მედიცინა

თავის ტვინი და ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები

ცნობილია, რომ ადამიანის ტვინი 1000-იდან 2000 გრამამდე იწონის. მამაკაცის ტვინი 100-150 გრამით მეტია ქალისაზე, თუმცა სხეულის მოცულობასთან შეფარდების მხრივ განსხვავება თითქმის არ არსებობს – ორივე შემთხვევაში ტვინი საშუალოდ სხეულის მოცულობის 2%-მდეა.

სერიოზული განსხვავება არც რასების მიხედვით ფიქსირდება. მაგალითად, აფრიკელის ტვინის საშუალო წონა 1316 გრამია, ევროპელის – 1361 გრამი, მათ შორის, გერმანელის – 1291 გ, შვედის – 1327 გ. რუსის ტვინი – 1377 გ, იაპონელის – 1374 გ, ხოლო ბურიატის ტვინი 1508 გრამს იწონის.

ძველეგვიპტურ პირამიდებში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენა, რომ ფარაონთა პირველი დინასტიიდან მეთვრამეტემდე მათი ტვინის მოცულობა 1441-იდან 1379 კუბურ სანტიმეტრამდე შემცირდა. ესე იგი, ყოველი 20 ათასი წლის შემდეგ ტვინი ერთი კუბური სანტიმეტრით იკლებს. გამოდის, რომ ჩვენი წინაპრები ჩვენზე ჭკვიანები იყვნენ! გავრცელებული აზრია, რომ რაც უფრო დიდი ტვინი აქვს ადამიანს, მით უფრო ნიჭიერია ის, თუმცა აშკარაა, რომ ეს ყოველთვის ასე არ არის: მაგ., ივან ტურგენევის ტვინი 2012 გრამს იწონიდა, ანატოლ ფრანსის კი – 1017 გრამს. ყველაზე დიდი წონის – 2850 გ – ტვინი აღმოაჩნდა ადამიანს, რომელსაც ეპილეფსიისა და იდიოტიზმის დიაგნოზი ჰქონდა, მისი ტვინი ფუნქციური თვალსაზრისით არასრულფასოვანი იყო. ამიტომაც შეუძლებელია თქმა, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი ინდივიდის ტვინის წონასა და მის გონებრივ შესაძლებლობებს შორის.

გონება და მეხსიერება, უპირველს ყოვლისა, ღვთით ბოძებული ადამიანური ნიჭია, რომელიც მარტო ტვინის ფიზიკურ მონაცემებზე როდია დამოკიდებული.

* * *

მეცნიერთა უმრავლესობა მეხსიერებას სამ ძირითად ტიპად ყოფს: ხანგრძლვი, ხანმოკლე და სენსორული. თუ გახსოვთ საკუთარი სახელი, შეგიძლიათ მშობლიურ ენაზე საუბარი, არ დაგვიწყებიათ, რომელ ქალაქში დაიბადეთ და გაიზარდეთ, ესე იგი,  ხანგრძლივი მეხსიერება წესრიგში გაქვთ. იგივე შეიძლება ითქვას ხანმოკლე მეხსიერებაზე იმ შემთხვევაში, თუ კარგად გახსოვთ, რა ჭამეთ სადილობისას ან კიდევ, რას საქმიანობდით თუნდაც ათი წუთის წინ.

ყველაზე ძნელად ასახსნელი სენსორული მეხსიერებაა. მხედველობითი სენსორული მეხსიერება საშუალებას გვაძლევს, ერთ სცენას უამრავი უძრავი სურათი დავუკავშიროთ, რომელიც ჩვენ თვალწინ კინოკადრივით გაიელვებს. სმენითი სენსორული მეხსიერება კი გვეხმარება, მაგალითად, მუსიკალური ნაწარმოების მოსმენისას გარკვეული ფრაგმენტები ერთ მთლიანობაში წარმოვიდგინოთ.

ადამიანები სშირად საყვედურს გამოთქვამენ საკუთარი მეხსიერების მიმართ. ხან ვიღაცის სახელი გვავიწყდება, ხან ტელეფონის ნომერი, ხანაც მექანიკურად გაზუთხული ფორმულები, რაც საკუთარი მეხსიერებით უკმაყოფილებას იწვევს. როგორც კი რაიმე დაგვავიწყდება, მაშინვე განგაშს ვტეხთ: ღმერთო ჩემო, რა მომდის, ნუთუ ვბერდები?!  ამას რაღაც უნდა მოვუხერხო…

პრობლემა ის არის, რომ ხშირად ჩვენს შესაძლებლობებს სხვა ადამიანების შესაძლებლობებს ვუდარებთ. გაოცებულები შევცქერით მსახიობებს, რომლებიც ერთი შეხედვით ადვილად იმახსოვრებენ უზარმაზარ ტექსტებს; მუსიკოსებს, რომლებიც თავიანთ მეხსიერებაში ურთულეს მუსიკალურ პარტიტურებს ინახავენ… მათთან შედარებით ჩვენ თავი არასრულფასოვან ადამიანად მიგვაჩნია. არადა, მეცნიერები ასე სულაც არ ფიქრობენ. მათ ერთი საერთო აზრი აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით: კარგი მეხსიერება ადამიანებს დედის მუცლიდან როდი დაჰყვებათ. მთავარი ისაა, რამდენად ავარჯიშებთ მას.

ოდესმე თუ გიფიქრიათ, რატომ არის შემონახული უძველესი ცივილიზაციების უმრავლესობის ისტორია ეპიკური პოემებითა და დიდებული საგების ფორმით? პასუხი მარტივია: ადამიანი დამწერლობის შემოღებამდე გაცილებით ადრე მიხვდა, რომ ნებისმიერ მოვლენისა თუ ფაქტის, მათ შორის, ყველაზე რთულისაც კი, დამახსოვრება ადვილად შეიძლება, რისთვისაც საჭიროა დამახსოვრების მოსახერხებელი ფორმა მოიძებნოს. უძველესი ადამიანები უპირატესობას რითმებისა და დრამატული ისტორიების მოგონებას ანიჭებდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით შექსპირისეულ პიესებს გაუმართლა – უდიდესი დრამატურგის მოღვაწეობის პერიოდში ინგლისელთა უმრავლესობამ წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ შექსპირის გარითმული პიესების სტროფებს ყველა ადვილად იმახსოვრებდა. სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ რითმა მეხსიერების ყველაზე ეფექტიანი სავარჯიშოა. ნებისმიერი ინფორმაცია, გარითმული სახით, საიმედოდ და ხანგრძლივად ინახება თითოეული ადამიანის ტვინში, ამიტომაც მეხსიერების გასაუმჯობესებლად საუკეთესო საშუალებაა, სასურველ ინფორმაციას ლექსის სახე მისცეთ. უმთავრესი კი ინფორმაციის ორ ძირითად ნაწილად გაყოფაა: სიტყვა და დეტალები. თავიდან ეს ცოტა გაართულებს საქმეს, მაგრამ თანდათან ჩვევად გექცევათ.

გაითვალისწინეთ:

  1. ადამიანები უფრო ხშირად სასიამოვნო ისტორიებს თუ მოვლენებს იმახსოვრებენ. ფროიდისტები ამტკიცებენ, რომ არასასიამოვნო მოგონებებს ადამიანები საკუთარ თავში თრგუნავენ, ამიტომ მათ უფრო სწრაფად ივიწყებენ.
  2. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ადამიანის სენსორული მეხსიერება მოსმენილს უფრო ხანგრძლვი დროის განმავლობაში იმახსოვრებს, ვიდრე დანახულს. თუ გინდათ რაიმეს ჩამონათვალი დაიმახსოვროთ, ნუ წაიკითხავთ მას, უმჯობესია, სხვისი წაკითხული მოისმინოთ.
  3. ადამიანის სახეზე ყველაზე მნიშვნელოვანი თვალებია. თუ პირველი შეხვედრისას ადამიანს პირდაპირ თვალებში ჩახედავთ, მას შემდგომში უფრო ადვილად იცნობთ.
  4. და კიდევ ერთი: ადამიანების სახელებს ვივიწყებთ არა იმიტომ, რომ ცუდი მეხსიერება გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ გაცნობისას ნაკლებად ვართ დაინტერესებულნი მათი პიროვნებით.

მოამზადა  ნია ფურცელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close