მედიცინამსოფლიო

აშშ-ში თავის ქალებით შეერთებული ტყუპები წარმატებით განაცალკევეს

აშშ-ის ქალაქ საკრამენტოში მდებარე დევისის ბავშვთა საავადმყოფოში, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტის დაქვემდებარებაშია, ექიმებმა თავის ქალებით შეერთებული ტყუპი დების, აბიგაილ და მიქეილა ბაჩინსკების განცალკევება შეძლეს. ოპერაციამ, რომელიც 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, წარმატებით ჩაიარა და გართულებები არ მოჰყოლია.

10 თვის სიამის ტყუპები 2019 წლის 30 დეკემბერს იშვიათი თანდაყოლილი ანომალიით სწორედ იმ საავადმყოფოში დაიბადნენ, სადაც მათ მედიკოსებმა მეორე სიცოცხლე აჩუქეს. პატარები ერთმანეთთან არა მხოლოდ თავის ქალებით, არამედ ტვინის ქსოვილითა და სისხლძარღვებითაც იყვნენ შეერთებულნი. ბავშვების მდგომარეობის შესახებ ექიმებმა მშობლებს, ლილია და ანატოლი ბაჩინსკებს ჯერ კიდევ მათი მუცლად ყოფნის დროს შეატყობინეს და პრობლემის მოსაგვარებლად სასწრაფო ქირურგიული ჩარევა გადაწყვიტეს.

ქირურგები ოპერაციისთვის 10 თვის განმავლობაში ემზადებოდნენ. მთელი ეს დრო მათ ტყუპების თავის ქალების სამგანზომილებიანი მოდელების მეშვეობით მათი ანატომიური აგებულების დეტალურად შესწავლას დაუთმეს, რათა ყველა ნაბიჯი წინასწარ დაეგეგმათ. ბავშვთა განცალკევების პროცედურა 23 ოქტომბერს დაიწყო და 24 ოქტომბრის დილამდე გაგრძელდა. მასში სამედიცინო დაწესებულების 30 თანამშრომელი  მონაწილეობდა, მათ შორის, ექიმები, ექთნები, ანესთეზიოლოგები, პედიატრიული და პლასტიკური ქირურგიის სპეციალისტები. 24-საათიანი ოპერაციის შემდეგ მედიკოსებმა აბიგაილისა და მიქეილას თავის ქალები ერთმანეთს წარმატებით ჩამოაშორეს.

სიამის ტყუპებს ან კრანიოფაგებს იდენტურ, ერთკვერცხუჯრედოვან ტყუპებს უწოდებენ, რომლებიც ერთმანეთთან არიან შეზრდილნი. გვხვდება შეზრდის სხვადასხვა ფორმა, მთლიან შერწყმამდეც კი. ეს ფენომენი ძალზე იშვიათია და ყოველ 2.5 მილიონ ახალშობილში მხოლოდ ერთი ასეთი წყვილი იბადება. კრანიოფაგების 40 პროცენტი გაჩენიდან მალევე იღუპება, დანარჩენები კი 10 წელზე მეტს ვერ ცოცხლობენ. რაც შეეხება აბიგაილ და მიქეილა ბაჩინსკებს, ამჟამად დების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს.

popx.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close