სპორტი

WASHINGTON POST-მა ქართველ მოჭადრაკე ქალებს სტატია მიუძღვნა

Netflix-ზე მინისერიალ „ლაზიერის გამბიტის“ გამოსვლის შემდეგ ჭადრაკი მეინსტრიმში დაბრუნდა. ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ საძიებო სისტემა გუგლში უძველესი სამაგიდო თამაშის წესების მოძიებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

შოუს მთავარი გმირი გამოგონილი ქალი, გენიოსი მოთამაშე ბეთ ჰარმონია. გამოცემა Washington Post-მა რეალური ჰარმონის ძიებაში ქართველი მოჭადრაკე ქალების წარმატების შესახებ შეიტყო და მათ ისტორიას სტატია მიუძღვნა.

საბჭოთა ჭადრაკის წამყვანი ფიგურები ქართველი ქალი მოჭადრაკეები იყვნენ. ახალი თაობა „დედოფლის ლაზიერის“ დიდებისკენ მიისწრაფვის.

საქართველოში, თბილისში მცხოვრები 17 წლის კატო ფიფიას ოთახში არიანა გრანდესა და სამეფო კარის თამაშების პოსტერების გასწვრივ ბობი ფიშერის სურათი კიდია.

ფიფია ოქტომბერში ონლაინ ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, რომელშიც 37 ქვეყნის მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა. მისი მიზანი ჭადრაკის საერთაშორისო დიდოსტატის ტიტულია.

ათწლეულების განმავლობაში პატარა საქართველო ჭადრაკის გლობალურ სცენას ვირტუოზი მოთამაშეებით ამარაგებს. ქართველ ქალებს გზა ნონა გაფრინდაშვილმა გაუხსნა, ეროვნულმა გმირმა, რომელსაც ცივი ომის პერიოდში მოასპარეზე ბეთ ჰარმონთან ბევრი რამ აქვს საერთო.

გაფრინდაშვილმა ისტორია გადაწერა, როდესაც 1978 წელს პირველი ქალი გახდა, რომელმაც დიდოსტატის ტიტული მოიპოვა. ის 79 წლის არის და ტურნირებში დღემდე ასპარეზობს. უკანასკნელი ჯილდო 2019 წელს, რუმინეთში, 65 და მეტი ასაკის ქალების ტურნირზე გამარჯვებით მოიპოვა. ნონა გაფრინდაშვილი გოგოებისთვისა და ახალგაზრდა ქალებისთვის ინსპირაცია გახდა.

„ჩვენთვის ნონა გაფრინდაშვილი ლეგენდარული ადამიანია“, – ამბობს კატო ფიფია.

დიდოსტატის ტიტულის მოპოვების შემდეგ გაფრინდაშვილი საბჭოთა კავშირის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. მოსკოვიდან საქართველოში მატარებლით დაბრუნებისას მოჭადრაკეს ყოველ გაჩერებაზე ხალხი ხვდებოდა, რომელიც ხელის ჩამორთმევას ან უბრალოდ საკუთარი თვალით ჭადრაკის ჩემპიონის ხილვას ცდილობდა.

„მამაჩემმა ერთხელ ბრბოში ფეხსაცმელიც კი დაკარგა“, – იხსენებს გაფრინდაშვილი, რომელიც თბილისში, საბჭოთა ხელისუფლების მიერ საჩუქრად გადაცემულ სახლში ცხოვრობს.

გაფრინდაშვილის წარმატებას ქალი მოთამაშეების ტალღა მოჰყვა. 20 წლის ნანა ალექსანდრიას უკვე საბჭოთა კავშირის ქალთა სამი ჩემპიონატი ჰქონდა მოგებული, მოგვიანებით კი ქალი დიდოსტატის სტატუსი მიიღო.

მაია ჩიბურდანიძემ საკუთარი კერპი, ნონა გაფრინდაშვილი 1978 წელს დაამარცხა და 13 წლის განმავლობაში ჩემპიონის წოდებას ინარჩუნებდა. ჩიბურდანიძე რიგით მეორე ქალი იყო, რომელმაც დიდოსტატის წოდება მოიპოვა. ჭადრაკის ისტორიაში 37 ქალი დიდოსტატიდან 6 ქართველია.

„ჭადრაკის თამაში სისხლში გვაქვს“, – ამ სიტყვებით შეგვიძღვა საქართველოს ჭადრაკის სასახლეში ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი სოფი ნიკოლაძე (მოჭადრაკე, საქართველოს ნაკრების წევრი). შენობა თბილისის ცენტრში, ვერის პარკში მდებარეობს. ჭადრაკის დაფით მორთული ჭერი „ლაზიერის გამბიტის“ ცნობილ სცენას მოგაგონებთ. გარეთ ნოემბრის ცივ დღეებშიც კი პენსიონერების ჯგუფი ჭადრაკსა და ნარდს თამაშობს.

ლეგენდის თანახმად, ქვეყნის ერთ-ერთი დიდებული მმართველის, მეფედ წოდებული დედოფლის, თამარის ეპოქიდან მოყოლებული არსებობს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც პატარძალს მშობლები მზითვად ჭადრაკს ატანენ.

ცივი ომის პერიოდში ჭადრაკს გეოპოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. დაძაბულობამ პიკს 1972 წელს მიაღწია, როდესაც ამერიკელმა ბობი ფიშერმა რუსი ბორის სპასკი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. იმ პერიოდში პოლიტიკური და იდეოლოგიური გადაწყვეტილებები ამ სპორტის განუყოფელი ნაწილი გახდა.

„ზოგიერთ კომუნისტს დიდად არ მოსწონდა სრულიად ქართველებით დაკომპლექტებული საბჭოთა კავშირის ქალთა ნაკრები. 1978 წელს ბუენოს აირესის ჭადრაკის ოლიმპიადაზე მივემგზავრებოდით, როდესაც, ბოლო წუთს გუნდის უმცროსი წევრი ნანა იოსელიანი ეთნიკურად რუსი მოთამაშით ჩაანაცვლეს. მსგავსი ცვლილებები გაფრენამდე ერთი საათით ადრე, როგორც წესი, არ ხდება.იმავეს აპირებდნენ 1980 წელს მალტის ოლიმპიადაზეც, მაგრამ საქართველოს სპორტის მინისტრი დროულად ჩაერია და გუნდი უცვლელი შემადგენლობით ჩავიდა ოლიმპიადაზე“, – იხსენებს ალექსანდრია.

„80-იან წლებში საქართველოში ქალი მოჭადრაკეები ნამდვილი სუპერვარსკვლავები იყვნენ. ახალშობილ გოგოებს ნონას, მაიას ან ნანას არქმევდნენ“, – ამბობს ნანა ძაგნიძე, რომელსაც მამამ ალექსანდრიას საპატივცემულოდ დაარქვა სახელი. ძაგნიძე ჭადრაკის დიდოსტატი 2008 წელს გახდა.

დღეს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ქალი მოთამაშეების ახალი თაობა წარმოადგენს. ზოგიერთი მათგანი რთულ დროს გაიზარდა, საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ, 90-იან წლებში მოსახლეობის უმეტესობას ელექტროენერგია დღეში მხოლოდ 4 საათით მიეწოდებოდა, ქუჩაში კრიმინალი იყო გამეფებული და არ იშოვებოდა პროდუქტები.

„მახსოვს, წიგნების კითხვა და ჭადრაკის თამაში სანთლის შუქზე მიწევდა. 18 წლის საზღვარგარეთ ტურნირზე სათამაშოდ წავედი, ერთადერთი ახალგაზრდა ვიყავი, ვისაც ჩემოდანი წიგნებით ჰქონდა გამოტენილი, სხვებს თამაშების გასაანალიზებლად კომპიუტერები ჰქონდათ“, – იხსენებს 33 წლის ნინო ბაციაშვილი, სამგზის საქართველოს ჩემპიონი და უკანასკნელი დიდოსტატის ტიტულის მფლობელი ქართველი ქალი (მიიღო 2018 წელს).

კორონავირუსის პანდემიამ მოთამაშეებზე ნეგატიური გავლენა იქონია.

„ჭადრაკის მოთამაშე ტურნირების მოგებით ცხოვრობს და ვითარდება. წელს მხოლოდ ორჯერ ვითამაშე. ეს არ არის საკმარისი“, – ამბობს 22 წლის ნინო ხომერიკი.

ეპიდემიის ფონზე თბილისის ჭადრაკის სასახლეში მდუმარება სუფევს. ერთ დროს ხალხით სავსე დარბაზი ცარიელია, სუპერვარსკვლავი მოთამაშეების პოსტერებს კი მტვერი ედება.

tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close