ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 22,1%-ით გაიზარდა
რამ განაპირობა ასეთი ზრდა? - სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს, 14 აგვისტოს გამოაქვეყნა ინტერაქტიული პრესრელიზი – ფულადი გზავნილების სტატისტიკა 2020 წლის ივლისის მდგომარეობით. სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.7 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 22.1 პროცენტით (34,2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
„ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. ივნისში 17.8 პროცენტით ზრდის შემდეგ, ივლისში წლიური ზრდა 22.1 პროცენტი იყო, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ პანდემიამდე ფულადი გზავნილების გარკვეული ნაწილი (საბანკო გზავნილების დაახლოებით რვა პროცენტი) საქართველოში არასაბანკო არხებით, ვიზიტორების მეშვეობით, შემოდიოდა. საერთაშორისო მოგზაურობის შეზღუდვის გამო გზავნილების ამ ნაწილმა საბანკო არხებში გადაინაცვლა და, შედეგად, ფულადი გზავნილების აღნიშნულ ზრდაშიც შეიტანა წვლილი. გარდა ამისა, პანდემიის საწყის ეტაპზე არსებული შეზღუდვები, სავარაუდოდ, გზავნილებზეც მოქმედებდა. ამ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ დაგროვილი გზავნილების გამოგზავნა მომდევნო თვეებში მოხდა, რამაც ასევე, იმოქმედა ივნის-ივლისში გზავნილების ზრდის მაჩვენებლებზე“, – ასეთი განმარტება გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
რაც შეეხება საქართველოდან განხორციელებულ ფულად გზავნილებს, აქაც ზრდა აღინიშნა: 2020 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 22.2 მლნ აშშ დოლარი (68.1 მლნ ლარი) გაიგზავნა, რაც 2019 წლის ივლისის (19.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 15.6%-ით მეტია.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები