მსოფლიოსაზოგადოება

უნიკალური მოვლენა – 21 დეკემბერს ახალი „ბეთლემის ვარსკვლავი“ გამოჩნდება?

სატურნისა და იუპიტერის „შეერთებამ“ ასტრონომებსა და თეოლოგებს შორის დავა გამოიწვია

დღეს, 21 დეკემბერს, რამდენიმე საათში, იშვიათი ასტრონომიული მოვლენის მომსწრენი გავხდებით: ორი გიგანტური პლანეტა, სატურნი და იუპიტერი, ცაზე ერთმენთს ისე მიუახლოვდება, რომ დედამიწის მცხოვრებთა მხედველობის არეში ერთ კაშკაშა ვარსკვლავად გამოჩნდება. 

თავისთავად, ძალიან იშვიათი მოვლენა 2020 წელს განსაკუთრებული იქნება 2 მიზეზის გამო:

პირველი: ეს ორი პლანეტა უკანასკნელად ერთმანეთთან ასე ახლოს დაახლოებით 800 წლის წინათ იყო;

მეორე: იმ ფაქტმა, რომ მათი „შეერთება“ 21 დეკემბერს მოხდება, ზამთრის მზებუდობის დღეს (როდესაც ღამე ყველაზე გრძელია და, შესაბამისად, დღე – ყველაზე მოკლე), სწორედ შობის წინ – დაბადა დისკუსია იმის შესახებ, რომ შესაძლებელია სწორედ სატურნისა და იუპიტერის „შეერთებაა“ აღწერილი ახალ აღთქმაში, როგორც ბეთლემის ვარსკვლავი, რომელიც 2000 წლის წინათ იესო ქრისტეს დაბადების მაუწყებელად ამობრწყინდა.

სად და როგორ დავინახოთ სატურნ-იუპიტერის „შერწყმა“

სატურნისა და იუპიტერის დაახლოება უკვე დაწყებულია და ამ 2 ციური სხეულის დაკვირვება დედამიწის მცხოვრებლებს ყოველ უღრუბლო საღამოს შეუძლიათ.

მათი ვიზუალური „შეერთება“ კი სწორედ დღეს საღამოს, ყველაზე გრძელ ღამეს მოხდება და თუ ცა მოწმენდილი იქნება, ამ მოვლენის დანახვა შესაძლებელია ჰორიზონტის ხაზთან ახლოს, ცის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

ასტრონომების თქმით, იშვიათ ასტრონომიულ მოვლენას შეგვიძლია არა მარტო ტელესკოპებით და ჩვეულებრივი ბინოკლებით დავაკვირდეთ, არამედ შეუიარაღებელი თვალითაც, უმჯობესია, მაღალი ადგილიდან.

პლანეტების „შეერთება“ 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ბრიტანეთში ორი გიგანტური ციური სხეულის დაახლოების დანახვა შესაძლებელია ორშაბათს (21 დეკემბერი), გრინვიჩის დროით 16:30 სთ-ზე (საქართველოში – 20:30 საათზე, თბილისის დროით), ხოლო ვიზუალური „შერწყმა“ 22:37 სთ-ზე მოხდება (თბილისის დროით).

მოყვარულ ასტრონომ-ფიზიკოსებს პროფესორი ტატიანა პოდლადჩიკოვა (სააგენტო ТАСС-თან ინტერვიუში) ურჩევს, ჯერ იპოვონ თხის რქის თანავარსკვლავედი და მის გვერდით 2 ვარსკვლავი, Beta Capricorni და Alpha Capricorni. სატურნი და იუპიტერი განლაგებულია მათგან ცოტა ქვემოთ და მარჯვნივ და უფრო კაშკაშა იქნება, ვიდრე ეს ვარსკვლავები.

შეგიძლიათ გამოიყენოთ რომელიმე ასტრონომიული აპლიკაცია სმარტფონებისთვის, მაგალითად, როგორიცაა Star Walk, რომელიც ვარსკვლავებიან ცაზე ორიენტირებაში დაგეხმარებათ.

ექსეტერის უნივერსიტეტის თეორიული ასტროფიზიკის პროფესორმა მეთიუ ბეითმა კი უკვე დააყენა თავისი ტელესკოპი ფიზიკის ფაკულტეტის შენობის სახურავზე და შაბათიდან დაიწყო პირდაპირი ტრანსლაცია  YouTube-ზე.

როგორც პროფესორი აღნიშნავს, დღევანდელი ასტრონომიული მოვლენა უნიკალურია იმიტომაც, რომ აქამდე არავის უდევნებია თვალი ტელესკოპით ამ ორი გიგანტური პლანეტის ასე მჭიდრო „ურთიერთობისთვის“.

„აღსანიშნავია, რომ გალილეი პირველად 1610 წელს აკვირდებოდა იუპიტერს და სატურნს, 13 წლით ადრე, სანამ მათი ნამდვილი დაახლოება მოხდებოდა, თუმცა არ არსებობს არავითარი ცნობა, რომ ვინმე აკვირდებოდა ტელესკოპით მათ „შეერთებას“ 1623 წელს“, – ამბობს პროფესორი ბეითი.

* * *

ძველად ფიქრობდნენ, რომ ასეთი ასტრონომიული მოვლენები ადამიანთა ბედზე ახდენდა ზეგავლენას. მათ ექსტრაორდინარული მოვლენების (ხშირად – დამანგრეველის) მომასწავებლად მიიჩნევდნენ.

ამის დასტურად შეგვიძლია გავიხსენოთ „იულიუსის ვარსკვლავი“ ან „კეისრის პლანეტა“ – გრძელკუდიანი კომეტა, რომელიც იულიუს კეისრის მკვლელობიდან (44 წ. ჩვენს ერამდე) რამდენიმე თვის შემდეგ გამოჩნდა ცაზე.

ძველი რომაელი ისტორიკოსის, პლინიუს უფროსის ცნობით, კომეტა იმდენად კაშკაშა იყო, რომ დღისითაც ჩანდა, ხოლო ბევრმა რომაელმა ჩათვალა, რომ მისი გამოჩენა კეისრის ღვათაებრიობის დადასტურებას ნიშნავდა.

პირველად გერმანელმა მეცნიერმა იოჰან კეპლერმა ХVII საუკუნეში გამოთქვა აზრი იმის  შესახებ, რომ მათეს სახარებაში მოხსენიებული ბეთლემის ვარსკვლავი, რომელმაც მოგვებს იესო ქრისტეს დაბადების ადგილამდე უჩვენა გზა, შესაძლოა სწორედ სატურნის და იუპიტერის „შეერთება“ იყო (იოჰან კეპლერი არის ავტორი წიგნებისა „სამყაროს შექმნის საიდუმლო“ და „სამყაროს ჰარმონია“).

იგი ამ მოვლენას თვალს ადევნებდა 1603 წელს და გამოთვალა, რომ წინა მსგავსი მოვლენა ჩვენს ერამდე 7 წელს უნდა მომხდარიყო.

მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბეთლემის ვარსკვლავი შესაძლოა ყოფილიყო კომეტა გალეა, რომელიც პერიოდულად ბრუნდება და, ასტრონომების გამოთვლით, დედამიწის თავზე გადაიფრინა 5-10 წლით ადრე ქრისტეს დაბადების „ოფიციალურ“ თარიღამდე.

ნაწილობრივ ამ ვერსიაზე მიუთითებს იტალიელი ფერმწერის, ჯოტოს ფრესკები (1303-1305 წწ.) პადუის სკროვენიის კაპელაში (კაპელა დელ არენა), რომლებზეც შობის ვარსკვლავი კომეტის სახითაა გამოხატული. ცნობილია, რომ კომეტა გალეამ დედამიწის თავზე 1301 წელსაც გადაიფრინა.
ჯოტო, „მოგვთა თაყვანისცემა“

თეოლოგების ნაწილი კი მიიჩნევს, საეჭვოა ბიბლიაში მოთხრობილი ამბავი – ცაზე უჩვეულოდ კაშკაშა ვარსკვლავის გამოჩენა ასტრონომიულ მოვლენას უკავშირდებოდეს და მისი განმარტება უფრო საღვთისმეტყველო აზრით უნდა მოხდეს.

მათეს სახარებაში აღწერილი ვარსკვლავი ვერ იქნებოდა ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენა, – ამბობს ადრექრისტიანული ლიტერატურის მკვლევარი, პროფესორი ერიკ ვან დენ ეიკელი.

„მათე წერს, რომ მოგვები იერუსალიმში „აღმოსავლეთიდან“ ჩავიდნენ. ამის შემდეგ ვარსკვლავს ისინი ბეთლემში მიყავს, იერუსალიმიდან სამხრეთით. გამოდის, რომ ვარსკვლავმა მკვეთრად „მოუხვია მარცხნივ“. ასტრონომები დამეთანხმებიან, რომ ვარსკვლავები „მკვეთრ გადახვევებს“ არ აკეთებენ“, – წერს მკვლევარი თავის სტატიაში.

უფრო მეტიც, როდესაც მოგვები ბეთლემში ჩადიან, ვარსკვლავი ცაზე საკმაოდ დაბლაა, რათა ისინი კონკრეტულ სახლთან მიიყვანოს. „ვარსკვლავი, როგორც ნათქვამია, მათ წინ მიუძღვოდა და ერთ კონკრეტულ ადგილას დაეკიდა, ის მოქმედებდა, როგორც ძველი GPS-მოწყობილობა, – ამბობს დოქტორი აარონ ადერი ოჰაიოს შტატის ფიზიკის ფაკულტეტიდან. – ვარსკვლავის გადაადგილების ასეთი აღწერა ნებისმიერი ხილული ასტრონომიული ობიექტის ფიზიკურ შესაძლებლობებს სცილდება“.

ასტრონომიული მოდელი გვიჩვენებს, რომ სატურნისა და იუპიტერის „შეერთებას“ ჩვენს ერამდე 6 წელს არანაირად არ შეიძლება „პრეტენზია ჰქონდეს“ ბეთლემის ვარსკვლავობაზე.

და მაინც, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტრონომიის ინსტიტუტის პროფესორი კაროლინ კროუფორდი არ გამორიცხავს ასეთ შესაძლებლობას: „2 ათასი წლის წინათ  ადამიანები გაცილებით უკეთ იყვნენ გათვითცნობიერებულნი, რა ხდება ცაზე, ამიტომ არაფერია შეუძლებელი იმაში, რომ ბეთლემის ვარკვლავის ქვეშ მოვიაზროთ პლანეტარული შეერთება, იმის მსგავსი, რომელსაც მალე [რამდენიმე საათში] დავინახავთ“.

bbc.com/russian-ის მიხედვით

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close