მესამე რაიხის პოლიტიკა მოქალაქეების პირად ცხოვრებაში აქტიურ ჩარევას გულისხმობდა, რადგან მხოლოდ ასე იყო შესაძლებელი „ჭეშმარიტი არიელების“ აღზრდა. გერმანელების ცხოვრება ადრეული ასაკიდან მკაცრად რეგლამენტირებული იყო. ვინაიდან ბავშვებს ფიურერისა და ნაციონალ-სოციალისტური პარტიის სიყვარული დედამ უნდა ჩააგონოს, დასაწყისისთვის საჭიროა თავად ქალების ანუ მომავალი დედების აღზრდა. სწორედ ამისთვის შეიქმნა „იდეალური, ნაცისტი ცოლების ინკუბატორი“ ანუ საცოლეების სკოლა.
სამი „K“ – Kinder, Küche, Kirche
მესამე რაიხის მეთაურებს სწამდათ, რომ ქალებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, თანამდებობის დაკავებისა და პროფესიის მიღების უფლება არ აქვთ. მაგალითად, ქალისთვის მედიცინისა და იურისპრუდენციის სფეროები აკრძალული იყო. ნაცისტურ იდეოლოგიაში ქალის მისია მკაფიოდ განსაზღვრული გახლდათ: ქმრის მსახურება, ოჯახისა და შვილების მოვლა.
1934 წლის სექტემბერში ქალთა ნაციონალ-სოციალისტური ორგანიზაციის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ჰიტლერმა განაცხადა, რომ გერმანელი ქალის სამყარო მისი ქმარი, შვილები და ოჯახია. მაშინ პროპაგანდისტებმა განაცხადეს, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია და გაიხსენეს გერმანიის კაიზერ ვილჰელმ II-ის გამოთქმა „Kinder, Küche, Kirche“ ანუ „ბავშვები, სამზარეულო და ეკლესია“.
პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ გერმანიას ახალი მოქალაქეები, ხოლო მესამე რაიხს იდეოლოგიურად ერთგული ჯარისკაცები ესაჭიროებოდა. ამისთვის საჭირო იყო ქალები ეიძულებინათ ან დაერწმუნებინათ, რომ მეტი შვილი გაეჩინათ და შემდეგ „ნამდვილ არიელებად“ აღეზარდათ.
მესამე რაიხის პირველი გადაწყვეტილება ტრადიციულ, გენდერულ როლებთან დაბრუნება იყო. მიიღეს კანონი ქორწინების წახალისების შესახებ, რომელიც ახალდაქორწინებულებს საშუალებას აძლევდა, რომ აეღოთ კრედიტი 1000 მარკის ოდენობით (დაახლოებით, 3500 ევრო).
ოჯახში ყოველი ბავშვის დაბადების შემდეგ ვალი 250 მარკით მცირდებოდა. შესაბამისად, ოთხი შვილის გაჩენის შემთხვევაში ახალდაქორწინებულები ვალისგან სრულიად თავისუფლდებოდნენ. ამის პარალელურად მთავრობა ახალგაზრდა გერმანელი ქალების მორალურ სახეს ყურადღებით ადევნებდა თვალს. მათ აკრძალული ჰქონდათ ალკოჰოლური სასმელების მიღება, სიგარეტის მოწევა და გამომწვევად ჩაცმა, ხოლო უცხოელთან კონტაქტისთვის შესაძლოა ციხეში ამოეყოთ თავი. აბორტი, ბუნებრივია, აკრძალული იყო, კანონის დამრღვევს კი პატიმრობა ელოდა.
მალე მესამე რაიხში შენიშნეს, რომ ზემოხსენებული ზომები ისეთი ეფექტიაი არ იყო, როგორც ელოდნენ, ამიტომ გადაწყვიტეს გაეხსნათ საცოლეების სკოლა. სკოლაში უფრო მარტივი იქნებოდა ნამდვილი პატრიოტების აღზრდა, რომლებიც მზად იქნებოდნენ, შვილები ფიურერის სადიდებლად გაეჩინათ და გაეზარდათ. ამის შემდეგ ახალგაზრდა გერმანელი ქალებისთვის საცოლის სერტიფიკატი პირადი ცხოვრების საგზურად იქცა.
1936 წელს რაიხსფიურერმა ჰენრიხ ჰიმლერმა გამოსცა ბრძანება, რომელიც პარტიის წევრ ქალებს საცოლეების სკოლის დამთავრებას ავალდებულებდა.
საცოლეების სკოლის შექმნა და ხელმძღვანელობა ქალთა ნაციონალ-სოციალისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელს დაევალა. პირველი სკოლა შვანენვერდერის ტბასთან, ჰებელსის ვილის სიახლოვეს გაიხსნა.
საცოლეების სკოლის პირველი მოსწავლეები იყვნენ ქალები, რომლებსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ ცოლად SS (პარამილიტარისტული ორგანიზიაცია შუტსტაფელი) რაზმის წევრებს გაჰყოლოდნენ. მოგვიანებით სკოლაში ოფიცრების საცოლეების მიღება დაიწყეს. 1944 წლისთვის გერმანიის ტერიტორიაზე უკვე 32 ასეთი სკოლა მოქმედებდა.
საცოლის სკოლაში მისაღებად აუცილებელი იყო რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილება: ნამდვილი არიელის სისხლი და საცოლისა და მისი მშობლების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
სკოლაში მიღების დროს კომისია უპირატესობას მაღალ, ქერათმიან და ფერადთვალება ქალებს ანიჭებდა.
საცოლეების სკოლაში სწავლის კურსი 6 კვირას მოიცავდა. ამ დროის მანძილზე ახალგაზრდა ქალებს ასწავლიდნენ ხალხურ სიმღერებს, კულინარიას, ოჯახური მეურნეობის მართვას, მებაღეობას, ბავშვებისა და ცხოველების მოვლას. სკოლაში ყოველდღე ტარდებოდა სპორტის გაკვეთილები, რომ იდეალურ საცოლეებს ჯანმრთელობაც იდეალური ჰქონოდათ.
საცოლეების სკოლის მოსწავლეები ვალდებულებას იღებდნენ, რომ ჰიტლერისა და ნაცისტური იდეალების ერთგულ შვილებს აღზრდიდნენ. ასევე, პირობას დებდნენ, რომ ეკლესიის ნაცვლად პარტიის ყრილობაზე დაქორწინდებოდნენ. სწავლის დასრულებისას ახალგაზრდა ქალებს გათხოვების სერტიფიკატს გადასცემდნენ. ქალს, რომელიც სერტიფიკატს ვერ მიიღებდა, გათხოვება ეკრძალებოდა.
ახალგაზრდა ქალები აცნობიერებდნენ, რომ საცოლის სერტიფიკატი მათი საგზურია პირად ცხოვრებაში. ამ დროისთვის ქალებს უმაღლესი განათლება, ფაქტობრივად, ეკრძალებოდათ. ქალებს მასობრივად ათავისუფლებდნენ ჯანდაცვის, განათლებისა და იურისპრუდენციის სფეროებიდან და უზრუნველი ცხოვრების ერთადერთი შანსი „სამაგალითო არიელზე“ გათხოვება იყო.
სერტიფიცირებულ საცოლეებზე ნამდვილი ნადირობა იყო გამოცხადებული. ასეთ ქალთან ქორწინება პრესტიჟულად ითვლებოდა. ამასთან, ნაცისტური პროპაგანდა ქალის საოჯახო საქმიანობას ყველაზე საპატიო და დაფასებულ შრომად აცხადებდა.
მრავალშვილიან დედებს „გერმანელი დედის საპატიო ჯვრით“ აჯილდოებდნენ. თუ დასაქმებული ქალი გათხოვების შემდეგ მუშაობას თავს ანებებდა, მას უპროცენტო სესხის აძლევდნენ და ყოველთვიურ დახმარებას უნიშნავდნენ. ოჯახებს, სადაც 8 შვილზე მეტი იზრდებოდა, დამატებითი დახმარება ენიშნებოდა – ყოველთვიურად 500 მარკა.
ნაცისტების მცდელობით, გერმანიაში შობადობა სწრაფად იზრდებოდა: 1934 წელს ქვეყანას დაახლოებით მილიონი ბავშვი მოევლინა, ხოლო 1939 წელს ამ რიცხვმა1,5 მილიონს გადააჭარბა.
თუ ვერ გათხოვდი, უნდა იმუშაო!
რა ბედი ელოდათ ქალებს, რომლებმაც საცოლეების სკოლა ვერ დაასრულეს ან, უბრალოდ, გათხოვება ვერ შეძლეს? მათ მიმართ მესამე რაიხი შეუვალი იყო – თუ ვერ გათხოვდი, უნდა იმუშაო!
1939 წლიდან 25 წლამდე ასაკის გაუთხოვარი გერმანელი ქალი ვალდებული იყო, პარტიისა და სამშობლოს საკეთილდღეოდ ემუშავა. მაღალი წრის გაუთხოვარი ქალბატონები ეწეოდნენ მძიმე ფიზიკურ შრომას სოფლის მეურნეობაში ან მრავალშვილიან ოჯახში მომვლელად მუშაობდნენ. რაც შეეხება ქალებს დაბალი სოციალური წრიდან, მათ შრომით ბანაკებში ყველაზე მძიმე და ბინძურ საქმეებზე ამუშავებდნენ.
არავინ იცის, რით დასრულდებოდა მესამე რაიხის ექსპერიმენტი, რომ არა მეორე მსოფლიო ომში დამარცხება. 1945 წელს „უმაღლესი რასის“ ადამიანების შესაქმნელი კონვეირი გაჩერდა და, საბედნიეროდ, აღარასოდეს ამუშავებულა.
„პროგრესნიუსი“
კომენტარები