პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლე 28 დეკემბერს ტელეკამერების წინ აიცრებიან

28 დეკემბერს კირიაკოს მიცოტაკისი და მისი მეუღლე – მარევა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებენ. მათი ვაქცინაცია კამერების წინ ჩატარდება ათენის საავადმყოფო „ევანგელიზმოსში“. ამის შესახებ ტელეარხი Star-ი იუწყება.

ამ ნაბიჯით პრემიერ-მინისტრს სურს საბერძნეთის მოსახლეობას გაუგზავნოს შეტყობინება, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და ყველას, ვისაც სურს მომაკვდინებელი ვირუსისგან დაიცვას თავი, შეუძლია აცრა გაიკეთოს.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, პრემიერ-მინისტრამდე კორონავირუსზე აიცრება „ევანგელიზმოსის“ საავადმყოფოს მედპერსონალის სამსახურის უფროსი დიმიტრისუ პისტოლასუ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული Pfizer-ის და გერმანული BioNTech-ის ერთობლივი წარმოების ვაქცინა „ფაიზერის“ პირველი პარტია საბერძნეთში 26 დეკემბერს ჩავა. მიცოტაკისის თქმით, 27 დეკემბრიდან ათენის 5 საავადმყოფოში უკვე დაიწყება ვაქცინაცია, რის შემდეგაც ძალიან მალე გაიხსნება ვაქცინაციის პუნქტები თესალონიკშიც.

„ბოლო ინფორმაციის თანახმად, რომელიც წამლის ევროპული სააგენტოსგან გვაქვს, მოსალოდნელია პირველი ვაქცინის დამტკიცება. კომპანია Pfizer-ის დასტური 22 დეკემბერს იქნება. ამის შემდეგ მალევე დაიწყება ვაქცინის გავრცელება ევროპაში“, – განაცხადა მიცოტაკისმა სამოქალაქო დაცვის გენერალური სამდივნოს შეხვედრაზე.

მისივე თქმით, ვაქცინაციის ეროვნული კომიტეტის რეკომენდაციების შესაბამისად, მკაცრად განისაზღვრება პრიორიტეტულობა იმასთან დაკავშირებით, ვინ აიცრება პირველ რიგში. „პირველები იქნებიან ჩვენი გმირები – ჯანდაცვის ნაციონალური სისტემის თანამშრომლები და ხანდაზმული მოქალაქეები, მოხუცთა სახლების ბინადრები“.

პრემიერმა დასძინა, რომ მალევე აიცრებიან მოქალაქეები 65 წელს ზემოთ (თავად მიცოტაკისი  52 წლისაა). „ჩვენი შეფასებით, ამ ასაკობრივ ჯგუფში შედის, საერთო ჯმში, დაახლოებით 2,4 მლნ ჩვენი თანამემამულე“, – აღნიშნა მიცოტაკისმა.

მთავრობის წარმომადგენლის მოადგილის, არისტოტელე პელონის შეფასებით, ვაქცინაცია მასობრივ ფაზაში საბერძნეთში თებერვლიდან გადავა. მან იმედი გამოთქვა, რომ ზაფხულის დასაწყისისთვის მოქალაქეთა 60-70% აცრილი იქნება. ამის შესახებ პელონიმ რადიოსადგურ SKAI 100.3-ის ეთერში განაცხადა.

ცოტა მოგვიანებით პრემიერ-მინისტრის მოადგილე აკის სკერცოსმა თავის გამოსვლებში, იმავე რადიოს ეთერში, განმარტა, რომ ვაქცინაცია თავიდანვე მოიცავს რეგიონებსაც და არა მარტო ათენსა და თესალონიკს.

ვაქცინაციის პირველი ეტაპი 15 იანვრისთვის დასრულდება, მარტისთვის კი უკვე ბევრი მოქალაქე იქნება აცრილი. სკერცისის თქმით, პროცედურის ყველა დეტალი მომავალ ორშაბათს გამოცხადდება.

ცნობისათვის: საბერძნეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (მთლიანობაში დადასტურებულია 130 485 შემთხვევა), გარდაიცვალა 58 პაციენტი (სულ – 4102); ამ დროისთვის კრიტიკულად მძიმეა 534 პაციენტის მდგომარეობა, რომლებსაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მკურნალობენ.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close