შქმერულის ნახევარფაბრიკატი იაპონიის 50 ათასამდე მაღაზიაში გაიყიდება
იაპონიაში საქართველოს საელჩოს ცნობით, ქართული კერძით, შქმერულით იაპონიის სწრაფი მომზადების კერძების უდიდესი მწარმოებელი, კომპანია NISSIN-ი დაინტერესდა.
„იაპონიაში ქართული სამზარეულოს პოპულარობა ზრდას განაგრძობს. ამჯერად ქართული კერძი – შქმერულით იაპონიის სწრაფი მომზადების კერძების უდიდესი მწარმოებელი, კომპანია NISSIN-ი დაინტერესდა.
NISSIN-ისა და Matsuya Foods-ის თანამშრომლობით შქმერულის ნახევარფაბრიკატი შეიქმნა, რომელიც მთელი იაპონიის მასშტაბით თითქმის ყველა წამყვან ქსელში (საერთო ჯამში 50 ათასამდე მაღაზია) გაიყიდება“, – წერს საელჩო.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მზადების პროცესში მწარმოებლები აქტიურად თანამშრომლობდნენ იაპონიაში საქართველოს საელჩოსთან და შედეგად გადაწყდა, რომ პროდუქტის შეფუთვაზე მაქსიმალურად იქნება ხაზგასმული შქმერულის ქართული წარმოშობა და გამოსახული იქნება ქართული დროშა. ასევე, Matsuya Foods-ის პოსტერზე კერძის აღწერაში ხაზგასმული იქნება, რომ შქმერულის სამშობლო ცნობილია მდიდარი ბუნებით, ქვევრის ღვინითა და გემრიელი სამზარეულოთი.
კომპანია NISSIN-ის წარმომადგენლებს მოლოდინი აქვთ, რომ ამ პროდუქტის მეშვეობით შქმერული იაპონელთა ყოველდღიურ რაციონში დაიმკვიდრებს ადგილს, რაც უპრეცედენტოდ გაზრდის იაპონიაში საქართველოს ცნობადობას.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის იანვარიდან იაპონური სწრაფი კვების ქსელ „მაცუიას“ ათასამდე ფილიალში ქართული კერძი, შქმერული უკვე იყიდება.
საელჩოს ინფორმაციით, 2020 წლის ივნისში იაპონურმა წამყვანმა გაზეთმა „ნიკკეიმ“ 2020 წლის პირველი ნახევრის პოპულარული პროდუქტების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც შქმერულიც შევიდა. სიტყვა „შქმერული“ კი იაპონური Yahoo-ს ყველაზე ძიებადი სიტყვების ოთხეულში მოხვდა.
იაპონიაში ქართული სამზარეულოს პოპულარობა ზრდას განაგრძობს. ამჯერად ქართული კერძი – შქმერულით იაპონიის სწრაფი მომზადების…
Posted by Embassy of Georgia to Japan on ორშაბათი, 04 იანვარი, 2021