საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 287 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – რა ვითარებაა იტალიასა და სხვა ქვეყნებში?
საბერძნეთში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 300-ს მიღწია. ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის სამინიტრომ გაავრცელა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 12 734 შემთხვევა, აქედან ნახევარი აგვისტოში დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საბერძნეთში ინფიცირების 287 ახალი შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად. 10 სექტემბერს ეპიდემიის დაწყებიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი, რეკორდული დღიური ზრდა იყო – 372 ახალი შემთხვევა.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია ყალიბდება ატიკის ოლქში, სადაც ვირუსი 10 სექტემბერს 133 ადამიანს დაუდასტურდა. რეგისტრირებულ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, საბერძნეთში 12 734 -ს მიღწია. 52 პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა გუშინ 4-ით, დღეს კი – 3-ით გაიზარდა. ზოგიერთ ქალაქში (კილკისი, პელა, პიერია) დაწესებულია შეზღუდვები.
საგულისხმოა, რომ ატიკის ოლქში შემთხვევების რაოდენობით შედარებით მდიდარი მუნიციპალიტეტები ლიდერობენ. კერძოდ, კიფისია, გლიფადა, ვულა და ვულიაღმენი. ვარაუდობენ, რომ ამ მუნიციპალიტეტების მცხოვრებლები კუნძულებზე დასვენების დროს დაავადნენ და ვირუსი იქიდან ჩამოიტანეს. ამას გარდა, აღნიშნულ დასახლებებში, ტრადიციულად, ხალხის სიმრავლეა კაფე-ბარებსა და რესტორნებში, რაც დაავადების გავრცელების კიდევ ერთი ფაქტორია.
საბერძნეთში ყველა დახურულ სივრცეში პირბადის ტარება აუცილებელია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მთავრობა მკაცრი კარანტინის ხელმეორედ გამოცხადებას არ გეგმავს.
ესპანეთი – გასულ 24 საათში კორონავირუსის 4708 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
შედეგად, ესპანეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 554 143-ს მიაღწია. კორონავირუსით კიდევ 48 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 29 699-მდე გაიზარდა.
ესპანეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, სადაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდ-19-ის შემთხვევების რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა.
იტალია – გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1616 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 10 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსის 284 796 შემთხვევაა გამოვლენილი; გარდაიცვალა 35 597 ადამიანი, ხოლო 212 432 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
იტალიაში შესაძლოა კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინის ვადა შემცირდეს. ამის შესახებ 11 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ ხელისუფლებაში კარანტინის 14-დღიანი ვადის 10 დღემდე შემცირების შესაძლებლობაზე მსჯელობენ.
საფრანგეთი – ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 9843 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 80 ადამიანი კი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 363 350 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 30 853 ადამიანი გარდაიცვალა.
საფრანგეთში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების მატების მიუხედავად მკაცრი კარანტინის რეჟიმი ხელმეორედ არ გამოცხადდება. ახალი რეგულაციების გათვალისწინებით, ქვეტანაში იზოლაციის პერიოდი 14 დღის მაგივრად შვიდი დღე იქნება.
დიდი ბრიტანეთი – ქვეყანაში კოვიდ-19-ის 3539 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ბრიტანეთისთვის 17 მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ით ექვსი ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია დაინფიცირების 361 677 შემთხვევა, მათ შორის 41 614 ლეტალური აღმოჩნდა.
გერმანია – გასულ 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის 1613 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და შემთხვევათა მთლიანმა რაოდენობამ 259 720-ს მიაღწია. ლეტალობის მაჩვენებელი გერმანიაში კვლავინდებურად ერთ-ერთი ყველაზე დაბალია – გასულ 24 საათში 4 ადამიანი გარდაიცვალა და კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 9423-ს უდრის (3,6%). გამოჯანმრთელდა 233 300 პაციენტი (90%-მდე).
ინდოეთი – ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსის დადასტურებული 100 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის. ინდოეთში კოვიდიფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4.5 მილიონს გადააჭარბა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, ქვეყანაში 24 საათის განმავლობაში ვირუსს კიდევ 1209 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი 76 271-მდე გაიზარდა. ცნობისათვის, ინფიცირებულთა რაოდენობით ინდოეთი მეორე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.
რუსეთი – ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ 1 051 874-ს მიაღწია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით რუსეთში კიდევ 102 ადამიანი გარდაიცვალა და ლეტალური შემთხვევების რიცხვი, საერთო ჯამში, 18 365-მდე გაიზარდა.
მსოფლიოში კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.
უკრაინა – გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3144 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 53 ინფიცირებული გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში კორონავირუსის 148 756 შემთხვევა გამოვლინდა, 67 005 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3076 ადამიანი გარდაიცვალა.
სომხეთი – ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 45 503- მდე გაიზარდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 909-ს მიაღწია.
სომხეთში კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა 2021 წლის 11 იანვრამდე გახანგრძლივდა.
worldometers.info-სმონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა 28,5 მილიონზე მეტი ადამიანი, გარდაცვლილთა რიცხვი კი 917 000-ს აჭარბებს. ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები – 6 მლბ 616 374; ქვეყნა ასევე პირველ ადგილზეა კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობითაც – 196 915.
გიორგი ჯანელიძე, მანანა ბანძელაძე
კომენტარები