მსოფლიო

მადრიდსა და ბარსელონას შორის ბიუჯეტური ჩქაროსნული მატარებელი იმოძრავებს

ესპანეთის ეროვნული სარკინიგზო კომპანია Renfe-ს წარმომადგენელთა განცხადებით, მიმდინარე წლის 23 ივნისიდან ქვეყნის დედაქალაქ მადრიდსა და კატალონიის ავტონომიურ რეგიონში მდებარე ქალაქ ბარსელონას შორის ახალი ბიუჯეტური ჩქაროსნული მატარებელი იმოძრავებს. ერთი ობიექტიდან მეორემდე არსებულ დაახლოებით 600 კილომეტრ მანძილს სატრანსპორტო საშუალება 2 საათსა და 30 წუთში დაფარავს, მგზავრობის საფასური კი მიმდინარე წლის 11 დეკემბრამდე 5 ევრო იქნება.

Avlo-ს სახელით ცნობილი ჩქაროსნული მატარებელი საათში 330 კილომეტრს ავითარებს. მას 438 სამგზავრო ადგილი და ბარგისთვის განკუთვნილი სპეციალური სივრცე აქვს. მგზავრობის დროს შესაძლებელია მობილური მოწყობილობების დამუხტვა და უფასო ინტერნეტით სარგებლობა. ამის გარდა, სატრანსპორტო საშუალებაში ავტომატური სავაჭრო აპარატების განლაგება იგეგმება, სადაც ცივი და ცხელი სასმელები, ასევე, წასახემსებელი პროდუქტები გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ მატარებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოთხოვნილებებზეა გათვლილი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდსა და ბარსელონას შორის ის დღეში ოთხ რეისს შეასრულებს.

Renfe სერვისის ამოქმედებას ჯერ კიდევ გასული წლის აპრილიდან გეგმავდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო პროექტის განხორციელება ერთი წლით გადაიდო. იქიდან გამომდინარე, რომ Avlo-ს ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი კომპანიის დაარსების 80 წლის იუბილეს ემთხვევა, Renfe-მ მომხმარებლებს მიმდინარე წლის 11 დეკემბრამდე შეღავათიან ფასად მგზავრობა შესთავაზა. წინასწარი ინფორმაციით, ამის შემდეგ მომსახურების სანაცვლოდ მათ 10-დან 60 ევრომდე თანხის გადახდა მოუწევთ. მატარებლის ბილეთების გაყიდვა 26 იანვარს დაიწყო და, კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, 24 საათში ის 100 ათასმა ადამიანმა შეიძინა.

ეროვნული სარკინიგზო კომპანიის მიერ შემოთავაზებულ მომსახურებას კონკურენციას ფრანგული სარკინიგზო კომპანიის SNCF ჩქაროსნული მატარებელი გაუწევს, რომელიც მადრიდსა და ბარსელონას შორის მოძრაობას მიმდინარე წლის 10 მაისიდან დაიწყებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველი 10 ათასი ბილეთის გაყიდვას ის სულ რაღაც 1 ევროდ აპირებს, მგზავრობის სტანდარტული საფასური კი 9 ევრო იქნება.

popx.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close