კინო/ფილმები

რამდენად რეალურია ელისაბედ მეორის ბიძაშვილების ისტორია, რომელიც სერიალ „გვირგვინშია“ გადმოცემული?

რა ხდება სერიალში და რა მოხდა რეალურად?

Netflix-ის სერიალი „გვირგვინი“ თავის პერსონაჟებს ზედმეტი სიმპათიის გარეშე უდგება. თუმცა მე-4 სეზონისთვის დაძაბულობამ ისეთ პიკს მიაღწია, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის კომენტატორები და ექსპერტები თითქმის რიგში დგანან, რათა „ანტიმონარქისტული აგიტაციისა“ და „შემოქმედებითი ინტერპრეტაციის ბოროტად გამოყენების“ შემთხვევები გაანეიტრალონ. 

საქმე ისაა, რომ სერიალის პირველი სეზონები შეიძლება შეფასდეს, როგორც ისტორიული დრამა და არ ვიფიქროთ იმაზე, თუ რამდენად ზუსტად არის ასახული მოვლენები, რომელთა მონაწილეების უმეტესობა დიდი ხნის წინათ გარდაიცვალა. მეოთხე სეზონში კი აღწერილია შედარებით ახლო წარსული ბევრი რეალური მოწმით, რომელთაც შეუძლიათ საკუთარი გამოცდილება ეკრანიზებულ ვერსიას შეადარონ. საქმე ის არის, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს შედარება მათ სასარგებლოდ არაფერს იძლევა. მაგალითად, ნამდვილი მაიკლ ფეიგანი, რომელიც მე-5 სერიაში შუაღამე დედოფლის საძინებელში შეიჭრება, რათა უბრალო ხალხისადმი მარგარეტ ტეტჩერის პოლიტიკა გაასაჩივროს, Daily Mail-თან აცხადებს, რომ „გვირგვინის“ შემქმნელებმა ამ ეპიზოდისთვის თითქმის ყველაფერი გამოიგონეს, რათა დედოფალი გააღიზიანონ, თუმცა მთავარი გმირების პროტოტიპების მოსაზრების გაგება, დიდი ალბათობით, ვერ მოხერხდება. ბუკინგემის სასახლე, ტრადიციულად, უარს ამბობს, სერიალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთოს. მთავარი სამეფო რეზიდენციიდან მხოლოდ ჭორები გამოდის, რომ „გვირგვინი“ ბუკინგემის სასახლის კინოთეატრის შავ სიაშია შეყვანილი.

რა ხდება სერიალში და რა მოხდა რეალურად?

მაშინ, როდესაც ირგვლივ ომები იწყება და მთავრდება, იმპერიები იშლება (მათ შორის, საკუთარიც). „გვირგვინის“ სამეფო პერსონაჟები მათ წრეში მოხვედრილ ახალბედებს რევერანსების თანმიმდევრობის დაზეპირებას აიძულებენ, დანარჩენი მსოფლიო კი ამ დროს როკენროლს ცეკვავს. აქ ყველა უკმაყოფილოა: მთავარი გმირი თავზე დადგმული გვირგვინის აუტანელი სიმძიმის გამო, ყველა დანარჩენი კი იმიტომ, რომ მათ დაბადებიდანვე მეორეხარისხოვანი როლი ერგოთ. ყველა ადამიანური გრძნობა კი ვალდებულებას ექვემდებარება. სწორედ ამ სიტყვას სერიალის გმირები თითოეულ ეპიზოდში  დაჟინებით იმეორებენ. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ვალდებულება ტრადიციებისადმი, რომელიც XX საუკუნეში მონარქიის ინსტიტუტის ფუნქციონირებას უმცირესი ბიუროკრატიული დეტალების დონეზე არეგულირებს.

ვალდებულება ხშირად ეწინააღმდეგება ქვეყნისა და იმპერიის პოლიტიკურ რეალობას, რომელსაც ძირითადად ნომინალურად, მაგრამ მაინც უინძორების დინასტია მართავს. კონფლიქტი ყველაზე ხშირად კულისებში, პრემიერ-მინისტრის რეგულარული აუდიენციების დროს სამეფო მისაღებში გვარდება, მაგრამ მე-4 სეზონში ეს ყველაფერი გაზეთების გვერდებზე და სატელევიზიო ახალ ამბებში ჩნდება. ვალდებულება მთელი ცხოვრების განმავლობაში პრინცესა მარგარეტის ამბიციებს ახრჩობს. ის აუტანელია ტახტის მემკვიდრისთვის. შეუძლებელია, შეუმჩნეველი დარჩეს პრინც ჩარლზის გამომეტყველება, როდესაც ოჯახის შეხვედრაზე მას კიდევ ერთხელ უცხადებენ, რომ საყვარელი გართობის ნაცვლად, მორიგი მოსაწყენი პროტოკოლური დავალება უნდა შეასრულოს, რადგან ასეთია ტრადიცია.

ყველაზე მახინჯი და არაადამიანური ფორმით ვალდებულება მეშვიდე სერიაში ჩნდება. ისტორია, რომელიც ეპიზოდში „მემკვიდრეობის პრინციპი“ ვითარდება, სხვა სცენებისგან განსხვავებით ნამდვილად მოხდა, თუმცა სერიალის შემქმნელებმა აქაც არაერთი შემოქმედებითი ვარაუდი დაუშვეს.

დედა-დედოფლის (ელისაბედ მეორის დედა) ძმისშვილები ნერისა და კეტრინ ბოუზ-ლაიონები 1941 წელს ნამდვილად მოათავსეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც ისინი სიცოცხლის ბოლომდე იმყოფებოდნენ. ნერისა 1986 წელს 66 წლის ასაკში გარდაიცვალა, კეტრინი კი 2014 წლამდე ცოცხალი იყო. ის 87 წლის გარდაიცვალა. ორივე მათგანმა განვითარება დაახლოებით სამი წლის ასაკში შეწყვიტა და სიცოცხლის ბოლომდე ლაპარაკი არ უსწავლიათ. ისინი გენეალოგიურ ცნობარში – Burkeʼs Peerage ნამდვილად გარდაცვლილებად იყვნენ მოხსენიებულნი. გარდა ამისა, ერლსვუდის იმავე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ბოუზ-ლაიონების ოჯახის კიდევ სამი წევრი იმყოფებოდა. ესენი იყვნენ ნერისასა და კეტრინის დედის დისშვილები – დები იდომეა, როზმარი და ეფელდრედა. სერიალში ისინიც არიან მოხსენიებული.

თუმცა მათი არსებობის შესახებ პრინცესა მარგარეტს არ გაუგია. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ის თავისი იდუმალი ბიძაშვილების მიმართ საერთოდ რაიმე ინტერესს გამოხატავდა. ნერისასა და კეტრინ ბოუზ-ლაიონების არსებობისა და გენეალოგიური ცნობარის გაყალბების შესახებ პირველად ტაბლოიდური გამოცემა The Sun-ის ჟურნალისტებმა 1987 წელს შეიტყვეს. ნერისა იმ დროისთვის ნამდვილად გარდაცვლილი იყო, მაგრამ არა 1940 წელს, როგორც ამას Burkeʼs Peerage-ში აღნიშნავდნენ, არამედ 46 წლის შემდეგ. ის პლასტიკური სერიული ნომრით უსახელო სასაფლაოზე იყო დაკრძალული და საფლავის ქვა მხოლოდ ზემოხსენებული სკანდალის შემდეგ დაუდგეს.

ბუკინგემის სასახლემ მაშინ, ისევე როგორც ახლა, დების ბედზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ეს ბოუზ-ლაიონების ოჯახის საქმეა. ნერისასა და კეტრინის დედა, ფენელა ბოუზი-ლაიონი იმ დროისთვის დიდი ხნის გარდაცვლილი იყო, ამიტომ კომენტარის გაკეთება მის შთამომავლებს მოუწიათ. მისმა შვილთაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დების გარდაცვალების თარიღების ცდომილება შეიძლება მისი დიდი ბებიის გონებაგაფანტულობით ყოფილიყო გამოწვეული. ამის დაჯერება ძნელი იყო, რადგან ამ ჩანაწერებში სიკვდილის ზუსტი და არა სავარაუდო თარიღები იყო მითითებული. გენეალოგიური ცნობარის რედაქტორი კი თავს იმით იმართლებდა, რომ გამოაქვეყნა ის ინფორმაცია, რომელიც მას ნათესავებმა გადასცეს. „ბოლოს და ბოლოს, სამეფო ოჯახის წევრებისადმი უნდობლობა ხომ „არანორმალურია“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

უსიამოვნო ოჯახური ისტორიის შესახებ დუმილს დედა-დედოფალი სერიალში თავის ქალიშვილს ასე უხსნის: ედუარდ VIII-ის გადადგომის შემდეგ სამეფო ტიტული ყველასთვის მოულოდნელად გადაეცა მის უმცროს ძმას, მომავალი დედოფლის, ელისაბედის მამას, ჯორჯ VI-ს (სწორედ ის იყო ენაბლუ, თუ გახსოვთ ფილმი „მეფის სიტყვა“, რომელშიც მთავარ როლს კოლინ ფერტი ასრულებს). ასევე მოულოდნელად, ბოუზ-ლაიონების არც თუ ისე პატივსაცემი შოტლანდიელი კლანი, რომელსაც ჯორჯ VI-ის მეუღლე ელისაბედი მიეკუთვნებოდა, უშუალოდ სამეფო ოჯახთან დანათესავებული აღმოჩნდა. ამიტომაც ნერისასა და კეტრინის ნათესავებს სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ გოგოები თავიდან სამუდამოდ მოეშორებინათ და მათი არსებობის კვალიც კი წაეშალათ. ბოლოს და ბოლოს, თუ ამ ოჯახის ერთ-ერთი შტოს მთლიან თაობას ფსიქიკური აშლილობა აქვს, როგორ იმოქმედებს ეს საზოგადოების თვალში ტახტის მემკვიდრის ლეგიტიმურობაზე („რას იტყვის ხალხი?“ – კითხულობს დედა-დედოფალი)?

თუმცა ნერისა და კეტრინ ბოუზ-ლაიონები საავადმყოფოში მხოლოდ 1941 წელს მოათავსეს – ხუთი წლის შემდეგ, რაც მათი ბიძა ჯორჯ VI ბრიტანეთის სამეფო ტახტზე ავიდა. ამ ამბავს გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრეობის ლეგიტიმურობასთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ ამის გამო ნაკლებ ტრაგიკული სულაც არ არის. სხვა გენეალოგიური ცნობარის – Debrettʼs-ის (რომელშიც დების სახელი 1950-იანი წლებშიც კი არ მოიხსენიებოდა) რედაქტორმა 1987 წელს ბრიტანული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გოგოებზე უარი დედამ თანდაყოლილი ფსიქიკური აშლილობის გამო თქვა. მსახიობმა ჰელენა ბონემ-კარტერმა კი, რომელიც პრინცესა მარგარეტის როლს ასრულებს, ჟურნალ Radio Times-თან ბოლოდროინდელ ინტერვიუში სამეფო ოჯახის ზნეობრივი ხასიათის შესახებ ნაჩქარევი დასკვნებისგან თავის შეკავებაზე ისაუბრა: ბოლოს და ბოლოს, ფსიქიკურად დაავადებულ ნათესავებს მხოლოდ ისინი ხომ არ კეტავდნენ საავადმყოფოებში. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო იმ წლებში, როდესაც მენტალური პრობლემები, ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ღრმა სოციალურ სტიგმასთან იყო დაკავშირებული.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close