იტალიის და ევროპის სხვა სათხილამურო კურორტები საჰარის უდაბნოს ქვიშამ დაფარა
აფრიკის კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მსოფლიოში უდიდესი უდაბნო საჰარიდან გავრცელებულმა ქვიშის შტორმმა ევროპაში ალპების მთებში მდებარე სათხილამურო კურორტებამდე მიაღწია, რის შედეგადაც გარემო ნარინჯისფრად შეიღება. იშვიათი სანახაობის ამსახველ ფოტოებს და ვიდეომასალას თვითმხილველები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ.
მეტეოროლოგიური ფენომენის დაფიქსირება შეძლეს შვეიცარიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ვალეს კანტონის პატარა სოფელ ენძირსა და ვალ ფერეტის ხეობაში მყოფმა ადამიანებმა. მათ მიერ გამოქვეყნებულ მასალაში საჰარის უდაბნოს ქვიშით დაფარული ლა ფოულის სახელით ცნობილი სათხილამურო ტრასაა ნაჩვენები, რომელზეც, შექმნილი ვითარების მიუხედავად, მოთხილამურეები მაინც სრიალებენ.
უჩვეულო სანახაობის მომსწრენი გახდნენ საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მონბლანის მთის ძირში განლაგებული კომუნა შამონის მაცხოვრებლები და ვიზიტორები. ნარინჯისფრად იყო შეღებილი ქალაქ ლიონის ცაც.
იშვიათი მოვლენის ნახვა შესაძლებელი იყო, ასევე, იტალიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე სხვადასხვა კურორტზე, მათ შორის, სოფელ სესტრიერეში, რომლის მაცხოვრებლებმაც იქაურობა პლანეტა მარსს შეადარეს. მეტეოროლოგიური ფენომენი დააფიქსირეს ესპანეთისა და საფრანგეთის საზღვარზე პირენეების მთების ქედებზეც.
popx.ge
კომენტარები