საზოგადოებასაქართველო

საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – „ეს რიცხვი პანიკის საფუძველს არ გვაძლევს“

ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 2075-ს მიაღწია

საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისათვის სულ 2075 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით.

გამოჯანმრთელდა კიდევ ცხრა პაციენტი და განკურნებულთა მთლიანმა რაოდენობამ 1363-ს მიაღწია (65,7%).

COVID-19-ის დიაგნოზით ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა (0,9%).

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390 .

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, რომლებსაც კორონავირუსი საზღვარგარეთ დაუდგინდათ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაის განმარტებით, 158 შემთხვევა პანიკის საფუძველი არ არის, რადგან სწრაფად განხორციელდა კონტაქტების მოძიება და მათი იზოლაცია. მისი თქმით, ვირუსის გავრცელების კერა ცაგერსა და ბათუმში ლოკალიზებულია.

„რიცხვი 158 პანიკის საფუძველს არ გვაძლევს, … იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მყისიერი, სწრაფი, თანაზომადი ქმედებები განხორციელდა მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, ძალიან სწრაფად მოხდა ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება, მათი გამოკვლევა და დადასტურება. აი, ამ 158-იდან ყველაზე მეტი შემთხვევა გახლავთ ბათუმიდან …, – განაცხადა ეზუგბაიამ. – ბათუმი თითქმის ლოკალიზებულია, ასევე ცაგერიც. ახლა ასეთი აქტიური ქმედებები მიდის იმერეთსა და სამეგრელოშიც. კონტაქტების აქტიური გამოვლენა ხდება, რის შედეგადაც იზრდება დადასტურებული შემთხვევების რიცხვი, მაგრამ ეს ზუსტად იმის საფუძველია, რომ შემდგომში დაავადების ლოკალიზაციისა და შესუსტებისკენ წავიდეთ. ეს კარგი გამოსავალია, რათა ამ ახალად წარმოქმნილი კერების თუ კლასტერების ლოკალიზება მოვახდინოთ“.

მისივე თქმით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის  158 ახალი შემთხვევიდან 87 აჭარას უკავშირდება, 28 – სამეგრელოს, 19 – იმერეთის რეგიონს, ექვსი შემთხვევა  – გურიას, ხოლო 18 ახალი შემთხვევა – თბილისს.

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, როგორც ცნობილია, საქართველოში ქორწილები, ქელეხები, იუბილეები და სხვა სოციალური ღონისძიებები ღია სივრცეშიც ისევ აიკრძალა. დაშვებულია მასიმუმ 10 კაცის შეკრება.

15 სექტემბრიდან კი საქართველოში შემოსვლის მსურველ უცხოეთის ყველა მოქალაქეს აქვს ვალდებულება, წარმოადგინოს 72 საათით ადრე ჩატარებული კოვიდ-ტესტის პასუხი, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი საქართველოს საზღვარს ვერ გადმოკვეთს.

ამასთან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინის ვადა 8 დღემდე შემცირდა.

ნინო ხოშტარია

1tv.ge-ს მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close