ბერძნული და ქართული საარჩევნო სისტემების შედარება – ადვოკატ პაატა სიმსივეს საინტერესო ანალიზი
საბერძნეთში მოღვაწე ქართველი ადვოკატი პაატა სიმსივე ბერძნულ და ქართულ საარჩევნო სისტემებს ადარებს. აღსანიშნავია, რომ პაატა სიმსივე, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს (საქართველოს და საბერძნეთის), რეგულარულად მონაწილეობს საბერძნეთში არჩევნებში კომისიის თავმჯდომარის რანგში და კარგად იცნობს რეალობას. ვფიქრობთ, მისი თვალსაზრისი ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება.
„შედარება ბერძნულ საარჩევნო სისტემასა და ქართულს შორის:
საბერძნეთში არჩევნებს ატარებენ ადვოკატები და სასამართლო მოხელეები. ესე იგი, სახელმწიფო ანდობს არჩევნების ჩატარებას საზოგადოების ყველაზე განათლებულ ფენას. მათ აძლევს, რა თქმა უნდა, შესაბამის ანაზღაურებასაც, რომელსაც შეგნებულად უწოდებს არა ანაზღაურებას, არამედ კომპენსაციას. ეს იმიტომ, რომ არჩევნების სამართლიანად და მიუკერძოებლად ჩატარება არის, პირველ რიგში, მისი შემოქმედის იდეოლოგიური კონტრიბუცია საზოგადოების განვითარებაში, რომელსაც არ შეიძლება მატერიალური ღირებულება ჰქონდეს – შესაბამისად, არ შეიძლება საუბარი იყოს ანაზღაურებაზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თავისუფალი და მიუკერძოებელი არჩევნები არის სამართლიანი საზოგადოების ქვაკუთხედი და მის განხორციელებას, უბრალოდ, ფასი არ აქვს.
მეორე მხრივ, საქართველოში არ ვიცი, განათლების რა კრიტერიუმით არჩევენ ადამიანებს, რომლებიც არჩევნებს ატარებენ. ასევე არ მესმის, რა კრიტერიუმით ირჩევა მათი რაოდენობა. როგორც ორმაგი მოქალაქე, ქართულ არჩევნებში დიდი ხანია ვმონაწილეობ და ყოველ მისვლაზე ერთი რამ იწვევს ჩემში განსაკუთრებულ გაოცებას: ამ თეთრ-მწვანე უნიფორმებში გამოწყობილი ადამიანების რაოდენობა. ვცდილობ, დავადგინო, რა საჭიროა ამდენი ადამიანი. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ მათი უმეტესობა უფუნქციოა.
საბერძნეთში პირველ ტურში როდესაც ინიშნები გარკვეულ უბანზე, გაქვს საშუალება, აიყვანო მაქსიმუმ 2 თანაშემწე. სულ ეს არის. ანუ საარჩევნო უბანზე არჩევნებს ატარებს, მაქსიმუმ, 3 ადამიანი. მეორე ტურში თითქმის წარმოუდგენელია, რომ 2 თანაშემწის აყვანის უფლება მოგცენ. მეორე ტურში, როგორც წესი, გაქვს უფლება, გყავდეს მაქსიმუმ 1 თანაშემწე. რა თქმა უნდა, არსებობენ დამკვირვებლებიც და სხვა კომისიის წევრებიც, მაგრამ პასუხისმგებლობა არჩევნების ჩატარებაზე ეკისრება იქ მივლენილ ადვოკატს.
საქართველოში, მეორე მხრივ, ნამდვილად არ ვიცი, 2-3 ათასი ამომრჩეველი რანაირად შეიძლება აძლევდეს ხმას, მაშინ როცა რეგისტრირებულთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია და პროცედურულად ყველაფერი რომც რიგზეც იყოს, არ ვიცი, ამდენი ხმის დათვლას და ცესკოსთვის ოქმების გადაგზავნას როგორ ახერხებენ 2-3 საათში.
ცესკო ვახსენე და – აქ კიდევ ერთი ფუნდამენტური სხვაობა უნდა ვახსენო. საბერძნეთში არჩევნების შედეგები ბარდება სასამართლო ხელისუფლებას. სწორედ ამიტომ, ყველა ადვოკატს, რომელიც არჩევნების ჩასატარებლად ინიშნება, ეწოდება სასამართლოს წარმომადგენელი. ანუ არჩევნების შედეგებს იბარებენ მოსამართლეები, რომლებიც არჩევნების ღამეს მორიგეობენ. ყველა ჩვენგანისთვის, ვინც არჩევნებს ვატარებთ, ყველაზე დიდი შიში არის, რომ ჩაბარების მომენტში რაიმე ხარვეზი არ გვიპოვონ. სასამართლოში ბარდება ყველა მასალა, რომელსაც არჩევნების შედეგები დაეყრდნო, მათ შორის, გაუქმებული ბიულეტენებიც.
მეორე მხრივ, ქართულ სისტემას რომ შევადაროთ, ცესკო არის ადმინისტრაციული ორგანო. რაოდენ დამოუკიდებელიც არ უნდა იყოს ის, ერთი ფუნდამენტური სხვაობა მიდგომის-ფილოსოფიის დონეზე ცალსახაა: ცესკო რჩება აღმასრულებელი ხელისუფლების ველში. ცუდი არ იქნებოდა აზრი, რომ საქართველოშიც არჩევნების ჩატარება გამოვიდეს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებიდან და მას სასამართლო ხელისუფლება ატარებდეს, თუმცა ასეთ რეფორმას აზრი მაშინ ექნებოდა, თუ ეს უკანასკნელი იქნებოდა დამოუკიდებელი. საბერძნეთში სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი და ამიტომაც არავის არასოდეს გასჩენია ეჭვი მის მიერ ჩატარებული არჩევნების მიუკერძოებლობაზე. საქართველოში კი, ფაქტობრივად, არ მოიძებნება ინსტიტუტი, რომელსაც შეიძლება ანდო ასეთი საპასუხისმგებლო საქმე და ხალხს მის მიმართ კითხვები არ გაუჩნდეს.
საბერძნეთის სისხლის სამართლის კოდექსს მთელი თავი აქვს მიძღვნილი არჩევნებზე და მასთან დაკავშირებულ შესაძლო დარღვევებზე. სასჯელი, რომელსაც ეს დებულებები ითვალისწინებს, არის საკმაოდ მძიმე. სპეციალიზებული სისხლის სამართლის მუხლები მოიპოვება ქართულ სისხლის სამართლის კოდექსშიც, მაგრამ იმისდა მიუხედავად, რომ დარღვევათა უმეტესობა ისჯება უბრალოდ ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, რეალობაში ამ მუხლებით მაინც არავინ სამართლდება-ისჯება. თუ არსებობს ნება, რომ არჩევნები არ გაყალბდეს, უბრალოდ, დარღვევები უნდა გამოვლინდეს და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.
პაატა სიმსივე, ადვოკატი
p. s. ერთ-ერთ არჩევნებზე საბერძნეთში პაატა სიმსივეს, როგორც საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის მდივნად მიწვეული ჰყავდა ჩვენი კორესპონდენტი გიორგი ჯანელიძე და მან მაშინ თავისი შთაბეჭდილება გაგვიზიარა სტატიაში „საარჩევნო უბნიდან დანახული ბერძნული არჩევნები“.
კომენტარები