მსოფლიოსაზოგადოება

ესპანეთის ცენტრალურ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა -25 გრადუსამდე დაეცა

დიდთოვლობის შემდეგ, რომელიც ესპანეთში გასულ შაბათ-კვირას შტორმმა „ფილომენამ“ მოიტანა, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა -25 გრადუსამდე დაეცა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რეკორდულად დაბალი ტემპერატურა მადრიდის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 197 კმ-ის დაშორებით მდებარე მოლინა დე არაგონსა და ტერუელში დაფიქსირდა, – წუხელ ესპანეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ცივი ღამე იყო.

გამოცემის ინფორმაციით, უამინდობას ქვეყანაში, სულ ცოტა, 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ორი – ბარსელონაში მცხოვრები უსახლკარო; ორი ადამიანი დაიღუპა სიცივისგან მადრიდში, ორი – მალაგაში და ერთი – სარაგოსაში.

ადამიანები ესპანეთისთვის უჩვეულო მეტეოროლოგიური პირობების გამო სიძნელეებს განიცდიან. თოვლის გროვები გაიყინა და ტრანსპორტის მუშაობა შეაფერხა. ესპანეთში, ჩვეულებრივ, რბილი ზამთარია ხოლმე და ასეთი ყინვა და სიცივე არ იცის.

თავად დედაქალაქ მადრიდში ორშაბათს ღამით ტემპერატურა -16 გრადუსამდე დაეცა. საავადმყოფოები, რომლებიც ისედაც გადატვირთულია კოვიდ-პაციენტებით, ახალი სიძნელეების წინაშე აღმოჩნდნენ – უამრავი ადამიანი დაეცა მოყინულ გზებზე და მოტეხილობების გამო მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

გამოცემა El Mundo daily სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მადრიდის რეგიონის საავადმყოფოებს ორშაბათს 1200-მა ადამიანმა მიმართა ყინულზე დაცემის გამო მიღებული მოტეხილობებით და ტრავმებით – ანუ ამ მიზეზით საავადმყოფოებს საშუალოდ საათში 50 ადამიანი მიმართავდა.

ამიტომ ხელისუფლება ხანდაზმულ მოქალაქეებს ურჩევს, გარეთ გამოსვლისგან თავი შეიკავონ.

საქველმოქმედო ორგანიზაცია „გადაარჩინეთ ბავშვები“ იტყობინება, რომ დენის მიწოდების შეწყვეტის გამო 2000 მოწყვლადი ბავშვი და მათი ოჯახები ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ მინუს ტემპერატურაზე დასახლება ლა კანიადა რეალში (მადრიდის რეგიონი).

ელექტროენერგიის გათიშვის შედეგად შეჩერდა ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა ბარსელონა-მადრიდის სარკინიგზო ხაზზე, თუმცა მალევე აღდგა.

ბევრი საგარეუბნო მატარებლის მუშაობა შეფერხდა დიდთოვლობის გამო.

ავიარეისებიც შეჩერდა მადრიდ-ბარახასის აეროპორტში, თუმცა ნელ-ნელა განახლდა დიდი ჩამორჩენით და დაგვიანებით.

გაზეთი El País-ი იტყობინება, რომ ამ დროისთვის 1300 თოვლის საწმენდი მანქანა მუშაობს, მათ 24 საათის განმავლობაში 12 000 კმ გზა უკვე გაწმინდეს გაყინული თოვლისგან.

მანანა ბანძელაძე

ფოტო: getty images

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close