მედიცინამსოფლიო

იაპონიაში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი აღმოაჩინეს

იაპონიაში SARS-CoV-2-ის კიდევ ერთი ახალი შტამი აღმოაჩინეს. იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვირუსის ახალი სახეობა 6 იანვარს დაუდასტურდა ოთხ ადამიანს, რომლებიც ბრაზილიიდან 2 იანვარს დაბრუნდნენ.

იაპონური მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ ინფიცირებულს, 40 წელს გადაცილებულ მამაკაცს სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, 30 წელს გადაცილებულ ქალს კი თავისა და ყელის ტკივილი აღენიშნებოდა. კიდევ ერთ პაციენტს (ბიჭს) სიცხე მისცა, ხოლო მეოთხეს – მოზარდ გოგონას სიმპტომები არ ჰქონია.

იაპონიის ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, ახალ ვარიანტს გარკვეული მსგავსებები აქვს ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილ შტამებთან, თუმცა ამ დროისათვის მის შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობს, ცნობილია მხოლოდ მისი გენეტიკური შემადგენლობა და ძნელია იმის დადგენა, რამდენად კონტაგიოზურია (გადამდები) ის, ან რამდენად ეფექტიანი იქნება მის წინააღმდეგ არსებული ვაქცინები.

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ ვაქცინების ეფექტიანობას ქვეყანაში უკვე იკვლევენ.

დეკემბრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსის ახალი მუტაცია აღმოაჩინეს, რომელიც გაცილებით უფრო კონტაგიოზურია (გადამდები), თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის უფრო აგრესიული ან უფრო სახიფათოა სიკვდილიანობის თვალსაზრისით. ამჟამად ეს შტამი 0-19 ასაკობრივ ჯგუფში დომინანტურია, თუმცა სპეციალისტები შიშობენ, რომ ის ასაკოვან ადამიანებშიც სწრაფად გავრცელდება.

მეორე მუტაცია  – შტამი 501.V2  – პირველად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გამოვლინდა 2020 წლის ოქტომბერში. ECDC-ს (დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ევროპული ცენტრი) მონაცემებით, ამჟამად ეს მუტაცია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დომინანტური ფორმაა. წინასწარი კვლევებით დამტკიცდა, რომ ეს შტამი, ისევე როგორც მისი „ბრიტანელი ბიძაშვილი“, გაცილებით უფრო გადამდებია, თუმცა არ არსებობს მონაცემები, რომ ის უფრო მძიმე დაავადებას იწვევს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close