45 ახალი შემთხვევა – „კორონავირუსმა საქართველოში ინტენსიური გავრცელების სახე მიიღო, აჭარა კი წითელი ზონაა“
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გასულ 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება.
მისივე თქმით, 19 – დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტს განეკუთვნება, ოთხი – „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია. ეზუგბაია ამბობს, რომ სამი შემთხვევის წყარო ამ ეტაპზე უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
„გუშინ იყო 1684 შემთხვევა, დაგვემატა 45 ახალი შემთხვევა და გახდა 1729. 45-იდან სამი არის „დონას“ კლასტერიდან, 19 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, ოთხი არის სამედიცინო პერსონალი „ავერსის“ კლინიკიდან, ოთხი შემოტანილი შემთხვევაა და აქედან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. 12-ს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, სამზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით. 45 შემთხვევიდან 23 უკავშირდება აჭარას. 45-ში ხუთი ჯგუფური შემთხვევა გვაქვს. ეს ხუთი ჯგუფური გახლავთ ფართომასშტაბიანი ქორწილიდან თბილისში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისი ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ექვსით გაიზარდა და ამჟამად ინფიცირებულების 76.4 პროცენტს შეადგენს, კოვიდ-ცენტრებში კი 381 პაციენტი მკურნალობს; მათგან 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 3-ის კი – კრიტიკული.
ინფექციონისტი ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებამ ინტენსიური სახე მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ინფექციის კონტროლირებადი მატება ეჭვქვეშ დგება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები შეასრულოს.
„ჯერ ქვეყანა რჩება მწვანე ზონაში, რადგან ათზე ნაკლებია ინციდენტობა, მაგრამ ახალი 45 დადასტურებული შემთხვევა, რომელიც დღეს გვაქვს, ეპიდემიის პერიოდში პირველად დადასტურდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ დაავადებამ მიიღო უფრო ინტენსიური გავრცელება და ჩვენი ზომიერი, კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება. აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა, იქ ინციდენტობის მაჩვენებელი 42,4-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ აჭარა წითელი ზონა, ამიტომ იქ ალბათ დამატებითი ღონისძიებები იქნება გასატარებელი, ეს არის რეკომენდაციის შესრულება, აღსრულება, მათზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების მეტად გაფართოება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება კითხვას, შესაძლებელია თუ არა, აჭარა ჩაიკეტოს, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ „ჯერ ჩაკეტვაზე საუბარი არ არის“.
1tv.ge-ს მიხედვით
p. s. info: stopcov.ge-ს მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში მთლიანობაში ლაბორატორიულად დადასტურებულია 1729 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1321 პაციენტი, გარდაიცვალა 19.
კარანტინის რეჟიმშია 5882 ადამიანი, 390 კი სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა.
საქართველოში სამკურნალოდ ჩამოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირება უცხოეთში დაუდგინდათ.
არსებული ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 400 ათასზე მეტი კოვიდ-ტესტირება ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ, საქართველოს მთავრობის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით, აუცილებელი კარანტინის ვადა 12-იდან 8 დღემდე შემცირდა; 15 სექტემბრიდან კი საქართველოში შემომსვლელი უცხოეთის ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება საზღვარზე წარმოადგინოს 72 საათით ადრე ჩატარებული კოვიდ-ტესტირების პასუხი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლებას არ მისცემენ.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები