მსოფლიოპოლიტიკა

ყარაბაღში ომი დასრულდა: რას მოუტანს მშვიდობა რეგიონს და, მათ შორის, საქართველოს?

ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მნიშვნელოვანი შედეგით დასრულდა. რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები რეგიონში სამშვიდობო ძალების სტატუსით შევიდნენ და შესაბამისი პოზიციები დაიკავეს.

ამ წერილის მიზანს შეთანხმების დეტალების განხილვა არ წარმოადგენს. მოცემულ სიტუაციაში საინტერესოა ანალიტიკოსების მიერ გამოტანილი დასკვნები. უცნაურია, რომ ფაქტის შეფასებისას ექსპერტები ხშირად სრულიად საპირისპირო დასკვნებს აკეთებენ. ერთნი დარწმუნებულნი არიან, რომ კრემლმა თავისი პოზიციები კავკასიის რეგიონში განიმტკიცა; უფრო მეტიც, პუტინმა გენიალური ოპერაცია განახორციელა და რეგიონი საბოლოოდ გადავიდა რუსეთის გავლენის სფეროში. ამის საპირისპიროდ სხვები ამტკიცებენ, რომ რუსეთის კავკასიურმა პოლიტიკამ კრახი განიცადა, თურქეთი სამხრეთ კავკასიაში დამკვიდრდა და რეგიონში ახალი ერა იწყება. არგუმენტების ნაკლებობა არცერთ მხარეს შეიმჩნევა.

პრობლემის უკეთ გააზრების მიზნით დავეყრდნობით საერთაშორისო ურთიერთობების ცნობილი ბრიტანელი მკვლევარის, მარტინ უაიტის (Martin Wight) განსაზღვრებას ბუფერული ზონის შესახებ, რომლის მიხედვითაც ეს არის ტერიტორია, რომელიც უჭირავს ერთ ან მეტ სუსტ სახელმწიფოს და განლაგებულია ორ ან მეტ ძლიერ სახელმწიფოს შორის. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს, რომ არსებობს გარკვეული ძალთა ბალანსი, რის შედეგადაც ბუფერული ზონის სუსტი სახელმწიფოები დამოუკიდებლობას ინარჩუნებენ. მიუხედავად ამისა, გამორიცხული არაა, რომ დაინტერესებულმა რეგიონულმა ძალებმა გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიონ და რეგიონი გაინაწილონ, ან რომელიმე ძლიერმა ქვეყანამ მისი მთლიანად მიტაცება შეძლოს.

საკუთრივ ბუფერული ზონის სახელმწიფოებს უაიტი შემდეგ კატეგორიებად ყოფს: „ოპორტუნისტები“, ნეიტრალური სახელმწიფოები და სატელიტები. „ოპორტუნისტები“ დაინტერესებული ძლიერი სახელმწიფოების ინტერესთა დაპირისპირებას საკუთარი სუვერენიტეტის გასაზრდელად იყენებენ. ასეთ სახელმწიფოებს საკუთარი უსაფრთხოების გაზრდის პერსპექტივა აქვთ. ნეიტრალურები პასიურ საგარეო პოლიტიკას ატარებენ და ცდილობენ, ყურადღება არ მიიქციონ. პოტენციურად, გარკვეულ სიტუაციაში, მათ შეუძლიათ პირველ კატეგორიაში გადასვლა. სატელიტების საგარეო პოლიტიკას სხვა ქვეყანა აკონტროლებს. თუკი ეს ფაქტობრივი გარემოება ოფიციალურ შეთანხმებაში დაფიქსირდება, მაშინ სატელიტი პროტექტორატად იქცევა.

თუკი უაიტის თეორიულ მსჯელობას სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ მდგომარეობას მოვარგებთ, დავინახავთ, რომ ყარაბაღის ომმა მნიშვნელოვნად შეამცირა რეგიონის ორი სახელმწიფოს სუვერენიტეტი. აქ მთავარი არაა, გაიმარჯვა რუსეთმა თუ თურქეთმა, არამედ ის, რომ ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება ამცირებს სომხეთისა და აზერბაიჯანის სუვერენიტეტს: რამდენადაც ყარაბაღის სომეხთა ბედი და სომხეთ-ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის კონტროლი რუსული სამშვიდობო ძალების ხელში გადადის, სომხეთის სტატუსი, როგორც რუსეთის სატელიტი ქვეყნისა, კიდევ უფრო ძლიერდება და მას პროტექტორატის მდგომარეობასთან აახლოებს. აზერბაიჯანი, საკუთარ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალების განლაგებაზე თანხმობით, კარგავს სტატუსს, რომელიც „ოპორტუნისტსა“ და ნეიტრალური ქვეყანას შორის მერყეობდა. ნახჭევანთან დაკავშირებული სატრანსპორტო დერეფნის კონტროლის რუსეთისთვის გადაცემით აზერბაიჯანი კრემლისადმი კიდევ უფრო დამოკიდებულ მდგომარეობაში ექცევა.

აღნიშნული ახალი გარემოებები მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავენ აზერბაიჯანის მომავალ საგარეო პოლიტიკას, რაც თანდათანობით გამოიკვეთება. თუკი აზერბაიჯანი საკუთარ ტერიტორიაზე თურქეთის სამხედრო ბაზას განალაგებს, რის შესახებაც უკვე მიდის საუბარი, ეს მას რუსეთისგან დაიცავს, მაგრამ სუვერენიტეტის კიდევ უფრო შემცირების ხარჯზე. აზერბაიჯანი სატელიტის მდგომარეობაში გადადის. ამ თვალსაზრისით ბაქომ არაპროპორციულად დიდი ფასი გადაიხდა, რადგან ვერ შეძლო თავისი მთავარი მიზნის მიღწევა – ყარაბაღზე სრული კონტროლი ვერ დააწესა.

ასეთ შედეგს მიაღწია ორმა დიდმა დაინტერესებულმა სახელმწიფომ ურთიერთთანამშრომლობით. გასათვალისწინებელია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თანამედროვე რუსეთი და თურქეთი გავლენის სფეროების გაყოფის თაობაზე თანხმდებიან. არც მეორე, არამედ მესამე (სირიისა და ლიბიის შემთხვევების შემდეგ) და ეს უკვე საკმაოდ მყარი ტენდენციის გამოხატულებაა.

სიტუაციის შემოთავაზებული აღწერა საშუალება გვაძლებს დავასკვნათ, რომ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგანან და ეს ტენდენცია ყარაბაღის ომის შემდეგ გაფორმებულმა შეთანხმებამ ხარისხობრივად გააძლიერა. უფრო კონკრეტულად: რუსეთმა მიაღწია თავისი გავლენის ბალანსს ორ ქვეყანაზე. თუკი ომამდე სომხეთი განუზომლად მეტად იყო დამოკიდებული მოსკოვზე, ვიდრე აზერბაიჯანი, ამიერიდან ორივე მათგანის მომავალი მეტ-ნაკლებად თანაბრად არის დამოკიდებული კრემლის კეთილგანწყობაზე. ეს რუსეთისთვის იდეალური სიტუაციაა და ახალი ბალანსი მხოლოდ მაშინ შეიცვლება, თუკი რომელიმე ქვეყანა შეეცდება მოსკოვისგან მეტი დამოუკიდებლობა მოიპოვოს. ყოველი ასეთი მცდელობა სომხეთსა და აზერბაიჯანს ძვირად დაუჯდებათ.

რა გავლენას მოახდენს ყარაბაღის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საქართველოზე?

ყარაბაღთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ რუსეთი ცდილობს სამხრეთ კავკასიაზე საკუთარი კონტროლი სრულად დაამყაროს და ამას თურქეთთან თანამშრომლობით აკეთებს. ეს არ არის უნიკალური სიტუაცია. ზუსტად ერთი საუკუნის წინათ პოლიტიკური პროცესები ანალოგიური სცენარით განვითარდა: 1920-1921 წლებში ბოლშევიკურმა რუსეთმა ქემალისტურ თურქეთთან შეთანხმებით, მისთვის გარკვეული ტერიტორიული დათმობებით (უმთავრესად სომხეთის ხარჯზე!) და მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის გაწევით სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოს გასაბჭოებას მიაღწია. დღეს რუსეთი რეგიონში დამკვიდრებას, ძირითადად, ისევ სამხედრო ძალის მეშვეობით ცდილობს, თუმცა ამჯერად მთავარ ინსტრუმენტს რეგიონში რუსული ე.წ. სამშვიდობო ძალების სახით რუსული ჯარის განლაგება წარმოადგენს.

მართალია, კრემლს უკვე აქვს სამხედრო ბაზები საქართველოში, მაგრამ ამჟამად ეს სამხედრო შენაერთები საერთაშორისო სტატუსის გარეშე არიან და, ფაქტობრივად, საოკუპაციო ძალებს წარმოადგენენ. ლოგიკურია, პუტინი საქართველოსთან მიმართებაში იმავე შედეგის მიღწევას შეეცადოს, რაც აზერბაიჯანში მოახერხა. მოსალოდნელია, რომ ტაქტიკა ამ შემთხვევაშიც ანალოგიური იქნება, რაც გულისხმობს, რომ რუსეთი შეეცდება დააბალანსოს თავისი გავლენა საქართველოში. სადღეისოდ რუსეთის გავლენა ცხინვალსა და სოხუმზე ბევრად მეტია, ვიდრე თბილისზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ კრემლი შეეცდება ეს დისბალანსი აღმოფხვრას და სანაცვლოდ იგივე პრიზი მიიღოს, რაც აზერბაიჯანში.

ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი დაუშვებს საქართველოს მიერ დაკარგული ტერიტორიების, ან მათი ნაწილის სამხედრო ძალით დაბრუნებას. სიტუაცია აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში განსხვავებულია. რუსეთი სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებს, ის კონფლიქტში მონაწილე მხარეა და არა – ნეიტრალური ძალა. შესაბამისად, რუსეთს სხვა, უფრო დახვეწილი კომბინაციის განხორციელება მოუწევს.

ამ თვალსაზრისით საინტერესოა გავიხსენოთ რუსეთ-საქართველოს შორის არსებული თემები. ესენია: აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნა, რუსეთ-საქართველოს შორის სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედება სეპარატისტულ რეგიონებზე გავლით, სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმება. ამავე დროს, რუსეთი სთავაზობს საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირი დიალოგით მოაგვაროს ურთიერთობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. საქართველო მუდმივად აყენებს ლტოლვილთა დაბრუნების საკითხს.

ენგურის ხიდი

თუკი გავითვალისწინებთ, რომ ორივე სეპარატისტულ რეგიონში არსებობს ქართველებით დასახლებული მხარეები (გალის რაიონი აფხაზეთში და ახალგორის რაიონი ცხინვალის რეგიონში), ყარაბაღის ანალოგიით რუსეთს შეუძლია შესთავაზოს საქართველოს მათზე კონტროლის აღდგენა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების კომპლექსის გათვალისწინებით. დღეს ეს შეუძლებელი ჩანს, მაგრამ არსებული ჩიხური მდგომარეობა მუდმივად ვერ გაგრძელდება. მანამდე რუსეთი ყურადღებით დააკვირდება საქართველოს პოლიტიკური ელიტის წიაღში განვითარებულ მოვლენებს და მოქმედებას მაშინ დაიწყებს, როდესაც (და თუ) ქართული ელიტის მეტამორფოზი განხორციელდება.

თუკი უაიტის თეორიას ისევ გავიხსენებთ, საქართველო უნდა შეეცადოს გადაარჩინოს საკუთარი სუვერენიტეტი და ამ პოლიტიკის ფარგლებში მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტზე ზრუნვაც შედის. ასეთი მიდგომა, უპირველესად, გულისხმობს სამხრეთ კავკასიაში სხვა აქტორების როლის გაზრდისკენ ძალისხმევის მიმართვას. საუბარია ისეთ ძალებზე, რომლებსაც აწუხებთ რუსეთ-თურქეთის პოზიციების გაძლიერება რეგიონში. გლობალურ დონეზე ასეთი ამერიკის შეერთებული შტატებია, ხოლო რეგიონულ დონეზე – ირანი. ერთი შეხედვით, ერთმანეთთან დაპირისპირებულ ამ ორ ქვეყანასთან ერთდროულად თანამშრომლობა და, მით უმეტეს, ერთობლივი პოლიტიკის გატარება შეუძლებელ მისიად აღიქმება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოსალოდნელია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილება მაჰმადიანურ სამყაროსთან და, კერძოდ, ირანთან მიმართებაში. აშშ-ირანის ურთიერთობის „დათბობა“ შესაძლებელია პრეზიდენტ ობამას დროინდელ ანალოგიურ მდგომარეობასთან შედარებით ხარისხობრივად უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი გახდეს იმის გათვალისწინებით, რომ ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი მჭიდროდ არის დაკავშირებული აშშ-ში მოქმედ მუსლიმურ ორგანიზაციებთან. მით უმეტეს, პრეზიდენტ ბაიდენის ასაკის გათვალისწინებით, ვიცე-პრეზიდენტის როლი ქვეყნის მართვაში საკამოდ მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

ნებისმიერ შემთხვევაში ახალი, აქტიური პოლიტიკის გატარება საქართველოს პოლიტიკური ელიტის მეტამორფოზის გარეშე შეუძლებელი გახდება. ოღონდ ეს ცვლილებები უკვე სხვა მიმართულებით უნდა განხორციელდეს.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close