მსოფლიოპოლიტიკა

დღეს საღამოს ემანუელ მაკრონი საფრანგეთის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართავს ახალი შეზღუდვების თაობაზე

„მძიმე გადაწყვეტილებებს უნდა ველოდოთ“ - ერთ-ერთი მთავარი სცენარია ლოქდაუნი, თუმცა უფრო მოქნილი, ვიდრე გაზაფხულზე

საფრანგეთი კომენდანტის საათის შემოღებიდან ორი კვირის თავზე კოვიდ-19-ის აგრესიული გავრცელების შესაჩერებლად ახალი შემზღუდავი ზომების დაწესებას აპირებს. ამის თაობაზე რესპუბლიკის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დღეს საღამოს, 20:00 საათზე (პარიზის დროით) კიდევ ერთხელ მიმართავს ტელევიზიით საფრანგეთის მოსახლეობას.

ახალ ზომებზე მსჯელობის მიზნით ბოლო 2 დღის განმავლობაში მაკრონმა 2-ჯერ მოიწვია ელისეს სასახლეში უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრ ჟან კასტექსის და 10-მდე მინისტრის მონაწილეობით.

„ლე პარიზიენის“ ინფორმაციით, მთავრობა ორ მთავარ სცენარს განიხილავს: კომენდანტის საათის გაგრძელებას და გამოსასვლელ დღეებში დაწესებულებების დაკეტვას ან ქვეყნის 4-კვირიან ლოქდაუნს, თუმცა უფრო მოქნილს, ვიდრე ეს გაზაფხულზე იყო.

გუშინ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საფრანგეთის შს მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა France Inter-ის ეთერში განაცხადა, რომ „მძიმე გადაწყვეტილებებს უნდა ველოდოთ“.

საფრანგეთი ერთ-ერთია იმ ევროპულ ქვეყნებს შორის, სადაც ბოლო კვირების განმავლობაში კორონავირუსული ინფექცია ყველაზე სწრაფად ვრცელდება, რის გამოც საავადმყოფოები დიდ დატვირთვას განიცდიან.

27 ოქტომბრის საღამოს მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 527 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, რაც 22 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, მათგან 235 – ე. წ. მზრუნველობის სახლებში.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირება 33 417 ადამიანს დაუდასტურდა. წინა დღით კი ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა – 52 010 შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა ქვეყანაში უკვე მილიონ 200 ათასს აღწევს, გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა კი – 35 541-ს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close