კორონავირუსით ჩვილის ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში
საქართველოში რამდენიმე დღის წინ, 20 აგვისტოს კორონავირუსი თვე-ნახევრის ჩვილს დაუდასტურდა. ახალშობილის ინფიცირების წყარო ეპიდემიოლოგებმა ამ დრომდე ვერ დაადგინეს. ჩვილის გარდა ინფიცირებულები არიან მისი მშობლები, 7 წლის ძმა და ბებია-ბაბუა. კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი უკვე მეოთხე დღეა მშობლებთან ერთად ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს.
როგორც ექიმები აცხადებენ, დედას და ჩვილს მსუბუქად გამოხატული სიმპტომები აღენიშნებათ, ხოლო მამა და მეორე ბავშვი თავს კარგად გრძნობენ.
ახალშობილს კორონავირუსზე ტესტი მაღალი ტემპერატურის გამო გაუკეთეს და პასუხი დადებითი აღმოჩნდა, რის შემდეგაც მედიკოსებმა დედ-მამის ბიოლოგიური მასალაც შეამოწმეს.
ახალშობილის მამა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სააგენტოს დეპარტამენტის უფროსია. უწყებაში ამბობენ, რომ სამინისტროში მასთან კონტაქტში მყოფ არცერთ ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ცნობისათვის, ამჟამად საქართველოში მთლიანობაში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 1411 შემთხვევა, მათგან 17 – გასულ ერთ დღეში გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1132 პაციენტი, 17 კი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა ძალიან დაბალია – 1,2%.
ამ დროისთვის ქვეყანაში 262 აქტიური პაციენტია, მათგან 255 სტაციონარშია მოთავსებული.
კარანტინში იმყოფება 7005 მოქალაქე.
უცხოეთიდაან საქართველოში სამკურნალოდ 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები