მოგზაურობამსოფლიოსაზოგადოება

ევროკავშირში აცხადებენ, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მარტთან შედარებით უფრო რთულია

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვირუსის მიმართ იმუნიტეტი ჯერ მოსახლეობის მხოლოდ 15%-ს გამოუმუშავდა

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მარტთან შედარებით უფრო რთულია, – ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა სტელა კირიაკიდესმა ბრიუსელში ისაუბრა. 

„ზოგიერთ ქვეყენაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იმაზე უარესია, ვიდრე მარტში, როდესაც ევროპა კორონავირუსის პანდემიის პიკში იყო. ეს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს“, – განაცხადა ევროკომისარმა.

ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე კირიაკიდესმა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპული ცენტრის ანგარიში წარადგინა, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში და დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდება.

„ზოგიერთ შემთხვევაში შემთხვევების რაოდენობის ზრდა უკავშირდება ტესტირების გაფართოებას  და 15-იდან 49-წლამდე ასაკის ადამიანებს შორის ინფექციის ინტენსიურ გადაცემას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, ანგარიშშის თანახმად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში ვირუსის მიმართ იმუნიტეტი ჯერ მოსახლეობის მხოლოდ 15%-ს გამოუმუშავდა.

კირიაკიდესის ინფორმაციით, ევროპის 13 ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მზარდია და ევროკავშირის წევრები საკონტროლო ზომების მისაღებად მზად უნდა იყვნენ.

„ეს შესაძლოა, ევროპის ბოლო შანსი იყოს, თავიდან აიცილოს ის, რაც გაზაფხულზე მოხდა“, – განაცხადა ევროკომისარმა.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 14 დღეში კორონავირუსის შემთხვევებმა 10 პროცენტით მოიმატა შემდეგ ქვეყნებში: ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, ირლანდია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი.

ჩეხეთი და ესპანეთი იმ ქვეყნების კატეგორიაში არიან, სადაც ჯანდაცვის სფერო გადატვირთულია და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ადგილები აღარ ჰყოფნით. ამავე კატეგორიაშია ბულგარეთი, ხორვატია, უნგრეთი, მალტა და რუმინეთი.

შედარებით სტაბილურია სიტუაცია ბელგიაში, კვიპროსში, ფინეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, ისლანდიაში, იტალიაში, ლატვიაში, ლიხტენშტაინში, პოლონეთსა და შვედეთში.

აღსანიშნავია, რომ  ესპანეთსა და საფრანგეთში ბოლო დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობის დღიური მაჩვენებელი 10 ათასს აჭარბებს, იტალიაში კი, რომელიც პირველი ტალღის დროს ევროპაში ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი იყო, თითქმის  10-ჯერ ნაკლებია – 1000-1400-ის ფარგლებშია (ყოველდღიურად დაახლოებით 100 000 ტესტი ტარდება).

ესპანეთში რთული სიტუაციაა კატალონიის რეგიონში (დედაქალაქი – ბარსელონა). გაზეთ El Periodico-ს ინფორმაციით, კატალონიის ხელისუფლებამ შეზღუდვა დააწესა 6 ადამიანზე მეტის ერთად შეკრებაზე (მანამდე 10 ადამიანზე მეტის შეკრება იკრძალებოდა); გარდა ამისა, ბაშა სერდანიას (კატ. Baixa Cerdanya) რაიონის მცხოვრებლებს საერთოდაც რეკომენდაცია მიეცათ, აუცილებლობის გარდა, საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან არ გამოვიდნენ.

მანამდე კი, El Pais-ის ინფორმაციით, მადრიდის ხელისუფლებამ დააწესა კარანტინი 6 რაიონში, სადაც, ძირითადად, ხელმოკლე მოქალაქეები და მიგრანტები ცხოვრობენ. კარანტინი 21 სექტემბრიდან შევიდა ძალაში და 6 რაიონის 850 ათასამდე მცხოვრებს შეეხო.

რეგიონული მთავრობის განკარგულების თანახმად, ამ რაიონებში შეიზღუდება პარკებსა და საჯარო ადგილებში შესვლა, 6 ადამიანზე მეტის თავშეყრა, კომერციული დაწესებულებები კი 22:00 საათამდე დაიკეტება.

რაც შეეხება საფრანგეთს, იქ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა უკვე ნახევარ მილიონს მიუახლოვდა (481 141) და ამ მხრივ ის ევროპაში მხოლოდ ესპანეთს (693 556) ჩამორჩება. გუშინ, 23 სექტემბერს.  ქვეყანაში 13 072 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა (300-ით მეტი, ვიდრე წინა დღეს).

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა დღეს „მაქსიმალური საფრთხის“ ზონად გამოაცხადა ქალაქი ექს ან პროვანსი და ზღვისმიღმა დეპარტამენტ გვადელუპის დედაქალაქი ბას-ტერი. პრესკონფერენციაზე ვერანმა განმარტა, რომ ამ ტერიტორიებზე ინფიცირების შემთხვევებმა 100 ათას მოსახლეზე 250-ს გადააჭარბა, ამიტომ შემოაქვთ იქ „მაქსიმალური საფრთხის“ რეჟიმი. საფრანგეთი კვირის ბოლოს გვადელუპეში 37 სამხედრო ექიმს გაგზავნის SARS-CoV-2-თან საბრძოლველად.

პრესკონფერენციაზე მინისტრმა მოუწოდა  დამსაქმებლებს, მაქსიმალურად გადაიყვანონ მუშაკები დისტანციურ რეჟიმზე, სადაც ეს შესაძლებელია.

მილანის აეროპორტებში (მალპენსასა და ლინატეში) დაიწყეს კორონავირუსზე ტესტის ჩატარება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც პარიზიდან და საფრანგეთის რამდენიმე კონკრეტული რეგიონიდან ბრუნდებიან. თითქმის თვეზე მეტია ამ აეროპორტებში უკვე უტარებენ ტესტს იმ მგზავრებს, რომლებიც ხორვატიიდან, საბერძნეთიდან, მალტიდან და ესპანეთიდან ჩამოდიან.

გერმანიის მთავრობამ გააფრთხილა თავისი მოქალაქეები, თავი შეიკავონ  საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონში „არასაჭირო ტურისტული მოგზაურობისგან“. ეს ეხება ილ-დე-ფრანსის რეგიონს, რომელშიც შედის დედაქალაქი პარიზი და საფრანგეთის სამხრეთ რეგიონს, მათ შორის, ნიცას და მარსელს, მთელ ლაჟვარდოვან სანაპიროს. გუშინ კი კიდევ სამი რეგიონი დაემატა ამ სიას – მდ. ლუარის ველი, ნორმანდია და ბრეტანი.

გერმანიის მთავრობის დადგენილების თანახმად, ყველა მოქალაქე, რომელიც ამ „დაინფიცირებული“ რეგიონებიდან დაბრუნდება, ვალდებული იქნება, 14-დღიანი კარანტინი გაიაროს.

მანამდე გერმანიის მთავრობამ შეზღუდვები დააწესა ბელგიასა და ანტვერპენში, აგრეთვე, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მოგზაურობაზე კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო.

აქვე დავძენთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 დღის წინ საკუთარი მოქალაქეები საქართველოში აუცილებლობის გარეშე ტურისტულ მოგზაურობასთან დაკავშირებითაც გააფრთხილა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო შედარებით ნაკლებად არის დაზარალებული კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად, თუმცა ინფიცირების ახალი ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა სამნიშნა რიცხვების ქვედა დიაპაზონშია, რის შედეგადაც სექტემბრის შუა რიცხვებში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ინფიცირების გავრცელების მაჩვენებლით ყველაზე მეტად დაზარალებულია დასავლეთ საქართველო, კერძოდ კი, აჭარა.

მოამზადა ნინო ხოშტარიამ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close