ისრაელში მკაცრი საყოველთაო კარანტინი დაიწყო, მთავრობამ ქვეყნიდან გამგზავრებაზეც შეზღუდვა დააწესა
ისრაელში დღეს, 25 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 14:00 სთ-იდან (თბილისის დროით 15:00 სთ) ამოქმედდა გამკაცრებული ზომები, რის შედეგადაც 18 სექტემბერს შემოღებული კაარანტინი, პრაქტიკულად, ტოტალური გახდა. მკაცრი საყოველთაო შეზღუდვები, რომელსაც ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა „ჰერმეტული კარანტინი“ უწოდეს, 2 კვირა გაგრძელდება. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ოქტომბრის პირველ დეკადამდე ქვეყანაში შეწყდა მუშაობა ყველა დაწესებულებაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების გარდა. შეზღუდვები ვრცელდება სინაგოგებზეც.
არ დაიკეტება მხოლოდ პროდუქტის მაღაზიები, პირველადი მოხმარების საგნებით მოვაჭრე ჯიხურები და აფთიაქები, აგრეთვე, მუშაობას გააგრძელებს წარმოებების ნაწილი, რომელთათვისაც გამონაკლისი დაუშვეს, რადგან მათი საწარმოო ციკლის გაჩერება არ შეიძლება.
ისრაელელებს 2 კვირის განმავლობაში აეკრძალათ სტუმრად სიარული, საცხოვრებელი სახლიდან 1 კილომეტრზე შორს გადაადგილება საპატიო მიზეზის გარეშე (სამუშაოზე წასვლა, სამედიცინო მიზნები და ა. შ.); შენობაში აკრძალულია 10 ადამიანზე მეტის თავშეყრა, ღია სივრცეში – 20-ზე მეტის.
ისრაელში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი სექტემბერში მკვეთრად იზრდება. 24 სექტემბერს, ერთი დღე-ღამის განმავლობაში 8126 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (დღეს, 25 სექტემბერს – 5784) მაშინ, როდესაც 6 ივნისს მხოლოდ 160 იყო, 2 ივლისს – დაახლ. 1000, 5 აგვისტოს – 2 ათასზე მეტი, 17 სექტემბერს – 6 ათასზე მეტი, 23 სექტემბერს – 7 ათასამდე. 9-მილიონიან ისრაელში ამ დროისთვის ინფიცირების მთლიანმა მაჩვენებელმა 217 899-ს მიაღწია. კოვიდ-19-ის დიაგნოზით გარდაიცვალა 1412 ადამიანი (+34 – ბოლო ერთ დღეში).
გადაწყვეტილება მკაცრი კარანტინის (ე. წ. ჰერმეტული ლოქდაუნის) შესახებ მრავალსაათიანი კამათის შემდეგ მიიღეს. კორონავირუსთან ბრძოლის კოორდინატორი რონი გამზო კერძო სექტორის სრული დაკეტვის წინააღმდეგ გამოდიოდა იმ მოტივით, რომ ასეთი ნაბიჯი ეკონომიკას დიდ ზიანს მიაყენებს.
პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი განაცხადა: „რას ველოდოთ? მაინც მოგვიწევს ტოტალური კარანტინის შემოღება. სუკოტამდე (2-9 ოქტ., 2020 – რედ.) თუ დავიცდით, ეს უფრო ძვირი დაგვიჯდება“.
ქვეყნის მეთაური კორონავირუსის კაბინეტის სხდომაზე 23 სექტემბერს საღამოს გამოვიდა.
„…კორონავირუსის მეორე ტალღა მსოფლიოს ყველა ქვეყანას ურტყამს და, მათ შორის, ჩვენც. ისრაელში დაავადების შემთხვევები იზრდება, იზრდება მძიმე ავადმყოფთა და, სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რიცხვიც. ბოლო ორი დღის განმავლობაში სპეციალისტების შეფასებებს ვისმენთ, რომ თუ დაუყოვნებლივ არ მივიღებთ მკაცრ ზომებს, უფსკრულის პირას აღმოვჩნდებით.
იმისათვის, რომ ისრაელელთა სიცოცხლე ვიხსნათ, 2-კვირიანი მკაცრი კარანტინი უნდა შემოვიღოთ, რომელიც დაიწყება პარასკევს და სიმხათ თორას (10-11 ოქტ. 2020) დღესასწაულის ბოლომდე გაგრძელდება. ამის შემდეგ იქნება კარანტინის კიდევ 2 კვირა, ვიმედოვნებ, არც ძალიან მკაცრის, მაგრამ ვიმეორებ: ყველაფერი მონაცემებზეა დამოკიდებული.
როგორც კი სიტუაცია საშუალებას მოგვცემს, პროგრამა „შუქნიშანს“ დავუბრუნდებით და გავაგრძელებთ ჩვეულებრივ ცხოვრებას კორონავირუსის პირობებში. ჩვენი მიზანია – შევამციროთ დაავადების გავრცელების ტემპები და გადავარჩინოთ ბევრი ისრაელელის სიცოცხლე“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
პრემიერ-მინისტრი დისკუსიის მიმდინარეობისას თავდაცვის მინისტრ ბენი განცსაც ესაუბრა, რომელიც ვაშინგტონში იმყოფება. ბენი განცი დაეთანხმა ნეთანიაჰუს: „უმჯობესია დღეს, ვიდრე ერთი თვის შემდეგ“.
საბოლოო ჯამში, გადაწვეტილება კორონავირუსის კაბინეტის ნაცვლად ისრაელის მთავრობამ მიიღო, სრული შემადგენლობით.
დღეს მიღებული ზომები კორონავირუსის პირველი ტალღის დროს, მარტიდან მაისამდე მიღებულ ზომებზე მკაცრია.
ისრაელის ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე სრული ბლოკადა ისრაელის ეკონომიკას 35 მლრდ შეკელი (10 მლრდ 55 მლნ აშშ დოლარზე მეტი) დაუჯდება.
ისრაელმა დღეს, 25 სექტემბერს დამატებითი შეზღუდვები შემოიღო ქვეყნიდან თვიმფრინავით გამგზავრებაზე კარანტინის მოქმედების პერიოდში. აეროპორტებში დაიშვებიან მხოლოდ ის მგზავრები, რომლებმაც 25 სექტემბრის 14:00 საათამდე შეიძინეს ბილეთები. ამის შესახებ ტრანსპორტის მინისტრმა მირი რეგევმა განცხადა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
„მათ, ვინც ბილეთები დღეს 14:00 საათამდე შეიძინა, შესაძლებლობა ექნებათ, გაფრინდნენ ქვეყნიდან, ის ადამიანები კი, რომლებაც ამ ვადის შემდეგ შეიძინეს ბილეთები, ვერ შეძლებენ მათ გამოყენებას“, – განაცხადა მინისტრმა. ამასთან, მისივე განმარტებით, ისრაელელების სამშობლოში დაბრუნებაზე შეზღუდვები არ გავრცელდება, თუმცა იმ მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის თვალსაზრისით პრობლემური ქვეყნებიდან ბრუნდებიან, 2-კვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც მგზავრებს ბილეთებში გადახდილ თანხას დაუბრუნებენ.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები