ვუსურვოთ ერთმანეთს სიკეთე
კალიფორნიელი ნატუროლოგი მარსელ ფოგელი თავის ლაბორატორიაში მცენარეების მახასიათებლებს შეისწავლიდა. იმ წლებში უკვე ცნობილი იყო, რომ მცენარეებს, ადამიანების მსგავსად, ენერგეტიკული გარსი – ეგრეთ წოდებული აურა და ბევრი ისეთი თვისებაც აქვთ, ბოლო ხანებამდე მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებლად რომ მიიჩნეოდა. გასული საუკუნის 60-70-იან წლებში მსგავს ცდებს არაერთი მკვლევარი ატარებდა და ფოგელი ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა.
ცდებმა ძალიან დააინტერესა მისი ასისტენტი ვივიენ უაილეი, რომელმაც დამოუკიდებელი ექსპერიმენტის ჩატარება განიზრახა. ერთ მშვენიერ დღეს მან საკუთარ სახლში მცენარეს – ფხიჯას ორი ფოთოლი მოაწყვიტა, ერთი საწოლის გვერდით, ტუმბოზე მოათავსა, მეორე კი – სასტუმრო ოთახში, კარადის უჯრაში ჩადო. იგი ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე, ისე რომ ფოთოლს არ ეხებოდა, უბრალოდ ესაუბრებოდა მას, ეალერსებოდა, დიდხანს სიცოცხლეს უსურვებდა. იმავდროულად, უჯრაში გადამალულ ფოთოლს ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა. ასე გრძელდებოდა მთელი თვის განმავლობაში და ვივიენმა შენიშნა, რომ ტუმბოზე ფოთოლი პირვანდელ სახეს ინარჩუნებდა, უჯრაში ჩადებული ფოთოლი კი დაჭკნა. ასისტენტმა მაშინვე ყველაფერი ფოგელს აცნობა.
ამ ექსპერიმენტით მეცნიერიც დაინტერესდა და მოგვიანებით ანალოგიური ცდა სამი ფოთლით ჩაატარა. შედეგი იგივე აღმოჩნდა. ფოგელის თქმით, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ რაღაც ძალა ყველა ცნობილი კანონის საწინააღმდეგოდ, ფოთოლს სიჯანსაღის შენარჩუნებაში ეხმარებოდა. მოგვიანებით, კოლეგებთან საუბრისას, ფოგელმა აღიარა, რომ ამ ცდით ის „ფსიქიკური ენერგიის“ მოქმედების თვითმხილველი გახდა.
აქ თავისთავად გაჩნდა კითხვა – როგორი ბუნების უნდა იყოს ეს „ფსიქიკური ენერგია“?
ფოგელის აზრით, რადგან მცენარეებს ადამიანის სურვილების „მიღება“ შეუძლიათ, თვითონ ეს სურვილები უნდა აღძრავდნენ რაღაც ენერგეტიკულ ველს. მეცნიერმა აღმოაჩინა, რომ ზოგიერთი მცენარე და შესაძლოა ერთი მცენარის სხვადასხვა ფოთოლიც კი სურვილებზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ.
მკვლევარი ამით არ დაკმაყოფილდა და გადაწყვიტა გაერკვია, თუ როდის ამჟღავნებს რეაქციას მცენარე ადამიანის ემოციების საპასუხოდ. ეს ცდაც ძალიან მარტივი აღმოჩნდა.
მცენარის ფოთოლს მეცნიერმა გალვანომეტრიც მიუერთა, თვითონ მცენარესთან დადგა და ემოციების გამოხატვა დაიწყო. გალვანომეტრის ისარი მყისიერად გადაიხარა და ყველაფერი ნათელი გახდა. მოქმედება უსწრაფესად მიმდინარეობს და, როგორც შემდგომმა ცდებმა დაადასტურა, მცირედი კონცენტრაციის შემთხვევაში ეს პროცესი ნაკლებადაა დამოკიდებული მანძილზეც კი. ერთი სიტყვით, ფოგელისა და მისი ასისტენტის ცდებმა დაადასტურეს, რომ მცენარეები პირდაპირ და უშუალოდ რეაგირებენ ადამიანის მიერ მათ მიმართ გამოხატულ კეთილ სურვილებზე.
ასეთი კვლევების ფონზე ქართულმა ანდაზამ „შეძახილმა ხე გაახმოო“ სრულიად რეალური სახე მიიღო, თუმცა ჯობს კვლავ ადამიანებს დავუბრუნდეთ, მით უმეტეს, რომ ამ მხრივ მართლაც საინტერესო დასკვნებამდე შეიძლება მივიდეთ.
ფოგელის ცდებმა ადამიანებსა და მცენარეებს შორის არსებული ენერგეტიკული კავშირები გამოავლინა, მაგრამ განა ადამიანი მცენარეზე მეტად არ მიიღებს იმ ველს, რომელიც სხვა ადამიანის სურვილების შედეგად წარმოიქმნება? ასე რომ, „სიტყვის ძალის“ შესახებ ჩვენამდე მოღწეული ნახევრად ზღაპრული ისტორიები სულაც არ არის დაუჯერებელი – პირიქით, მათში უბრალო, ხალხური ენით, უდიდესი საიდუმლოებებია გამჟღავნებული, რომელთაც თანამედროვე მეცნიერება ჯერ მხოლოდ შეეხო…
ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ კი, იქნებ ნებისმიერი ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რამდენად მართებულად იქცევა ირგვლივმყოფებთან ურთიერთობისას. იდეალური ფორმულა, როგორც ირკვევა, ძალიან მარტივია და, რაც მთავარია, ადამიანებისთვის უკვე კარგა ხნის წინათ იყო ცნობილი – „ვუსურვოთ ერთმანეთს სიკეთე“, ჯანმრთელობა და, ფხიჯის ფოთლისა არ იყოს, შესაძლოა ამან მრავალ ადამიანს სასიცოცხლო ენერგია შეუნარჩუნოს.
თამთა გურული
კომენტარები