საზოგადოებასაქართველო

ლენჯერისა და მესტიის ნაწილში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები 21 აგვისტოდან მოიხსნება

საქართველოში დღეს დადასტურებული 10 შემთხვევიდან 2 ბათუმში გამოვლინდა

21 აგვისტოდან გაიხსნება ლენჯერის ქვედა ზონა და მესტიის ზედა ზონა, –  ამის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩაკეტილი დარჩება მესტიისა და ლენჯერის კიდევ ერთი ნაწილი.

„გუშინ აღებული ტესტების პასუხები დღეს, შუადღის შემდეგ გახდება ცნობილი. ეს პირები თვითიზოლაციაში იმყოფებიან და მათ აუღეს „პისიარ“ ტესტები. ხვალ დავიწყებთ ლენჯერის თემის, აგრეთვე, მესტიაში იმ უბნების გატესტვას, სადაც შემთხვევები იყო დაფიქსირებული. შემდგომ, როგორც გვაქვს რეკომენდაცია, ისე მოვიქცევით – 21 აგვისტოდან გაიხსნება ლენჯერის ქვედა ზონა და მესტიის ზედა ზონა, მესტიასა და ლენჯერს შორის გადაადგილება შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, რომელიც ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გუშინ გამოქვეყნდა, მუნიციპალიტეტში სულ 3509 „პისიარ“ ტესტი გაკეთდა და კორონავირუსი 33 შემთხვევაში დადასტურდა.

„მოგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში გაკეთებული 3509 „პისიარ“ ტესტის საფუძველზე, გვაქვს 33 დადასტურებული შემთხვევა.

მნიშვნელოვანია, რომ ახალი კორონავირუსის ყველა დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა მხოლოდ ლენჯერის და მესტიის თემებში. გამომდინარე იქიდან, რომ საკარანტინე ვადის პირველი 12 დღე გადის 21 აგვისტოს, აღნიშნული შედეგები აჩენს შესაძლებლობას, რომ 21 აგვისტოდან გაიხსნას ყველა ადმინისტრაციულ ერთეული, მესტიის და ლენჯერის გარდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში გასულ 24 საათში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 2 – ბათუმში, აქედან ერთი შემოტანილი შემთხვევაა – ინფიცირებული კარანტინში იმყოფებოდა და მას უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, მეორე კი ე. წ. ქობულეთის კლასტერთან არის დაკავშირებული.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ქობულეთის შემთხვევასთან დაკავშირებით უკვე მოძიებულია 23 კონტაქტი, რომელთა ნაწილი კარანტინში გადაიყვანეს, ნაწილი კი თვითიზოლაციაში მოექცა.

სულ ქობულეთში 40 ადამიანს აუღეს ანალიზები, რომელთა პასუხები დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 27 ინფიცირებული იმყოფება.

ცნობისათვის: საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 1361 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 1098 პაციენტი; უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების შედეგად ქვეყანაში 17 ადამიანი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 6903 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდცენტრებში მოთავსებული ინფიცირებულებიდან 22 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხუთის – კრიტიკული, დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.

მისივე ინფორმაციით, სამი აგვისტოდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევებიდან ათამდე შემთხვევის წყარო უცნობია.

1tv.ge-ს მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close