რას წარმოადგენს „ბეხტერევის დაავადება“ და შესაძლებელია თუ არა მისი თავიდან აცილება?
მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი ანუ ე. წ. „ბეხტერევის დაავადება“ – მძიმე სნეულებაა და მისი მთავარი მახასიათებელი არის სახსრების ანთება და მათი მოძრაობის თანდათანობით შეზღუდვა ანკილოზების (ძვლების ერთმანთთან შეზრდა) წარმოქმნით – აქედან მოდის ამ დაავადების სახელწოდება. ამავე დროს, ძვალდება იოგები და შედეგად ხერხემალმა შესაძლოა მთლიანად დაკარგოს თავისი მოქნილობა და ერთ მთლიან ძვლად გადაიქცეს. როგორც წესი, ამ დაავადების დროს, პირველ რიგში, ზიანდება ხერხემალი, შემდეგ პროცესი ითრევს პერიფერიულ სახსრებს და შინაგან ორგანოებს – თვალებს, გულს, თირკმელებს. აღსანიშნავია, რომ დავადებულთა 80% მამაკაცია – 20-იდან 40 წლამდე ასაკში.
დაავადება თანდათანობით იწყება, ჩნდება ტკივილი წელის არეში, რომელიც რაც დრო გადის, უფრო და უფრო ძლიერდება და ხერხემლის სხვა ნაწილებზეც ვრცელდება.
„ბეხტერევის დაავადების“ მახასიათებელებია: წელთან ჩაზნექა ქრება, ტკივილი ძლიერდება მოსვენების დროს, განსაკუთრებით ღამის მეორე ნახევარში ან დილისკენ, ახლავს შებოჭილობა; ტკივილი მცირდება ან მთლიანად ქრება ვარჯიშების დროს, სწრაფად ქრება ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას. ერთ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნისას ტკივილი შეიძლება წარმოიქმნას ქუსლის ძვლების მიდამოებსა და სხვადასხვა სახსარში – მხრის არეში, მენჯ-ბარძაყის მიდამოებში, მუხლებში.
დაავადების დროულად გამოვლენისა და მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია მისი სწრაფი პროგრესირების და მძიმე მიმდინარეობის თავიდან აცილება. დღეს ექიმები ამ დაავადებას ადგენენ სისხლში ედს-ის (ერითროციტების დალექვის სიჩქარე, ESR) მომატებით და С‑რეაქტიული ცილის კონცენტრაციით, ზოგიერთ სპეციფიკურ ნევროლოგიურ სიმპტომებთან ერთობლიობაში. დიაგნოზის დასმა ერთმნიშვნელოვნად შესაძლებელია რენტგენის სურათით, სადაც ჩანს ხერხემალში მიმდინარე დამაზიანებელი პროცესები.
თანამედროვე მედიცინას აქვს საკმაოდ დიდ არსენალი და პრეპარატები, არსებობს სამკურნალო პროცედურები, რომლებიც ხელს უწყობს დაავადების პროგრესირების შენელებას ან მთლიანად შეჩერებას და პაციენტის სიცოცხლის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას. მაგ., რუსი მოჭადრაკე ვლადიმირ კრამნიკი, მსოფლიოს მე-14 ჩემპიონი ჭადრაკში, ექიმების წყალობით, წარმატებით ებრძვის ამ დაავადებას, საყვარელ საქმეს მისდევს და აქტიური რეჟიმით ცხოვრობს.
„ბეხტერევის დაავადების“ ძირითად პროფილაქტიკას წარმოადგენს ფიზიკური აქტივობის ადეკვატური დონე. საჭიროა ყოველდღიურად რეგულარულად შეასრულოთ ზურგის „გაჭიმვის“ სავარჯიშოები, ყოველდღიური ჩვეულებრივი დილის „გაჭიმვების“ ჩათვლით და რეგულარულად გააკეთოთ შესვენებები ხანგრძლივი უმოქმედობის დროს (მაგ., საჭესთან ან სამუშაოზე, კომპიუტერთან ჯდომის შემდეგ). ცურვა ფიზიკური აქტივობის იდეალური სახეობაა. მოუხერხებელი საწოლი ან სკამი აუცილებლად უნდა შეცვალოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა, ფსიქოლოგიური კომფორტი და, რაც მთავარია, სპეციალისტთან დროულად მისვლა. ძალიან სახიფათოა თვითმკურნალობა, რამაც შესაძლოა სერიოზული პრობლემების წინაშე დაგაყენოთ და დაავადების პროგრესირების გამო ექიმთან მიმართვა დაგვიანდეს.
დღეისათვის მთელი მსოფლიოს ექიმები ებრძვიან ამ მძიმე დაავადებას, თუმცა მისი წარმოშობის მიზეზები ბოლომდე უცნობია, შესაბამისად, შეუძლებელია ამ დაავადების თავიდან აცილება, ამიტომ ამ ეტაპზე მთავარ ამოცანას წარმოადგენს პაციენტების ჯანმრთელობის განმტკიცება და დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა.
მოამზადა კირა კარიაულმა
კომენტარები