საზოგადოებასაქართველო

„დიდი ტყუილია, როდესაც ამბობენ, რომ საქართველომ კოვიდთან ბრძოლაში კრახი განიცადა“ – თენგიზ ცერცვაძე

„მინდა ყველას, ვინც ხელმძღვანელობს პრინციპით – „რაც უარესი, მით უკეთესი“, ვინც ამბობს, რომ ქვეყანაში სიკვდილობა კატასროფულად იზრდება და ცდილობს წარმოაჩინოს, რომ საქართველომ COVID-თან ბრძოლაში კრახი განიცადა, მკაფიოდ და გასაგებად ვუთხრა – ეს ტყუილია. დიდი ტყუილი“, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე პოსტს ავრცელებს.

nostal.ge თენგიზ ცერცვაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონი გიორგი კანდელაკი ა.წ. 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ ფეისბუქ პოსტში წარუმატებლად შეეცადა ნეგატიურად შეეფასებინა ქვეყანაში სახელისუფლებო ვერტიკალისა და ექიმების მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო პოლიტიკა და ღონისძიებები (მაშინ მან თავი აარიდა ჩვენთან ამ საკითხზე ტელედებატებს).

ა.წ. 17 და 18 ოქტომბერს ბ-ნმა გიორგიმ და ბ-ნმა რევაზ ბოჭორიშვილმა (რომელიც საფრანგეთში საქმიანობს) გამოაქვეყნეს პოსტები, სადაც დაუფარავი კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ ჯანმო-ს საერთაშორისო კვლევა Solidarity-ის შუალედური შედეგების მიხედვით, არ დადასტურდა მედიკამენტ რემდესივირის (ისევე, როგორც ამ კვლევაში ჩართული სხვა მედიკამენტების) ეფექტი COVID-19-ის მკურნალობაში და ნიშნის მოგებით და ძალიან ნეგატიურად აფასებენ ქვეყანაში COVID-19-ის კლინიკური მართვის პროცესს. სრულიად გაუგებარია, რა უხარიათ ან რა აქვთ ნიშნის მოსაგები და სასაყვედურო. საიდან ამდენი ტყუილი, ღვარძლი და ბოღმა. რა, თუ მედიკამენტები, რომლებსაც მთელი მსოფლიო იმედის თვალით შეჰყურებს, არაეფექტიანი ან ნაკლებ ეფექტიანი გამოდგა, ეს სასიხარულოა და ვინმესთვის კარგია? რატომ ვერ ეგუებიან ისინი, რომ ბოლო პერიოდში COVID-19-ით მკვეთრად გაზრდილი ავადმყოფების რაოდენობის მიუხედავად ქვეყანა მაინც წარმატებით მართავს პროცესებს.

მინდა ყველა იმ პირს, რომელიც ხელმძღვანელობს პრინციპით „რაც უარესი, მით უკეთესი“. ვინც ამბობს, რომ ქვეყანაში სიკვდილობა კატასროფულად იზრდება და ცდილობს წარმოაჩინოს, რომ საქართველომ COVID-თან ბრძოლაში კრახი განიცადა, მკაფიოდ და გასაგებად ვუთხრა, რომ ეს ტყუილია. დიდი ტყუილი. COVID პაციენტების მკვეთრად გაზრდილი რაოდენობის პირობებშიც კი საქართველო ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც აქვს გარდაცვალების შემთხვევების ევროპის 49 ქვეყანასა და ამერიკის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, როგორც პროცენტულად (0,73%), ისე გარდაცვლილთა აბსოლუტური რაოდენობით ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით (48 გარდაცვლილი). ეს ასეა, მოსწონთ თუ არა ეს მათ და შეუძლიათ ამაში მარტივად დარწმუნდნენ, თუ გაეცნობიან ევროპის CDC-ის, ამერიკის CDC-ისWorldometers-ის და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მონაცემებს. გასაგებია, რომ მათ და მათ თანამოაზრეებს „სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდათ“, მაგრამ ეს არ აძლევს მათ ადამიანების ბედით მანიპულირების უფლებას.

ბ-ნი რევაზი თავის პოსტში წერს: „საქართველოში დღეს რაც ხდება, მსგავსი დაბოლების?!, COVID-ის გაპოლიტიზირებისა და მკერდში მჯიღების ცემის შედეგიცაა“?!. ისეთი რა ხდება ბატონო რევაზ, რაც საფრანგეთში არ გინახავთ? მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში COVID-19-ის შემთხვევების მკვეთრი მატების მიუხედავად, საქართველო ყველა მაჩვენებლით ბევრად სჯობნის საფრანგეთს, სადაც თქვენ საქმიანობთ. კერძოდ, საფრანგეთში 24 ოქტომბრის მონაცემებით სულ დაფიქსირებულია 1 041 075 შემთხვევა და 34 508 გარდაცვალება (3,31%). მაშინ, როცა საქართველოში დაფიქსირებულია 26 503 შემთხვევა და 193 გარდაცვალება (0,73%). 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საფრანგეთში COVID-19-ის 15 938 შემთხვევაა და 528 გარდაცვალება, მაშინ როდესაც საქართველოში – COVID-19-ის 6 648 შემთხვევაა და 48 გარდაცვალება – ანუ 11-ჯერ ნაკლები?! ვიდრე საფრანგეთში და ეს მაშინ, როცა საქართველოს ეკონომიკა და ჯანდაცვის სისტემა მთლიანობაში საფრანგეთისაზე ბევრად უფრო სუსტია და კიდევ აქეთ გვედიდგულებით? COVID-19-ის ახალი შემთხვევებითაც კი საფრანგეთში უარესი მდგომარეობაა 42 038 ახალი შემთხვევაა (1 მილიონ მოსახლეზე – 647), ვიდრე საქართველოში – 1941 ახალი შემთხვევაა (1 მილიონ მოსახლეზე – 511). აღსანიშნავია აგრეთვე, რომ საქართველომ ამას სწორედ COVID-19-ის უკეთესი მართვით, მათ შორის, უკეთესი კლინიკური მართვით მიაღწია და არა ჩაკეტვებითა და შეზღუდვებით, რამეთუ ეს უკანასკნელი გაზაფხულზეც და მით უმეტეს ახლა გაცილებით უფრო მკაცრი და მასშტაბური იყო საფრანგეთში, ვიდრე საქართველოში (თუ გინდათ ჩამოგითვლით). ასე, რომ ბ-ნმა რევაზმა უმჯობესია თავის საფრანგეთს მიხედოს. ის მაინც გაიხსენოს რა საშინელებები ხდებოდა საფრანგეთში (და ევროპის სხვა ქვეყნებშიც), თუ რამდენი ხანი ელოდებოდნენ ავადმყოფები (მათ შორის მძიმე ავადმყოფები) ტესტის პასუხებს და ჰოსპიტალიზაციას და რამდენი ავადმყოფი მოუკვდათ ისე, რომ საავადმყოფოში მოხვედრაც არ ეღირსათ, ან როგორ მიჰყავდათ მძიმე ავადმყოფები გადასარჩენად მეზობელ გერმანიაში. საქართველოში ხომ ჯერჯერობით არაფერი მსგავსი არ ხდება.

ახლა, ყველაზე გულდასაწყვეტი და ჩვენთვის მტკივნეული.

ბ-ნმა გიორგიმ, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემდით, ჩვენგან ყოველგვარი საბაბის გარეშე ძალიან მოუხშირა არაკორექტულ და შეურაცხმყოფელ პასაჟებს ჩვენს მიმართ. იგი თავის თავს უფლებას აძლევს თავის პოსტებში გამოთქვას თავისი კოლეგების მიმართ ისეთი არაკორექტული და სინამდვილეს მთლიანად აცდენილი ბრალდებები, როგორიცაა: „ღია კორუფციაში“?! ბრალდება COVID-19-ით უსიმპტომო პაციენტების ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით. იგი აცხადებს, რომ COVID კლინიკები სავსეა პირდაპირ „სახნავ-სათესიდან წამოყვანილი“ უსიმპტომო პაციენტებით (ისე, რომ არცერთ COVID კლინიკაში ერთხელაც არ არის ნამყოფი), უაპელაციოდ აცხადებს, რომ „ჩვენ უკვე ვავნეთ ასობით ადამიანს“?! ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობით და შევეცადოთ აღარ ვავნოთ სხვა მკურნალობებით“?! „რომ არ წავიტეხოთ ცხვირი ისე, როგორც მოგვივიდა ჰიდროქსიქლოროქინის შემთხვევაში წარსულში და რემდესივირის შემთხვევაში სულ ახლახანს“?!

ეს უკვე სცდება არაკორექტულობის და არაეთიკურობის ფარგლებს და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, კორუფციის ბრალდებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ხომ შეიძლება ვიღაცამ მართლა დაიჯეროს, რომ ჩვენ ასობით ადამიანს უკვე ვავნეთ?! მითუმეტეს, რომ ჰიდროქსიქლოროქინს COVID პაციენტების გარდა ბევრი სხვა ავადმყოფებიც იღებენ და ყველა მათგანი სტრესში აღმოჩნდება. ან კიდევ მართლა „წავიტეხეთ ცხვირი“ წარსულშიც და სულ ახლახანს (რა აზრები მოგდით?).

ვის რა ვავნეთ ბატონო გიორგი? ან რაზე „წავიტეხეთ ცხვირი“? ჰიდროქსიქლოროქინზე ჩვენთან არცერთი გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა და პრაქტიკულად ყველა ავადმყოფი განიკურნა, ხოლო რემდესივირი კი ჯერ საერთოდ არ გამოგვიყენებია და რომც გამოგვეყენებინა, რა? მთელი მსოფლიო იყენებს და FDA-მაც უკვე ოფიციალურად დაამტკიცა. კიდევ რაღას ვუცადოთ? გამოდის, რომ თქვენს გარდა ყველამ „ცხვირი წაიტეხა“? და საერთოდ საქართველოში სადღეისოდ 50-მდე COVID კლინიკა მუშაობს და თან სულ სხვადასხვა გემოვნების და ბ-ნ გიორგის სხვადასხვა კვლევების შედეგებით მანიპულირების ნაცვლად, რომლებიც ისედაც ყველამ კარგად ვიცით, თავისუფლად შეეძლო ემუშავა რომელიმე მათგანში და თავისი წვლილი შეეტანა პაციენტების მკურნალობაში. თორემ სანამ ბ-ნი გიორგი და მისი თანამოაზრეები ცდილობენ იპოვნონ „კატა ბნელ ოთახში“, ჩვენ დიდი წარმატებით ვუმკურნალეთ 26 ათასზე მეტ COVID-19-ით ავადმყოფს ევროპასა და ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სიკვდილობის მაჩვენებლით.

ახლა რაც შეეხება რემდესივირს.

ეს მედიკამენტი მიუხედავად იმისა, რომ არ იყო იდეალური და ჩვენც არ ვყოფილვართ მისი მეხოტბე, მაინც მთელ მსოფლიოში დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა და ახლაც ითვლება ყველაზე იმედისმომცემად იმ ანტივირუსულ პრეპარატებს შორის, რომლებიც კლინიკურ კვლევებს გადიან. ამ პრეპარატზე უზარმაზარი მოთხოვნა იყო და ჯერ კიდევ არის მთელ მსოფლიოში და რა არის გასაკვირი, რომ საქართველოც იჩენდა ინტერესს. ასე მაგალითად, აშშ-მ წინასწარ შეისყიდა ქვეყნისთვის საჭირო მთელი წლის მარაგი, ხოლო ევროპის 37-მა ქვეყანამ სულ ახლახანს შეიძინა 500 ათასი პაციენტისთვის საჭირო მედიკამენტი. საქართველო ყოველთვის იჩენდა სიფრთხილეს და თუ საბოლოოდ (და არა შუალედური დასკვნით) დადასტურდება, რომ ეს მედიკამენტი მართლაც არაეფექტიანი და უსარგებლოა, საქართველო ყველაზე ნაკლებად დაზარალდება, მაგრამ ჯერ-ჯერობით კვლევები, მათ შორის Solidarity გრძელდება და დაველოდოთ საბოლოო შედეგებს. მითუმეტეს, რომ შუალედურ დასკვნაშიც არ არის კატეგორიულად ნათქვამი, რომ რემდესივირი მთლიანად უსარგებლოა. ამავე დროს არსებობს სხვა რანდომიზებული კონტროლირებული კვლევებიც, რომელთა მიხედვითაც რემდესივირი სარწმუნოდ ამცირებს სიკვდილობას გარკვეული კატეგორიის (ჟანგბადდამოკიდებულების ადრეულ სტადიაზე) ავადმყოფებში. 2020 წლის 24 ივლისის NIH-ის გაიდლაინშიც რეკომენდებულია რემდესივირის მიცემა COVID-19-ით ჟანგბადდამოკიდებული (მხოლოდ არა მექანიკურ ვენტილაციაზე მყოფი) პაციენტებისათვის.

საგულისხმოა, რომ აშშ-ს FDA-მ სამწუხაროდ არ გაიზიარა ბ-ნი გიორგის და ბ-ნი რევაზის პოზიცია და 23 ოქტომბერს ოფიციალურად დაამტკიცა რემდესივირი ჰოსპიტალიზებული COVID-19-ით ავადმყოფების სამკურნალოდ. ადრე (ა.წ. 1 მაისს და 28 აგვისტოს) იგივე FDA-ის გაცემული ჰქონდა რეკომენდაცია ამ პრეპარატის მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების (for emergency use) დროს გამოყენებაზე.

ამდენად, რემდესივირი გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც ოფიციალურად არის რეკომენდებული COVID-19-ით ავადმყოფების სამკურნალოდ.

რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას საერთაშორისო კვლევებში, მსოფლიო ლიდერების Antony Fauci-ის (აშშ) და Jens Lundgren-ის (დანია) უშუალოდ რეკომენდაციით ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი (და არა მთლიანად საქართველო) მონაწილეობს COVID-19-ის საწინააღმდეგო მონოკლონური ანტისხეულების კლინიკურ კვლევაში და არა „Solidarity”-ში, რაც ჩვენი ცენტრისადმი უდიდესი ნდობის გამოხატვის მაჩვენებელია. ასე, რომ ტყუილს ბ-ნი რევაზი ამბობს და არა ჩვენ.

რაც შეეხება კვლევა „Solidarity“-ის, საქართველო ნამდვილად მონაწილეობს ამ კვლევაშიც და ა.წ. 13 ოქტომბერს ჯანმო-მ ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს შემოგვეტანა რემდესივირი აღნიშნული კვლევისათვის და ამ მედიკამენტის შემოტანა, რომელზეც ბ-ნმა გიორგიმ, ბ-ნმა რევაზმა და სხვებმა ამდენი ხმაური ატეხეს, სწორედ ამ კვლევისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა მას შემდეგ, რაც FDA-იმ რემდესივირი უკვე ოფიციალურად დაამტკიცა, მისი გამოყენება კვლევის გარეთაც სავსებით გამართლებულია. ისიც საგულისხმოა, რომ 1 კურსის ღირებულება არის არა 3500 ან 2000 აშშ დოლარი, არამედ 156 ან 286 აშშ დოლარი (6 ან 11 ფლაკონი სხვადასხვა სიმძიმის ავადმყოფებისთვის). ასე, რომ ჩვენ ყველაფერს სწორად და COVID პაციენტების ინტერესებისთვის ვაკეთებდით და ვაკეთებთ და თუ შემდგომში ჯანმო ოფიციალურად მაინც ამოიღებს რემდესივირს ხმარებიდან, ბუნებრივია ჩვენც ასე მოვიქცევით.

რაც შეეხება ირონიას იმ ფაქტისადმი, რომ ამერიკის პრეზიდენტს ბ-ნ ტრამპს რემდესივირით უმკურნალეს, ყოვლად უადგილოა. როგორ ფიქრობთ, ამერიკის საუკეთესო ექიმთა გუნდი, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო ბ-ნ გიორგიზე ან ბ-ნ რევაზზე ნაკლებად იცნობდა Solidarity-ის კვლევის შედეგებს და ზოგადად რემდესივირის ავკარგიანობას? რაიმე სერიოზული წონადი არგუმენტის გარეშე ისინი არავითარ შემთხვევაში არ გაუკეთებდნენ თავისი ქვეყნის პრეზიდენტს „ექსპერიმენტულ“ არაეფექტიან მედიკამენტს და ისიც ინტრავენურად. ასე, რომ არა მგონია, ეს ფაქტი ვინმეს „საღადაო“ იყოს და თუ საქართველოშიც COVID-19-ით ავადმყოფებს ახლო მომავალში ექნებათ საშუალება იმკურნალონ იგივე მედიკამენტებით (რემდესივირი, მონოკლონური ანტისხეულები და სხვ.), რომლითაც ამერიკის პრეზიდენტს უმკურნალეს, არ გვგონია, რომ ეს ცუდი იყოს, დამოუკიდებლად იმისა, მოსწონთ ეს ბ-ნ გიორგის და ბ-ნ რევაზს, თუ არა.

ბ-ნი გიორგი ძალიან ხშირად იმეორებს, რომ „ერთადერთი ეფექტიანი პრეპარატი დღესდღეისობით არის დექსამეტაზონი“. მე არ ვიცი, რა საჭიროა „ღია კარის მტვრევა“. დექსამეტაზონს ჩვენ ისედაც უკვე ძალიან დიდი ხანია ვიყენებთ, რაც ასახულია ჩვენს გაიდლაინში.

რაც შეეხება კიდევ ერთ ინოვაციურ მეთოდს – COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული ავადმყოფების (კონვალესცენტების) პლაზმის გამოყენებას COVID-19-ით პაციენტების სამკურნალოდ, მართალია დიდი რანდომიზებული, კონტროლირებული კვლევები ჯერ დასრულებული არ არის, მაგრამ ამერიკის FDA-ის ა.წ. 23 აგვისტოს გაცემული აქვს რეკომენდაცია კონვალესცენტების პლაზმის გამოყენებაზე გადაუდებელი მდგომარეობებისთვის (an emergency use) და სადღეისოდ ასეთი პლაზმა უკვე გადაესხა 85 ათასზე მეტ COVID-ით პაციენტს და სერიოზული გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. სარგებელი კი ბევრმა (თუმცა არა ყველამ) მიიღო. ჩვენ ჯერ-ჯერობით COVID-19-თ 6 ავადმყოფს გადავუსხით კონვალესცენტის პლაზმა და 4 შემთხვევაში კარგი შედეგი მივიღეთ (თუმცა ეს ძალიან ცოტაა). დიდი ალბათობით კონვალესცენტების პლაზმის ეფექტი ან უეფექტობა დამოკიდებულებია იმაზე, თუ რა კონცენტრაციით შეიცავს ის ე.წ. დამცველობით (მანეიტრალიზებელ) ანტისხეულებს. ხოლო იმის სწავლება, რომ „პაციენტების ინფორმირება უნდა მოვახდინოთ“, არასერიოზულია, რადგან სპეციალური ინფორმირებული თანხმობის გარეშე კონვალესცენტების პლაზმას არავინ ასხამს.

საგულისხმოა, რომ ბ-ნი გიორგი მაქსიმალურად შეეცადა ამ მეთოდის დისკრედიტაციას და პოტენციური დონორების დარწმუნებას, რომ არ ჩაებარებინათ პლაზმა. ამავე დროს იქვე ამბობს, რომ „თუ რესურსი გვაქვს, თავადაც ჩავატაროთ კვლევები“ კონვალესცენტების პლაზმაზეო. ბ-ნი გიორგი, სწორედ დონორების რესურსი რომ გვჭირდება, ამიტომ მოვუწოდეთ კონვალესცენტებს პლაზმის ჩაბარებისკენ, რასაც თქვენ ასე შეეწინააღმდეგეთ და არ გვგონია, რომ ამით კარგი საქმე გააკეთეთ.

აი ასეთია სინამდვილეში დღევანდელი COVID სიტუაცია საქართველოში თავისი სერიოზული გამოწვევებით და იმედებით“, – წერს თენგიზ ცერცვაძე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close