fbpx
კრიმინალისაქართველო

რა კავშირი აქვს ზუგდიდში ბანკზე თავდასხმას 5 წლის და 108 წლის წინანდელ ბანკების ძარცვასთან

ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ ერთი კვირა გავიდა. მძარცველი იდენტიფიცირებულია – სავარაუდოდ, ის 32 წლის ბადრი ესებუაა. მან მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 დოლარი მოითხოვა, მიიღო კიდეც და მიიმალა. თავდამსხმელის ადგილსამყოფელის დადგენის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

„საქართველოს ბანკს“ ოქტომბერი ცუდად აქვს დაცდილი – ზუსტად 5 წლის წინათ, 24 ოქტომბერს ბანკში საქართველოში ბოლო 108 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ძარცვა მოხდა – დამნაშავემ 10 მილიონამდე ლარის გატაცება მოახერხა.

მძარცველი – ამავე ბანკის საინკასაციო სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ილია გელაშვილი დღემდე არ არის დაკავებული, თუმცა იმავე წლის 11 ნოემბერს სამართალდამცველებმა მისი თანამზრახველების საცხოვრებელი ბინისა და სარდაფის ჩხრეკისას მოპარული თანხის ძირითადი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

„ილია გელაშვილზე ძალზე მწირი ინფორმაცია არსებობს. იგი ბორჯომში დაიბადა, საშუალო განათლება გორში მიიღო. მშობლების გარეშე გაიზარდა, მისი მეურვე ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველი, მეუფე იობი იყო. თბილისში, ნაძალადევის უბანში ცხოვრობდა. „საქართველოს ბანკში“ ბოლო დროს სწორედ გელაშვილის უშუალო მეთვალყურების ქვეშ ხდებოდა საბანკო ინკასაციის პროცესი.

24 ოქტომბერს გელაშვილმა „საქართველოს ბანკის“ ინკასაციის მანქანა, რომელშიც, სხვადასხვა ვალუტაში, 9 მილიონზე მეტი იყო, თავისუფლების მოედნიდან წაიყვანა, შემდეგ, სპეცმანქანა GPS-ის სისტემიდან გათიშა, მანქანა პლეხანოვზე მიატოვა, ფული გაიტაცა და დაუდასტურებელი ინფორმაციით, ლარსის საბაჟოს გავლით, ჩრდილოეთ ოსეთში გადავიდა. ნიშანდობლივია, რომ ილია გელაშვილს საუკუნის ძარცვიდან 3 დღეში, 38 წელი შეუსრულდა და საკუთარ თავს ასეთი „საჩუქარი“ გაუკეთა“, – წერდა მაშინ „ამერიკის ხმა“.

ილია გელაშვილი

სტატიაში ასევე მოთხრობილია ბანკის ძარცვის 108 წლის წინანდელი ისტორია, რომელიც თითქმის იმავე ადგილზე მოხდა, საიდანაც ილია გელაშვილმა 9 მილიონ ლარზე მეტი გაიტაცა:

„1907 წლის 13 ივნისს, ტიფლისში, მაშინდელ ერევნის მოედანთან ახლოს (ახლანდელი თავისუფლების მოედანი), სოლოლაკის ქუჩაზე, სოციალ-დემოკრატების ბანდიტური ჯგუფი თავს დაესხა რუსეთის იმპერიის სახელმწიფო ბანკის ტიფლისის ფილიალის საინკასაციო ფაეტონს, რომლითაც, ინგლისელი ისტორიკოსის საიმონ მონტეფიორეს ცნობით, 341 000 რუბლი გადაჰქონდათ.

თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობდნენ: სიმონ ტერ-პეტროსიანი იგივე კამო, მისი სიძე კოტე ცინცაძე, ბაჭუა კუპრიაშვილი და დათიკო ჭიაბრიშვილი. ასევე, სამი ქალბატონი: ფაცია გალდავა, ანეტა სულაქველიძე და ალექსანდრა დარახველიძე. ისინი კობა ჯუღაშვილის – სტალინის ბანდის ე. წ. „დრუჟინის“ წევრები იყვნენ.

თავდამსხმელებმა ყუმბარები და შაშხანები გამოიყენეს, რის შედეგადაც საინკასაციო ფაეტონის თანხლები სამი კაზაკი და ორი გამვლელი ადგილზე დაიღუპა. 20-მდე ადამიანი კი დაიჭრა. თანხა 341 000 რუბლი, ახლანდელი კურსით, 3,5 მილიონი აშშ დოლარი მთლიანად გაიტაცეს“.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close