ქობულეთის ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს კორონავირუსი დაუდასტურდა
მასთან კონტაქტში მყოფი ადამიანები კარანტინში გადაიყვანეს
გასულ 24 საათში დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ერთი აჭარაში გამოვლინდა. SARS-CoV-2-ით დაინფიცირება ქობულეთში ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს, შუახნის მამაკაცს დაუდასტურდა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, დღევანდელი შემთხვევა არ უკავშირდება ე.წ. ქობულეთის კლასტერს, ინფიცირებული კავშირში იმყოფებოდა ერთ-ერთ პირთან, რომელსაც კორონავირუსი გუშინ თბილისში დაუდასტურდა.
ინფიცირებულის ახლობლები და საოჯახო სასტუმროს სტუმრები, სულ 18 ადამიანი იზოლაციაში იმყოფებიან. მათგან 15 საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, სამი კი თვითიზოლაციაში რჩება.
ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია. იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც 26 პაციენტი მკურნალობს.
საქართველოში გასულ 24 საათში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 20 პაციენტი, შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1385 შემთხვევაა დადასტურებული, განკურნებულთა რაოდენობა კი 1128-მდე გაიზარდა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსით ინფიცირების შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 6903 მოქალაქე იმყოფება.
1tv.ge-ს მიხედვით
კომენტარები