ტოპ-6 ტურისტული ქვეყანა ქართველებისთვის: საზღვრის გადაკვეთის წესები პანდემიის პირობებში
დღევანდელი სტატიით შევეცდებით მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ რამდენიმე ქვეყნის შესახებ, რომლებიც კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებად განიხილებოდა.
მსოფლიოში 2020 წელი გაურკვევლობით დაიწყო – გასული წლის დეკემბერში ჩინეთში გავრცელებული COVID-19-ის გამო მთელი მსოფლიო ჩაიკეტა. შეჩერდა საერთაშორისო მიმოსვლა. კორონავირუსმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ყველა ქვეყნის სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაზე.
COVID-19-მა ტურიზმის სექტორს ყველაზე სერიოზული დარტმა მიაყენა და ის ერთ-ერთი სფერო აღმოჩნდა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად დაზარალდა. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) ბოლო მონაცემებით, ტურიზმთან დაკავშირებული ასობით მილიონი სამუშაო ადგილი რისკის ქვეშაა, ტურიზმიდან შემოსავლის მასობრივი ვარდნა კი გლობალურ მშპ-ს დაახლოებით 2.8%-ით შეამცირებს.
მსოფლიოში უკვე აქტიურად ცდილობენ ტურიზმის სექტორი აღადგინონ ისე, რომ პანდემიის პერიოდში უსაფრთხო იყოს. ამიტომ ქვეყნები გარკვეულ შეზღუდვებს აწესებენ ტურისტებისთვის, იქნება ეს სავალებულო ტესტირება კორონავირუსზე, კარანტინი თუ თვითიზოლაცია.
აღსანიშნავია, რომ საქართველო, ევროკავშირის საბჭოს 2020 წლის 30 ივნისის დადგენილებით, იმ ქვეყნების სიაშია, რომლებსაც ევროკავშირი მგზავრობაზე დროებით დაწესებულ შეზღუდვებს თანდათანობით მოუხსნის.
დღევანდელი სტატიით შევეცდებით მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ რამდენიმე ქვეყნის შესახებ, რომლებიც კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებად განიხილებოდა. კერძოდ, რა პროცედურების გავლა დაგჭირდებათ ახლა იმისთვის, რომ ამ ქვეყნებს კვლავ ესტუმროთ, როგორც ტურისტი.
როგორც იტალიის საკონსულოში განგვიცხადეს, საქართველო შესულია იმ ქვეყნების სიაში, რომლის მოქალაქეებსაც იტალიაში შესასვლელად რაიმე სპეციალური ნებართვა და მოტივაცია არ სჭირდებათ. საქართველოსთან ერთად ამ სიაშია: ავსტრალია, კანადა, იაპონია, რუანდა, კორეის რესპუბლიკა, ახალი ზელანდია, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი. აღნიშნულ სიაში ჩამოთვლილი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები ვალდებული არ არიან, დაასაბუთონ მგზავრობის მიზეზი.
გაითვალისწინეთ, თუ იტალიაში გამგზავრებას დააპირებთ, უნდა შეავსოთ სპეციალური დეკლარაცია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სავალდებულოდ რჩება იტალიაში 14-დღიანი თვითიზოლაცია. ამისათვის თავად უნდა მოიძიოთ სასტუმრო ან სახლი. დანიშნულების ადგილამდე კი მხოლოდ პირადი სატრანსპორტო საშუალებით უნდა მიხვიდეთ (ნებადართულია აეროპორტის ტრანზიტიც, აეროპორტის ტერიტორიების დატოვების გარეშე).
რაც შეეხება კორონავირუსზე ტესტირებას, დღევანდელი მდგომარეობით, მისი ჩატარება საჭირო არ არის.
საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრანგეთში შესვლა 2 ივლისიდანაა ნებადართული. მათ უნდა ჰქონდეთ ბიომეტრული პასპორტი, უკან დაბრუნების ბილეთი, დადასტურებული სასტუმროს ჯავშანი, მერიის მიერ გაცემული მოწვევა – attestation d’accueil ან ოფიციალური მოწვევა საქმიანი ვიზიტის შემთხვევაში, საფრანგეთში ყოფნის მთელი პერიოდისთვის საკმარისი ფინანსური რესურსის დამადასტურებელი საბუთი ნაღდი ფულით ან საბანკო ანგარიშზე, სამედიცინო დაზღვევა მთელი ყოფნის პერიოდზე.
საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრანგეთში შესვლისთვის დამატებითი შეზღუდვები არ არის დაწესებული.
როგორც საფრანგეთის შემთხვევაში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშიც საქართველოს მოქალაქეების შესვლა უპირობოა და არ მოქმედებს დამატებითი შეზღუდვები.
ესპანეთის სამეფომ საქართველო შეიყვანა იმ 15 ქვეყნისგან შემდგარ სიაში, საიდანაც მიმავალ მგზავრებზე ქვეყანაში შესვლის შეზღუდვები არ ვრცელდება. კანონი ვრცელდება საქართველოს მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ესპანეთში პირდაპირ საქართველოდან მიემგზავრებიან.
გასათვალისწინებელია, რომ ყველა მგზავრმა, რომელიც ესპანეთში გამგზავრებას აპირებს, მოგზაურობის დაწყებამდე უნდა შეავსოს ელექტრონული განცხადების ფორმა ვებგვერდზე: www.spth.gob.es, ან უფასო აპლიკაციის გამოყენებით. SPAIN TRAVEL HEALTH-SpTH ფორმის შევსების შემდეგ მგზავრი მიიღებს QR კოდს, რომელსაც ესპანეთში ჩასვლისას წარადგენს.
საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლონეთში შესვლაც უპირობოა და იქ არ მოითხოვენ დამატებით შეზღუდვებს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქე პოლონეთში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით მიემგზავრება.
საბერძნეთში გამგზავრებამდე საქართველოს მოქალაქემ 48 საათით ადრე უნდა შეავსოს მგზავრის განთავსების ფორმა. ეს წესი 31 აგვისტოს ჩათვლით მოქმედებს. მგზავრი მიიღებს QR კოდს, რომელსაც საბერძნეთში ჩასვლისას წარადგენს. აღნიშნული ფორმის შეუვსებლობის ან QR კოდის არარსებობის შემთხვევაში მას საბერძნეთში არ შეუშვებენ.
საბერძნეთში საერთაშორისო ფრენებიდან ჩასული ყველა მგზავრი COVID-19-ის შემთხვევით ტესტირებას ექვემდებარება. ის მგზავრები, რომლებსაც შემთხვევითი ტესტირება შეეხება, გაემგზავრებიან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე და დარჩებიან თვითიზოლაციაში, ვიდრე პასუხები არ გახდება ცნობილი (პასუხები ცნობილი მაქსიმუმ 24 საათში იქნება). თუ COVID-19-ის ტესტი დადებითი იქნება, საბერძნეთის მთავრობის ჯანდაცვის სამსახურები მგზავრებს აცნობებენ და ავალდებულებენ მათ, რომ 14-დღიანი კარანტინი გაიარონ.
გაითვალისწინეთ, რომ საქართველოში დაბრუნებისას, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნიდან ჩამოდიხართ, 12-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოგიწევთ. საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში კარანტინის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ასევე აეროპორტიდან სასტუმროში ტრანსპორტირებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. სასტუმროს დატოვება ხდება 12-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, PCR-ტესტით დადასტურებული უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.
ასევე აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ქვეყნების მიერ დაწესებული რეგულაციები მუდმივად გადაიხედება, ამიტომაც ავიაბილეთის შეძენამდე და გამგზავრებამდე კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ მიმღები ქვეყნის რეგულაციები.
კომენტარები