კახური ჩურჩხელა ბრიტანეთში ნაძვის ხეს ამშვენებს
nostal.ge გთავაზობთ საინტერესო ისტორიას, რომელსაც საქართველოს დამსახურებული არტისტი ჯემალ ღაღანიძე იხსენებს.
„ყოველთვის ვცდილობდი, რომ შობა-ახალი წლები ოჯახში გამეტარებინა, მაგრამ ერთხელ სწორედ ამ პერიოდში მოგვიხდა ინგლისში, ქალაქ ლესტერში ფასტივალზე წასვლა. რუსთაველის თეატრიდან თორმეტკაციანი ჯგუფი წავედით, ცხონებულ რამაზ ჩხიკვაძეს მასტერკლასი უნდა ჩაეტარებინა ინგლისში, თან „მეფე ლირიდან“ ნაწყვეტები გვქონდა ჩატანილი. რამაზს ჯოხი დასჭირდა, იატაკის საწმენდის მსგავსი, რომელიც აქედან არ წავიღეთ, ვიფიქრეთ, იქ ექნებათ თეატრშიო, მაგრამ მათ რეკვიზიტებში ასეთი ჯოხი არ აღმოჩნდა. მითხრეს, ქვევით, პირველ სართულზე ჩაბრძანდით, იქ ხუთ წუთში გაგიკეთებენ, რაც გჭირდებათო.
ჩავედი პირველ სართულზე, შევაღე ერთ-ერთი ოთახის კარი და რას ვხედავ? ერთი ოცდაათმეტრიანი „ცეხია“, სადაც ერთნაირ ტანსაცმელში გამოწყობილი თექვსმეტ წლამდე ბავშვები ფუსფუსებენ. ზოგს შალაშინი უჭირავს ხელში, ზოგს რა და ზოგს რა… რაც მთავარია, ყველაფერი უზარმაზარი ნაძვის ხის ქვეშ ხდება – მოსართავად ამზადებენ…
როცა ავუხსენი, რაც მინდოდა, მითხრეს, ახლა დაკავებულები ვართ, საათ-ნახევარში ჩამობრძანდით და ჯოხს გამზადებულს დაგახვედრებთო. დავბრუნდი ნომერში და გამახსენდა, რომ თან ჩურჩხელები მქონდა წაღებული. ავიღე ერთი ხუთი ჩურჩხელა და საათ-ნახევრის შემდეგ ჩავედი ისევ პირველ სართულზე. საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა იმის ახსნას, თუ რა საჭმელი იყო ეს, რატომ ჰქონდა ძაფი და ასე შემდეგ… თან ჩურჩხელებს პატარა ნაჭრებად ვჭრი. ის იყო, მეხუთე ჩურჩხელა უნდა დამეჭრა, რომ ამ მზადების ორგანიზატორი მოვიდა და, თუ შეიძლება, არ დაჭრათო, – მთხოვა. რატომ, რაშია-მეთქი საქმე? – ვკითხე. ტრადიცია გვაქვს, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრების სუვენირებს ნაძვის ხეზე ვკიდებთო, – ამიხსნა.
იქ ასეთი ტექნოლოგია აქვთ: ნებისმიერ ნივთს უფერო ლაქში აგდებენ, ეს ნივთი არც ფერს კარგავს და არც ფორმას, სამაგიეროდ, გარედან შუშასავით გადაეკვრება ლაქის ფენა, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ძლებს. ასე რომ, ეს ჩემი კახური ჩურჩხელა მეორედ გაავლეს, თუმცა ამჯერად უფერო ლაქში, ზედ „ჯორჯია, 1982 წელი“ დააწერეს და საშობაო ნაძვის ხეზე ჩამოკიდეს – როცა ჩამოხვალთ, ეს სუვენირი ყოველთვის აქ დაგხვდებათო. ალბათ ახლაც იქ კიდია…
კიდევ, იცით, რა დამამახსოვრდა განსაკუთრებით? საშობაოდ მათ ასეთი ტრადიცია აქვთ: წყვილები ერთად სეირნობენ ქუჩაში, ჭრელ-ჭრელი ყელსახვევები აქვთ, რომელსაც იხსნიან, გვერდიგვერდ დგებიან, ფეხებს კოჭებთან ამ ყელსახვევით იკრავენ და საზეიმო დღეებში ქუჩაში ასე დადიან. სასაცილო საყურებელია ეს ყველაფერი, მაგრამ დიდი დატვირთვა აქვს – სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოა…
ღმერთმა ქნას, ეს წელი მშვიდობის, ჯანმრთელობის და საქართველოს გაერთიანების და აყვავების წელი ყოფილიყოს!.. მაშინ არც ჩვენს თანამემამულეებს მოუწევთ სხვა ქვეყნებში წასვლა და არსებობის საშუალების იქ ძიება… სჯობს, მხოლოდ სუვენირები დავტოვოთ სხვა ქვეყნებში. და კიდევ: გვიყვარდეს ერთმანეთი!“
თამარ ოთიაშვილი
კომენტარები