საზოგადოებასაქართველო

„საქართველოს პრინცი INSATAGRAM-ის ვარსკვლავია“ – WIRED-ის ინტერვიუ ბერა ივანიშვილთან

ამოს ბარშარდი ბრიტანელი ჟურნალისტი და ავტორია, რომელიც საქართველოს იანვარში სტუმრობდა და ამერიკული გამოცემა WIRED-ისთვის ბერა ივანიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. სათაურში ვკითხულობთ: „საქართველოს პრინცი Instagram-ის ვარსკვლავია“.

ოპედის დიდი ნაწილი ბიძინა ივანიშვილის ცხოვრებაზე გვიამბობს: იმაზე, თუ როგორ გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, ჩამოაყალიბა „ქართული ოცნება“ და ქართული პოლიტიკური სცენის სათავეში მოექცა. სტატიის მეორე ნაწილი ბერაზე გვიამბობს – მის გზაზე თინეიჯერი რეპერიდან პოლიტიკური სულისკვეთების მუსიკოსამდე, რომელმაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პარტიის გარშემო ახალგაზრდა ამომრჩეველი გააერთიანა.

ორმა პიროვნებამ AirBnB-ზე ნაქირავებ ბინაში მომაკითხა და სედანით ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლისკენ გავეშურეთ. ჭიშკარი რომ გაიღო, შავებში ჩაცმული დაცვის თანამშრომლები და ყველგან კამერები დამხვდა. ბერას სტუდიასთან მიმაცილეს, რომელსაც კარებზე დიდი ინგლისური ასოებით Georgian Dream ეწერა.

მთავარ სახლში სპორტულ სამოსში გამოწყობილი ბერა შემეგება. გრძელ მაგიდასთან დავსხედით, რომელიც სარკეებით იყო გარშემორტყმული. ბერას უკა, მასიური ნაძვის ხე ანათებდა, რომელზეც უზარმაზარი ორნამენტები ეკიდა.

ბერას თქმით, კლასიკური მუსიკა მისთვის ყველაფრის არსია. პიანინოზე დაკვრა ბებიამ ასწავლა. განსაკუთრებით უყვარს Debussy და რომანტიკული ფრანგული მელოდიები. ქართული პოლიფონიური სიმღერაც იცის, თუმცა როგორც თავად ამბობს, POP მუსიკის შესაქმნელად დაიბადა.

1994 წელს დაბადებულმა ბერამ ცხოვრება რუსეთში, საქართველოსა და საფრანგეთში გაატარა. სწორედ პარიზში დადიოდა სკოლაში. როგორც იხსენებს, გამორჩეული გარეგნობის გამო ყოველთვის იქცევდა ყურადღებას.

არასდროს უგრძვნია თავი ცუდად იმის გამო, რომ ალბინოსი იყო. ამაში კი მშობლების წვლილზე საუბრობს, რომლებიც ყოველთვის დიდ სიყვარულს ჩუქნიდნენ და მხარში ედგნენ. „ადამიანებს სძულთ ყველაფერი, რაც მათგან განსხვავებულია, მაგრამ ამ გამოწვევებს „განგსტერულად“ გავუმკლავდი. ბავშვობის გამოცდილებამ მებრძოლის მენტალიტეტი ჩამომიყალიბა“.

როდესაც ბერა 11 წლის იყო, მისი პატარა ძმა, ცოტნე დაიბადა, რომელიც ზუსტად მისნაირი იყო. ამ დროს ოჯახი უკვე თბილისში ცხოვრობდა. იმისათვის, რომ პატარა ძმა საზოგადოების ბოროტებისგან დაეცვა, მშობლები დაარწმუნა, რომ ცოტნეს განათლება სახლში მიეღო და სკოლაში არ ევლო. „მამაჩემს დღემდე უკვირს, რომ ხალხს შეიძლება ჩვენი გარეგნობა არ მოსწონდეს. ყოველთვის გვეუბნება, რომ ანგელოზებს ვგავართ“.

თინეიჯერობის წლებში ბერამ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო ხშირად სტუმრობა. ლოს-ანჯელესში სიმღერების ჩაწერით იყო დაკავებული. ის რობ ფუსარისთან ერთად მუშაობდა, რომელიც მანამდე Destiny’s Child-ის და Lady Gaga-ს პროდიუსერი იყო.

17 წლის ასაკში ბერა თავისი მუსიკით აქტიურად იყო ჩართული „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კამპანიაში. მამამისის გამარჯვების შემდეგ მან პოლიტიკური მუსიკა უკან მოიტოვა და პოპს დაუბრუნდა. ბერას სიმღერას „Untouchable“ Spotify-ზე მილიონზე მეტი მოსმენა აქვს. ის დიდ სტუდიებთან მუშაობას ერიდება და საკუთარი მუსიკის პროდიუსინგს თავად აკეთებს.

ბერას თქმით, მამასისი ყოველთვის უბიძგებდა კრიტიკული აზროვნებისკენ. „ეს ჭადრაკის თამაშს ჰგავდა, მან გამწვრთნა ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში. განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა მამაჩემთან. ის ყოველთვის ამბობდა, რომ დიდი ხის ნაწილი ვიყავი, რომელსაც ასევე დიდი ჩრდილი ჰქონდა. ჩემთვის უმჯობესი იქნებოდა ამ ხის ჩრდილში დარჩენა. მე ერთადერთი ვიყავი ჩემს და-ძმებს შორის, რომელიც ამის წინააღმდეგი იყო. ვამბობდი, მირჩევნია ეს ხე მოვჭრა, ვიდრე მის ჩრდილში ვიცხოვრო“.

2012 წლის პერიოდს ბერა შემდეგნაირად იხსენებს: „ქართული ოცნება იყო მოძრაობა, რომელიც 17 წლის ასაკში მე შევქმენი. მაშინ ძალაუფლებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყო. მუდმივი საფრთხის ქვეშ ვიყავი: მანქანები მედევნებოდნენ, ჩემს სტუდიას ტყვიები ესროლეს, კონცერტი არ ჩამიტარებია სიკვდილის მუქარის გარეშე. ჩემი მშობლები გოგოებთან საუბარსაც კი მიკრძალავდნენ. ის პერიოდი ნამდვილი ომი იყო“.

ბერა მამამისს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც „ქართული ოცნების” პარტიის ლიდერი გახდა, უანგარო საჯარო მოხელედ წარმოადგენს: „მამაჩემს შეეძლო მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ეცხოვრა. ნებისმიერ დონეზე, რასაც თავად მოისურვებდა. პოლიტიკური საქმიანობის არჩევით შესაძლოა ყველაფერი დაეკარგა. კარგი ოჯახი და გარემოცვა შესანიშნავია, მაგრამ როდესაც შენი ქვეყანა ცუდ დღეშია, ბედნიერი ვერ იქნები“.

„ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ მამაჩემის გარშემო ყოველთვის უცნაური აურა ტრიალებდა და დღემდე ასეა. მისი სახელის ხმამაღლა ხსენებასაც ვერ ბედავენ. სწორედ ასე ესაუბრებოდნენ ძველ დროში ყველაზე დიდებულ მეფეებს“.

„ის ყველაფერი, რის თქმის უფლებასაც პოლიტიკაში მყოფი უვიცები და კლოუნები აძლევენ საკუთარ თავებს, ყოველთვის გულს მტკენს“.

მივხვდი, რომ ბერა პროტესტებისა და ოპოზიციის საკითხს შეეხო, რომლებიც გავრილოვის ამბის შემდეგ დაიწყო თბილისში. როდესაც პირდაპირ ვცადე კითხვის დასმა, გამაწყვეტინა: „ის, რის გაკეთებასაც ოპოზიცია ცდილობს, ძალიან სუსტი ქმედებაა – 40, 50, 100 ადამიანის შეკრება. Instgram-ის სთორიზე ამაზე მეტის შეგროვებას მოახერხებ. ეს უბრალოდ ხმაურია, არაფრის გამო“.

„მედია საუკეთესო გზაა ქვეყანაში დემოკრატიის შესაფასებლად. ყველა თამამად აკრიტიკებს მთავრობას, სწორედ ეს არის დემოკრატია“.

შემდეგ ბერას სტუდიისკენ გავეშურეთ. გზად უფრო დიდი ნაძვის ხე შეგვხვდა, რომელიც შიგნიდან იყო განათებული. გულწრფელად, ეს ყველაზე დიდი ნაძვის ხე არის, რაც კი ოდესმე მინახავს. კიბის გაყოლებაზე ბერას ფოტოები ეკიდა: ბერა რიანასთან ერთად, ბერა ზენდეიასთან ერთად, ბერა ვაინის ვარსკვლავთან, ნეშ გრიერთან ერთად. მათ შორის იყო ბერასა და მისი ძმის, ცოტნეს ფოტოებიც.

ხმის ჩამწერი სტუდია კუთხეში, პატარა ოთახი აღმოჩნდა. როგორც ბერამ მითხრა, სეიფში საკმარისი სიმღერა აქვს იმისათვის, რომ სამი წლის მანძილზე დღეში ერთი სიმღერა გამოუშვას. საუკეთესოებს კი თავისი ახალი ალბომისთვის ინახავს, რომლის გამოშვებასაც შემდეგ წელს გეგმავს.

მთავარ სახლში რომ დავბრუნდით, ოთახში ბერას ოჯახი შემოვიდა: დედა, მამა და ორი ძმა. დაცვის თანამშრომლებს ხელში ცისფერი ბუშტები ეჭირათ. „ბავშვის სანახავად მოვიდნენ“, – განმიმარტა ბერამ, შემდეგ დედამისი და თავისი ძმები გამაცნო. ოთახში ბოლო ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა, ხელი ჩამომართვა და მალევე გაუჩინარდა.

შეხვედრა დასასრულს უახლოვდებოდა. სანამ დაცვის თანამშრომლები გამაცილებდნენ, ბოლო რამდენიმე კითხვაც დავუსვი, მათ შორის, რას ელოდა მომავალში? პასუხიდან მივხვდი, რომ სრულ დომინირებას. „თუ შემდეგი წლის ბოლოს მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებზე საუბრისას პირველი ჩემი სახელი არ გაგახსენდება, ესე იგი ჯერ საწადელისთვის არ მიმიღწევია. ჩემი სახელი მსოფლიოს საუკეთესო არტისტებს შორის უნდა იყოს“.

ბოლო წლებში თბილისი რამდენიმე სამოქალაქო მოძრაობის ცენტრად იქცა. მათ შორის, ყველაზე ცნობილი 2018 წლის რეივ-რევოლუციაა, რომელიც ღამის კლუბ Bassiani-ში მომხდარი რეიდის საპასუხოდ დაიწყო. განსაკუთრებით ამაღელვებელი კი 2019 წლის გავრილოვის წინააღმდეგ გამართული აქცია გახდა. 20 ივნისის პროტესტი საქართველოს მოქალაქეების სპონტანური და გულწრფელი პასუხი იყო რუსეთის მხრიდან უხეშ პროვოკაციაზე.

მართალია, ინტერვიუს განმავლობაში ბერა პოლიტიკურ თემებს შეეხო, თუმცა საბოლოოდ საკითხების უგულებელყოფა ამჯობინა და მივხვდი რატომაც: BERA თბილისში ცხოვრობს, თუმცა მისი სამყარო მსოფლიოს ექსკლუზიური მუსიკალური სტუდიებისა და ჯემ სესიებისგან შედგება. ცხოვრება, რომლის დეტალურ და ფრთხილ დოკუმენტირებას ბერა Instagram-ზე, საკუთარი 1,4 მილიონი გამომწერისთვის აკეთებს. ის ძალიან სპეციფიკურ სამყაროში ცხოვრობს, სადაც ბიძინა ივანიშვილის მიმართ წამოჭრილი ნებისმიერი პოლიტიკური ბრალდება აბსურდულია, რადგან ბიძინა მისი მამაა, რომელიც საოცრად ამაყობს მუსიკოსი შვილით.

წყარო: WIRED
ავტორი: ამოს ბარშარდი

regarder.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close