება მის მიერ სხვადასხვა კომიტეტში გაგზავნილი თხოვნები ქონების დაბრუნების შესახებ.

საქართველოში დამყარებულმა საბჭოთა რეჟიმმა დიდი ხნით ამოშალა ქუთაისისა და საქართველოს ისტორიიდან ყარამან და რაჟდენ დათეშიძეების ღვაწლი.

დათეშიძეები

დღეს, სამწუხაროდ, ცოტას თუ ახსოვს დათეშიძეების გვარის წარმომადგენელთა საქმიანობის და ქვეყნის წინაშე ღვაწლის…

Posted by უცნობი ქუთაისი on

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close