ალისა ფრეინდლიხი რეანიმაციაშია კოვიდ-19-ის დიაგნოზით
ცნობილი რუსი თეატრის და კინოს მსახიობი ალისა ფრეინდლიხი სანკტ-პეტერბურგის სოკოლოვის სახელობის სამეცნიერო-კლინიკურ ცენტრში მოათავსეს კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებების გამო. ამის შესახებ 28 დეკემბერს „ინტერფაქსმა“ გაავრცელა ინფორმაცია ქალაქის კულტურის კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მას ფილტვების 80 პროცენტი აქვს დაზიანებული, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება“, – განუცხადა სააგენტოს კულტურის კომიტეტის წარმომადგენელმა.
გიორგი ტოვსტონოგოვის სახელობის დიდ დრამატულ თეატრში (БДТ) დააზუსტეს, რომ 86 წლის ალისა ფრეინდლიხი რეანიმაციაშია და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. მათი ინფორმაციით, მსახიობი საავადმყოფოში 25 დეკემბერს მოხვდა.
„ინტერფაქსი“ დიდ დრამატულ თეატრში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ალისა ფრეინდლიხი საავამდყოფოში ქალიშვილთან, ვარვარასთან ერთად მოათავსეს და ისინი იქ რამდენიმე დღეა იმყოფებიან.
სანკტ-პეტერბურგის მეხუთე არხის ცნობით, ალისა ფრეინდლიხი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა ჩართული.
БДТ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მსახიობის ავდმყოფობის გამო 28 დეკემბერს აღარ გაიმართება სპექტაკლი „მღელვარება“, რომელშიც ფრეინდლიხი მონაწილეობს.
პორტალ Life-ის ცნობით, კორონავირუსით ინფიცირება ალისა ფრეინდლიხს 18 დეკემბერს დაუდასტურდა, ამის შემდეგ ერთი კვირა იგი სახლში იყო თვითიზოლაციაში, ხოლო საავადმყოფოში უკვე ფილტვების 36-პროცენტინი დაზიანებით მოხვდა. შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდა, ამჟამად კი მსახიობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ალისა ფრეინდლიხი 1934 წლის 8 დეკემბერს დაიბადა ლენინგრადში. 1983 წლიდან ის БДТ-ს ერთ-ერთი წამყვანი მსახიობია, ხოლო ფილმები მისი მონაწილეობით რუსული საბჭოთა კინემატოგრაფის ოქროს ფონდშია შესული. იგი განსაკუთრებით ცნობილია ფილმებით: „სამსახურებრივი რომანი“, „ჩალის ქუდი“, „დ’არტანიანი და სამი მუშკეტერი“, „სტალკერი“, „სასტიკი რომანსი“, ქართველებისთვის კი განსაკუთრებით ნაცნობი და საყვარელია მის მიერ განსახიერებული ბალეტის მასწავლებელი „ვერის უბნის მელოდიებში“.
ნინო ხოშტარია
კომენტარები