ბრინჯის მომზადების ახალი მეთოდი მას დარიშხანს აცლის და საკვებ ნივთიერებებს უნარჩუნებს
ბრინჯი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ მოხმარებადი პროდუქტია, თუმცა უმეტეს სხვა საკვებთან შედარებით აქვს დარიშხანის მაღალი შემცველობა, შთანთქავს 10-ჯერ უფრო მეტ ტოქსიკურ არაორგანულ დარიშხანს, ვიდრე სხვა მარცვლეული კულტურები.
ამის მიზეზი, ძირითადად, ის არის, რომ ბრინჯი დატბორილ მინდვრებზე მოჰყავთ, სადაც მცენარე გაცილებით ადვილად ითვისებს ნიადაგში ბუნებრივად არსებულ კანცეროგენულ ნაერთებს. დარიშხანის ზემოქმედების თვალსაზრისით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უდიდეს საფრთხედ მიიჩნევა დაბინძურებული მიწისქვეშა წყლები – ნაწილობრივ იმიტომ, რომ მას ბრინჯის წარმოებისას სარწყავად იყენებენ.,
დარიშხანის ტოქსიკურობის შესახებ ადამიანმა უკვე ათასობით წელია იცის, მაგრამ ბრინჯის მოხმარებით იმავე საფრთხის შესახებ არც თუ ისე დიდი ხნის წინ გავიგეთ. განსაკუთრებით საშიშია ბრინჯში დარიშხანის შემცველობა პატარა ბავშვებისთვის, რომლებიც ყველაზე მგრძნობიარე არიან დარიშხანის ზემოქმედებისადმი.
საბედნიეროდ, ბოლო წლებში ნათელი გახდა, რომ ბრინჯში არაორგანული დარიშხანის დონის შემცირება შესაძლებელია სხვადასხვა გზით, გარეცხვით ან გავლებით, ანდაც მომზადების სხვადასხვა მეთოდით, თუმცა ზოგიერთმა ამ მეთოდმა შეიძლება შეამციროს ბრინჯში საკვებ ნივთიერებათა დონე, რაც ასევე არასასურველია.
ახალ კვლევაში, გაერთიანებული სამეფოს შეფილდის უნივერსიტეტის ნიადაგის მეცნიერმა მანოჯ მენონმა და მისმა ჯგუფმა ბრინჯის მომზადების სხვადასხვა მეთოდი შეისწავლა, რათა დაედგინა, რომელი იყო დარიშხანის შემცირების საუკეთესო გზა ისე, რომ თან შენარჩუნებულიყო საკვები ნივთიერებები.
მათ გამოსცადეს ოთხი პროცესი, რომელთაგან ყველა გულისხმობდა ბრინჯის მომზადებას შეწოვის მეთოდით, გაურეცხავი, გარეცხილი, წინასწარ გაჟღენთილი და დამდუღრული (ნაწილობრივ მოხარშული) ბრინჯით.
როდესაც შედეგები შეისწავლეს, აღმოაჩინეს, რომ შეწოვის მეთოდით დამდუღვრა ყველაზე მეტად ამცირებდა ბრინჯში დარიშხანის დონეს და, ამავე დროს, უნარჩუნებდა კვებით ღირებულებას.
როგორ უნდა მოვამზადოთ ბრინჯი უსაფრთხოდ სახლის პირობებში:
მკვლევართა განცხადებით, სახლის პირობებში ამის გასაკეთებლად წყალი ადუღებამდე უნდა მიიყვანოთ (ოთხი ფინჯანი წყალი ერთ ფინჯან ბრინჯზე). შემდეგ დაამატეთ ბრინჯი და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ წყალი გადაუწურეთ (რომელშიც არის მანამდე ბრინჯში არსებული დარიშხანის უმეტესობა) და დაასხით ცივი წყალი (ორი ფინჯანი ერთ ფინჯან ბრინჯზე). შემდეგ დააფარეთ სახურავი და ადუღეთ დაბალ ან საშუალო ცეცხლზე იქამდე, ვიდრე ბრინჯი წყალს მთლიანად არ შეიწოვს.
„ამ მეთოდით მნიშვნელოვნად შემცირდა დარიშხანის შემცველობა, მაგრამ არ დაიკარგა დიდი ოდენობით საკვები ნივთიერება. ამ მეთოდით ბრინჯის მომზადებას ძლიერ რეკომენდაციას ვუწევთ ჩვილებისა და ბავშვებისთვის, რომლებიც საკმაოდ მოწყვლადნი არიან დარიშხანის ზემოქმედებისადმი “, – ამბობს მენონი.
მკვლევართა განცხადებით, ეს მეთოდი ყავისფერ ბრინჯს აცლის არაორგანული ნაერთის 54 პროცენტს, თეთრ ბრინჯს კი 74 პროცენტს. ამავე დროს, უნარჩუნებს ისეთი საკვები ნივთიერებების უდიდეს ნაწილს, როგორებიც არის ფოსფორი, კალიუმი, მაგნიუმი, თუთია და მანგანუმი.
მკვლევრები აცნობიერებენ, რომ საჭიროა მათი ექსპერიმენტი სხვანაირ გარემოშიც ჩატარდეს, სხვადასხვა სახის ბრინჯისა და წყლის გამოყენებით.
კვლევა ჟურნალ Science of The Total Environment-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია sheffield.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.
სტატიის სრული ვერსია იხილეთ 1tv.ge-ზე
კომენტარები