რუსეთში დააკავეს რელიგიური კულტის ლიდერი, რომელიც თავს რეინკარნირებულ იესოს უწოდებდა
რუსეთში დააკავეს რელიგიური კულტის ლიდერი, 59 წლის სერგეი ტოროპი, რომელიც თავს რეინკარნირებულ იესოს უწოდებდა. როგორც რუსული მედია იუწყება, მას ბრალად ედება თავისი მიმდევრების ფულის მითვისება და მათზე ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელთაგან ზოგიერთს სერიოზული ფსიქიკური აშლილობა დაემართა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, დაკავებულია კულტის ლიდერი და მისი ორი მოადგილე, ერთი მოადგილე ყოფილი როკერია. აღსანიშნავია, რომ პოლიციამ სპეცოპერაციის დროს ვერტმფრენები და ფურგონები გამოიყენა.
საბჭოთა კავშირის დაშლამდე, სანამ რელიგიურ სექტას ჩამოაყალიბებდა და მისი ლიდერი გახდებოდა, ტოროპი ავტოინსპექციის ოფიცერი იყო, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მისივე თქმით, „თვალი აეხილა“.
სერგეი ტოროპმა, რომელსაც მიმდევრები „ვისარიონ ქრისტე მასწავლებელს“ უწოდებენ, კრასნოიარსკის რეგიონში 1991 წელს დააარსა რელიგიური მოძრაობა, რომელიც „უკანასკნელი აღთქმის ეკლესიის“ («Церковь последнего завета») სახელითაა ცნობილი.
მედიის ცნობით, „ვისარიონი“ თავდაპირველად თავისი კულტის წევრებს ეუბნებოდა, რომ იესო მათ დედამიწასთან ახლოს მყოფი ორბიტიდან უყურებდა და რუსეთს ქალწული მარიამი მართავდა, თუმცა შემდეგ თავად გამოაცხადა თავი რეინკარნირებულ ქრისტედ. „მე მამა ღმერთის სიტყვით ვცხოვრობ: ყველაფერს, რისი თქმაც მას სურს, ჩემი საშუალებით ამბობს“.
ტოროპს მიმდევრები მრავლად ჰყავს (ზოგიერთი ცნობით, 10 ათასამდე) – არა მარტო მთელი რუსეთიდან, არამედ მისი ქადაგებების მოსასმენად პილიგრიმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ ციმბირში, კრასნოიარსკის მხარეში. მისი მიმდევრების ნახევარზე მეტი კი კრასნოიარსკის მხარეში ცხოვრობს. ტოროპის რელიგიური კულტის ადეპტებისთვის აკრძალულია მოწევა, ფულით ვაჭრობა, ისინი მოკრძალებულად, ხის პატარა ქოხში უნდა ცხოვრობდნენ, მუდმივად უნდა მარხულობდნენ, თუმცა თავად ტოროპს კომფორტულად ცხოვრებაზე „შეზღუდვა“ არ ეხება.
სერგეი ტოროპმა საკუთარი მიმდევრებისთვის „ბიბლიის გაგრძელებაც“ დაწერა, 10 ტომი.
ტოროპის რელიგიური ორგანიზაცია რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროში ოფიციალურადაა დარეგისტრირებული. აღსანიშნავია, რომ აქამდე მას სამართალდამცველებთან პრობლემა არ ჰქონია და თითქმის 30 წლის განმავლობაში შეუფერხებლად აგრძელებდა „მოღვაწეობას“, ახლა რა შეიცვალა რუსეთის ხელისუფლებისთვის, უცნობია, ზოგიერთის აზრით, ამის მიზეზი შესაძლოა ბიზნესინტერესების კონფლიქტი იყოს.
kommersant.ru-ს ცნობით, ნოვოსიბირსკის სასამართლომ, სადაც დაკავებული ტოროპი და მისი ორი თანამოაზრე კრასნოიარსკიდან ვერტმფრენით ჩაიყვანეს, ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მათ ბრალად ედებათ თავიანთი ადეპტების სახსრების მითვისება და მათზე ფსიქოლოგიური ძალადობა, რის შედეგადაც ზოგიერთ მიმდევარს სერიოზული ფსიქიკური აშლილობა დაემართა. როგორც ამბობენ, სექტის მეთაურები არ ერიდებოდნენ დაშინებას და შანტაჟსაც.
გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, სექტანტები ათობით მილიონ რუბლს იღებდნენ ტყის უკანონო ჩეხისა და ამ ხის მასალისგან პრემიუმკლასის სახლების მშენებლობისგან, რომლებშიც ამჟამად მხარის ჩინოვნიკები ცხოვრობენ.
მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც სამართალდამცველები, აგრეთვე, ადგენენ საკულტო რელიგიური ორგანიზაციის კავშირს ადგილობრივ ჩინოვნიკებთან.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, ტოროპის თქმით, მიმდევრებისგან ფული არასდროს აუღია და ყველაფერს უფასოდ ასრულებდა.
მოამზადა მანანა ბანძელაძემ
კომენტარები