ესპანეთის დედაქალაქის, მადრიდის ადგილობრივი ხელისუფლება დახმარებას უცხოელ ექიმებს სთხოვს. რეგიონული მთავრობის მეთაურის მოადგილის თქმით, მადრიდი მზად არის, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან 300 ექიმი დაიქირავოს, რათა კორონავირუსის მეორე ტალღას გაუმკლავდეს. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეგიონი კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. დედაქალაქში ნაწილობრივი კარანტინი გამოაცხადეს. 850 ათასზე მეტ ადამიანს გადაადგილება შეზღუდული აქვს.
ადგილობრივი მთავრობა არ გამორიცხავს, რომ უახლოეს ხანში ესპანეთის დედაქალაქში კარანტინის ზონები გაფართოვდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ვირუსი კიდევ გავრცელდება.
მადრიდის რეგიონი ასევე მოუწოდებს ცენტრალურ ხელისუფლებას, 222 პოლიციელი გამოყოს, რომლებიც რეგიონში კარანტინის წესების დაცვაში დაეხმარებიან ადგილობრივ სამართალდამცველებს.
1tv.ge
P. S. INFO ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ლაბორატორიულად კორონავირუსის 11 289 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 130 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ესპანეთში კორონავირუსის 693 556 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 31 034 ადამიანი გარდაიცვალა. ესპანეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირში, სადაც შემთხვევების რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა.
კომენტარები