ფსიქოლოგია

ბენჟამინ ფრანკლინის ეფექტი

ბევრ ადამიანს არ მოსწონს, როდესაც რაიმეს მისაღებად ხვეწნა უწევს და ამბობენ, რომ სხვა ადამიანისთვის დახმარების თხოვნა  სტრესულია. თუ გავიხსენებთ, ფულის სესხება, ჩვენ მაგივრად რაიმე საქმის გაკეთების თხოვნა მარტივი არ არის. არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანს აღიზიანებს დახმარების თხოვნა. ეს შეხედულება მცდარია. არსებობს ფსიქოლოგიური ფენომენი, რომელსაც „ბენჟამენ ფრანკლინის ეფექტს“ უწოდებენ. ამ ფენომენის მიხედვით, ადამიანს უფრო მეტად მოსწონს ადამიანი მაშინ, როდესაც ის დახმარებას სთხოვს.

წიგნის “You Are Not So Smart ” ავტორი დევიდ მაკრენი ხსნის, თუ როგორ დაერქვა ამ ფენომენს ეს სახელი. ბენჟამენ ფრანკლინს ჰყავდა მოძულე, გავლენიანი სახელმწიფო მოხელე. ფრანკლინმა ამ ადამიანის კეთილგანწყობის მოპოვება  გადაწყვიტა და ასეთი რამ მოიფიქრა – ფრანკლინმა მისი ბიბლიოთეკიდან წიგნი სთხოვა. მოძულემ წიგნი ათხოვა, ფრანკლინმა კი იგი ერთ კვირაში მადლობის წერილით დაუბრუნა. ამის შემდეგ, მათ შორის ურთიერთობები დათბა, ისინი ერთმანეთს  მეგობრულად ხვდებოდნენ და, როგორც ფრანკლინმა თქვა, მათი მეგობრობა ყოფილი მოძულის სიკვდილამდე გაგრძელდა.

1969 წელს ფსიქოლოგებმა „ბენ ფრანკლინის ეფექტის“ შემოწმება გადაწყვიტეს და მის სისწორეშიც დარწმუნდნენ, – კვლევის ფარგლებში ყველა მონაწილეს ფული მოაგებინეს. ცოტა ხანში მონაწილეთა ერთ მესამედს დაუკავშირდა ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც მონაწილეებს უთხრა, რომ ფსიქოლოგიის დეპარტამენტმა კვლევის ფარგლებში ძალიან დიდი ფული დახარჯა და გაკოტრების წინაშე იყო. თანაშემწემ მონაწილეების ერთ მესამედს ფულის დაბრუნება სთხოვა. მონაწილეთა მეორე მესამედს თავად ექსპერიმენტატორი დაუკავშირდა, მან მონაწილეებს აუხსნა, რომ კვლევა მისი ჯიბიდან დაფინანსდა, უსახსროდ დარჩა და ფულის დაბრუნება ითხოვა. კვლევის მესამე ნაწილს მოგებული ფული შეუნარჩუნეს.

ამ უცნაური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ექსპერიმენტატორის მიმართ ყველაზე დადებითი ემოციები იმ ადამიანებს ჰქონდათ, რომლებსაც თავად ექსპერიმენტატორი დაუკავშირდა, ხოლო ყველაზე ნაკლებად მათ – ვინც ფული დაიტოვა. ესე იგი, კვლევის შედეგებმა დაადასტურა,  რომ ადამიანს სხვა ადამიანი  დახმარების შემდეგ უფრო მოსწონს, რასაც  მკვლევარები „კოგნიტური დისონანსით“ ხსნიდნენ. მკვლევარების აზრით, რთულია ადამიანს არ მოსწონდეს ის ადამიანი, ვისაც ეხმარება.

„ბენჟამენ ფრანკლინის ეფექტთან“ დაკავშირებული კვლევა მოგვიანებით აშშ-სა და იაპონიაშიც ჩატარდა. ორივე ქვეყანაში კვლევის მონაწილეებს ის ადამიანი უფრო მოეწონათ, რომლებმაც პროექტის დასრულებისთვის დახმარება ითხოვეს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ „ბენჟამენ ფრანკლინის ეფექტი“ პირდაპირ თხოვნისას ვლინდება, რაც კვლევამაც დაადასტურდა. მონაწილეებს არ მოეწონათ, როდესაც დახმარება ასისტენტმა ითხოვა და არა – კვლევის ავტორმა.

ტოკიოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგი იუ ნიია ამბობს, რომ „ბენჟამენ ფრანკლინის ეფექტს“ კოგნიტური დისონანსი არ იწვევს. მისი აზრით, ადამიანი თვლის, რომ დახმარებას ის თხოვს, ვინც მის მიმართ დადებითადაა განწყობილი, შესაბამისად, მოწონებითვე პასუხობს. „ორმხრივი მოწონების“ ცნობილი ფენომენი გამოხატავს ადამიანის მიდრეკილებას, მოსწონდეს ის, ვისაც ის მოსწონს, ანუ ადამიანებს მოსწონთ და ეხმარებიან მათ,  ვინც მათ დახმარებას სთხოვს.

2007 წელს ჯერი ბურგერმა და მისმა კოლეგებმა სანტა კლარას უნივერსიტეტიდან ჩაატარეს სამი ექსპერიმენტი, რომელთა  მიზანი  იყო დაედგინა დახმარების გავლენა  მეგობრობრულ ურთიერთობაზე. ერთ-ერთ კვლევის მიხედვით, რომელშიც 105-მა სტუდედნტმა მიიღო მონაწილეობა, დადგინდა, რომ მონაწილეები სხვის თხოვნას (მაგ: ფანქრის გათლა) უფრო მეტად ასრულებდნენ მაშინ, როდესაც თხოვნამდე მოულოდნელ „საჩუქარს“ იღებდნენ, მაგალითად ჭიქა წყალს.

არიზონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი და წიგნის “Influenc“ ავტორი რობერტ ჩიალდინი HBR-სთვის 2013 წელს მიცემულ ინტერვუში ამბობს, რომ მადლობის მიღების შემდეგ ადამიანმა „არაფრის“ ნაცვლად უნდა უპასუხოს ასე –  „რა პრობლემაა, პარტნიორები ასე იქცევიან“.

„ბენჟამენ ფრანკლინის ეფექტის“ მთავარი სათქმელი არის ის, რომ ადამიანს არასდროს უნდა მოერიდოს დახმარების თხოვნა. პირიქით, თხოვნა კეთილგანწყობის მოპოვების სტრატეგიულ მექანიზმადაც კი შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ეს ბენჟამენ ფრანკლინმა გააკეთა.

tbilisipost.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close