იტალიაში მაფიის წინააღმდეგ ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესი დაიწყო. ბრალდებულია 355 პირი. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ბრალდებულები არიან კალაბრიული მძლავრი მაფიოზური დაჯგუფების – „ნდრანგეტას“ სავარაუდო წევრები, მათ შორის, პოლიტიკოსები, იურისტები და ბიზნესმენები (ერთ-ერთი ბრალდებულია ყოფილი სენატორი ბერლუსკონის Forza Italia-დან). მათი სახელების და გვარების წაკითხვას 3 საათი დასჭირდა. ამ პროცესისთვის სამხრეთის პატარა ქალაქ ლამეცია-ტერმეში (კალაბრიის რეგიონი) მართლმსაჯულების სახლად სპეციალურად გადაკეთდა მიტოვებული ქოლცენტრი, სადაც ათობით ტელეეკრანი დაამონტაჟეს.
როგორც გაზეთი La Repubblica იუწყება, სასამართლო პროცესის დაწყების დღეს, 13 იანვარს ტერიტორიას იცავდნენ როგორც მიწიდან, ისე ჰაერიდან; ავტომაგისტრალებზე მორიგეობდა საგზაო პატრული, ხოლო სასამართლოს შენობის თავზე ვერტმფრენი დაფრინავდა.
პანდემიის გამო საქმის მონაწილეთა უმრავლესობა პროცესს ონლაინ ესწრებოდა, თუმცა პირველი სხდომების შემდეგ ბრალდებულები პროცესს უკვე პირადად დაესწრებიან უსაფრთხოების წესების დაცვით. პროცესზე დაიკითხება 900 მოწმეზე მეტი, ბრალდებულთა ინტერესებს კი 400 ადვოკატი დაიცავს.
გრანდიოზული სასამართლო პროცესი იტალიაში 2016-2019 წლებში ჩატარებული ოპერაციის „სკოტის ხელახლა დაბადება“ (“Rinascita-Scott”) შედეგების საფუძველზე მიმდინარეობს. ოპერაციას ასე ეწოდა 2013 წელს დაღუპული ამერიკელი პოლიციელის საპატივსაცემოდ, რომელიც იტალიელ და ამერიკელ მაფიოზურ კლანებს შორის კავშირებს იძიებდა.
საქმეში მთავარი ბრალდებულია მაფიოზური კლანის სავარაუდო ლიდერი ლუიჯი მანკუზო, მეტსახელად „ბიძია“, რომელმაც ადრე ციხეში უკვე გაატარა 19 წელი.
ზოგიერთი ბრალდებული გერმანიის, შვეიცარიის და ბულგარეთის ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავებულებს 1990-იან წლებში დანაშაულების სერიაში სდებენ ბრალს – მათ შორის, მკვლელობებში, ნარკოტიკებით ვაჭრობაში, გამოძალვაში, ფულის გათეთრებასა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში.
კალაბრია იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონია (თუ ყველაზე ღარიბი არა), თუმცა იქ ჩასახულ და მოქმედ „ნდრანგეტას“ ფული არ აკლია. მართალია, ეს დაჯგუფება ისე სახელგანთქმული არ არის, როგორც სიცილიური „კოზა ნოსტრა“ ან ნეაპოლური „კამორა“, თუმცა შესაძლოა დღეს „ნდრანგეტა“ ყველაზე მძლავრი დანაშაულებრივი ორგანიზაციაა არა მარტო იტალიაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ის არის კოკაინის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი ევროპისთვის ლათინური ამერიკიდან, ჩრდილოეთ აფრიკის გავლით.
ექსპერტების შეფასებით, კალაბრიული მაფია მხოლოდ ნარკოტიკებით ვაჭრობიდან ყოველწლიურად 20-40 მლრდ ევროს იღებს, რაც იტალიის მთლიანი შიდა პროდუქტის 3-4%-ია.
„ეს მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ რომ „ნდრანგენტას“ წინააღმდეგ პროცესმა შეიძლება ნათელი მოჰფინოს იმას, თუ რას წარმოადგენს კალაბრიული მაფია დღეს, – განაცხადა გამოძიების ხელმძღვანელმა, პროკურორმა ნიკოლა გრატერი. – ეს უკვე „მწყემსების მაფია“ კი აღარ არის, რომელიც ადამიანთა გატაცებით იყო დაკავებული, არამედ კრიმინალური ჰოლდინგური კომპანიაა“. გრატერის თქმით, მაფიასთან ბრძოლაში მისმა ძალისხმევამ უკვე მოიტანა ის, რომ ბევრი ადამიანი დათანხმდა დაარღვიოს მაფიოზური „ღირსების კოდექსი“ – ომერტა. „ბოლო წლებში ჩვენ (პოლიციამ – რედ.) დიდი ავტორიტეტი, დიდი ნდობა მოვიპოვეთ, ადამიანებმა დაიწყეს ჩვენთან თანამშრომლობა, მხარს გვიჭერენ, ნდობას გვიცხადებენ“, – უთხრა პროკურორმა „ფრანს პრესს“.
პროკურორ გრატერის იტალიაში „ცოცხალ მიცვალებულს“ უწოდებენ – უსაფრთხოების მიზნით მას უკვე ათი წელია მკაცრად იცავს პოლიცია, თუმცა თავად გრატერის ეს არ აბრკოლებს: „მაფიას ბავშვობიდან ვიცნობ, იმიტომ რომ სკოლაში ავტოსტოპით მივდიოდი ხოლმე და ხშირად ვხედავდი გზებზე მოკლულ ადამიანებს, – თქვა მან. – მაშინ ვფიქრობდი: როცა გავიზრდები, მინდა რამე გავაკეთო, რომ ეს აღარ განმეორდეს“.
ამ მასშტაბის წინა პროცესი მაფიის წინააღმდეგ პალერმოში 1986-1987 წლებში მიმდინარეობდა და სიცილიური „კოზა ნოსტრას“ 338 წევრისთვის მსჯავრის გამოტანით დასრულდა. 1992 წელს მაფიამ შური იძია და მოკლა ორი მოსამართლე – მატეო ფალკონე და პაოლო ბორსელინო, რომლებიც ამ საქმეს იძიებდნენ.
მოსალოდნელია, რომ ამჟამინდელი სასამართლო პროცესი „ნდრანგეტას“ წინააღმდეგ, სულ ცოტა, ერთ წელს გასტანს.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები