საზოგადოებასაქართველო

ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ისევ აიკრძალა

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სარიტუალო ღონისძიებები ისევ აიკრძალა. ეს გადაწყვეტილება ხვალ, 10 სექტემბერს შევა ძალაში. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განუცხადა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიებები, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ხვალიდან იკრძალება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში.

„…ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ისევ აიკრძალა… ვუბრუნდებით იმ შეზღუდვას, რაც აქამდე არსებობდა, იგულისხმება ქორწილები, ქელეხები, იუბილეები. ეს შეზღუდვა დახურულ სივრცეში ისედაც მოქმედებს, თუმცა ხვალიდან ეს გავრცელდება ღია სივრცეებზეც“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის რამდენიმე ახალი შემთხვევა სწორედ ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება.

შეგახსენებთ რომ საქართველოში პირველად, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე,  სარიტუალო ღონისძიებები მიმდინარე წლის 23 მარტს აიკრძალა.

რაც შეეხება სპორტულ ღონისძიებებს, აქაც, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შეიზღუდება კულტურული და სპორტული ღონისძიებები 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველ ნოემბრამდე გადაიდო თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნაც.

„…აღნიშნული ობიექტები უნდა გახსნილიყო ნაწილი 15 სექტემბრიდან და ნაწილი პირველი ოქტომბრიდან, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მათი გახსნა გადაიდო ერთი თვით. შესაბამისად, თეატრები და კინოთეატრები, ისევე, როგორც ბავშვთა გასართობი ცენტრები, გაიხსნება პირველი ნოემბრიდან“, – განაცხადა ბრიფინგზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

ცნობისათვის: გასულ 24 საათში საქართველოში SARS-CoV-2-ით ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (წინა დღეს – 45) და ინფიცირების მთლიანი მაჩვენებელი 1773-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1325-ს აღწევს (75%). კოვიდ-19-ის გამო 19 ადამიანი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 421 პაციენტს მკურნალობენ, მათგან 17-ის მდგომარეობა მძიმეა, 3-ის კი – კრიტიკული.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close