იტალიასპორტი

პაოლო როსი, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გმირი, გარდაიცვალა

„მშვიდობით, დაუვიწყარო ჩემპიონო! იტალიას სიყვარულით ემახსოვრები“

ამ მძიმე 2020 წელს, მარადონას შემდეგ, მსოფლიო სპორტული სამყარო და იტალია ლეგენდარულ პაოლო როსის ემშვიდობება, 1982 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის „საუკეთესო ბომბარდირს“ – მაშინ იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა, ენცო ბეარზოტის თავკაცობით, მესამედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 44-წლიანი პაუზის შემდეგ.

იტალიამ ფინალში გფრ-ის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 3:1, ერთი გოლი როსიმ გაიტანა, მთლიანობაში კი მან 1982 წლის ჩემპიონატში 6-ჯერ გაახვია ბურთი მეტოქის ბადეში (3 – ბრაზილიასთან მატჩის დროს, 2 – ნახევარფინალში, პოლონეთთან დაპირისპირებისას და ერთიც – გერმანიასთან, ფინალში).

იმავე წელს როსი ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, მოგვიანებით World Soccer-მა იგი მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში შეიყვანა.

64 წლის პაოლო როსის გარდაცვალების შესახებ, რომელიც დიდხანს ებრძოდა მძიმე დაავადებას, გუშინ გვიან ღამით გახდა ცნობილი მისი მეუღლის, ფედერიკა კაპელეტისგან.

ფეხბურთელის გარდაცვალებას ტვიტერზე იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე გამოეხმაურა.

„ის იყო სიმბოლო იტალიის ერთსულოვანი და მტკიცე ეროვნული ნაკრებისა, რომელსაც შეუძლია უზარმაზარი კალიბრის მეტოქის დამარცხება. მშვიდობით, პაოლო როსი, დაუვიწყარო ჩემპიონო! იტალიას სიყვარულით ემახსოვრები“.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close