პოლიტიკასაბერძნეთისაქართველო

საბერძნეთის ელჩისთვის გაუგებარია, რატომ არ გახსნა საქართველომ საზღვრები საბერძნეთისთვის (ვიდეო)

„საბერძნეთში ყველაზე დიდი ქართული დიასპორა გვყავს, ისინი საქართველოში ჩარჩნენ“

რატომ არ გახსნა ცა საქართველომ საბერძნეთისთვის მაშინ, როდესაც საკუთარი საზღვრები იმ სახელმწიფოებს გაუხსნა, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაცილებით რთულია? – ელჩმა დიმიტრიოს კარაბალისმა ხელისუფლებას შეკითხვები კიდევ ერთხელ დაუსვა. პასუხი მისთვის ბუნდოვანია.

საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში „კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ივლისში საბერძნეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა უნდა ყოფილიყო, რომლისთვისაც თბილისი საზღვარს უპირობოდ გახსნიდა, თუმცა მოგვიანებით ის სიის მიღმა დარჩა. წერილში კი, რომელიც გასულ კვირას ბერძნული ავიაციის სააგენტომ ქართულისგან მიიღო, წერია, რომ მთავრობის გადაწყვეტილება 31 აგვისტომდე უცვლელი რჩება.

„ეს გადაწყვეტილება არ გვესმის, ახსნას ვერ ვპოულობთ და ვერც ქართული მხარიდან მოვისმინეთ განმარტება. იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც გვაქვს, გეტყვით, რომ საქართველოდან საბერძნეთში გაფრენის მსურველი გაცილებით მეტია, ვიდრე პირიქით. საბერძნეთმა, „შავ სიაში“ შემავალ სხვა სახელმწიფოებთან ერთად, ბრიუსელში ბევრი იბრძოლა იმისთვის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეეყვანათ, თუმცა თავდაპირველად ასეთი მოცემულობა არც კი იყო. საბოლოოდ ევროკავშირმა საქართველოს საკუთარი საზღვრები გაუხსნა.

იმავე დღეს ხელისუფლებას ვაცნობეთ, რომ შეგვეძლო საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში უპირობოდ მიგვეღო, მათგან შესაბამის პასუხს ველოდით, რომელიც ვერ მივიღეთ.

საბერძნეთი არა მხოლოდ მწვანე ზონას წარმოადგენს ევროკავშირისთვის, არამედ მისი სტატისტიკა 5-ჯერ უკეთესია, ვიდრე გერმანიისა და საფრანგეთის, სადაც რეგულარული ფრენები დასაშვები გახდა. რატომაა პრობლემა, რომ გვქონდეს თვეში თუნდაც 4 ფრენა, რომ წამოვიყვანოთ საქართველოში მყოფი ადამიანები საკუთარ ოჯახებში და სამუშაოს დაუბრუნდნენ, თვითმფრინავში დაახლოებით 150-160 ადამიანი თუ დაეტევა? ამავე დროს, ცნობილია, რომ საბერძნეთში ევროპაში ყველაზე დიდი ქართული დიასპორა გვყავს, ბევრი მოქალაქე გვყავს სამუშაოს უფლებით. მარტის შემდგომ ისინი საქართველოში ჩარჩნენ.

გვყავს ათასზე მეტი ადამიანი საქართველოში, ესენი არიან სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, ოჯახის წევრები – დროებითი ცხოვრების უფლების მქონეები, მათ აქვთ შიში, რომ სამსახურებს დაკარგავენ. ამავდროულად, ის ფულადი გზავნილები, რომელიც საბერძნეთიდან საქართველში მოდიოდა, შეჩერდა, წარმოდგენა რომ გქონდეთ ამ ციფრებზე, გეტყვით, რომ გასულ წელს 200 მილიონი დოლარი შეიტანეს საბერძნეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ ოჯახებში“, – ამბობს საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი.

ბოლო მონაცემებით, საბერძნეთი მსოფლიო პანდემიის რუკაზე 102 ადგილზეა: კორონავირუსის  4587 შემთხვევითა და 206 გარდაცვლილით. თითქმის 11-მილიონიანი ქვეყნისთვის ამ ციფრებს ათენში საგანგაშოდ არ მიიჩნევენ.

კოვიდპანდემიის გამო ბევრი კომპანია გაკოტრდა, მათ შორის არ არის „ეგეოსის ავიახაზებi“, თუმცა იმან, რომ უსაფრთხო ქვეყნების ქართულ სიაში ათენი ვერ მოხვდა, პრობლემები ბერძნულ კომპანიას მაინც შეუქმნა.

კომპანიის წარმომადგენელი „კურიერს“ უყვება, რომ საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით დღეში ათობით ზარს პასუხობენ, პასუხი კი თავადაც არ აქვთ. ოთარ თაყაიშვილი სექტემბრამდე რეგულარული ფრენების აღდგენას არ ელოდება, თუმცა ახლა პასუხს ელის იმ განაცხადზე, რომლითაც აგვისტოში 3 ჩარტერულ რეისის განხორციელებას ითხოვს.

ის, რომ საბერძნეთისთვის ცის გახსნის მოთხოვნა დიდია, ადასტურებს დინო ბერაია ვასილიადი, რომელიც უკვე 12 წელია საბერძნეთში ტურისტულ კომპანიას „დინტრეველს“ ამუშავებს. იგი ჰყვება, რომ ვიდრე ტურისტული კომპანიები სახელმწიფოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან, საბერძნეთში გაჩნდნენ ბიზნესმენები, რომლებიც მოქალაქეებს საქართველოში ჩასვლას თურქეთის გავლით, ავტომობილით სთავაზობენ, რაც არალეგალურია და არავის ურჩევს.

ეკონომიკის მინისტრისთვის გასაგებია, რომ საქართველოს ცის გახსნა ბევრს აინტერესებს და ისიც, რომ ყველა ქვეყანა საკუთარი ავიახაზების ამუშავებისთვის იბრძვის და სიას მალე სხვა კომპანიებიც შეუერთდება, თუმცა როგორც ეკონომიკის სამინისტრო, ისე დიპლომატიური უწყება იმას უსვამენ ხაზს, რომ პრიორიტეტები ქვეყანას არ შეუცვლია და ეს არის უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება.

საგარეო უწყების მონაცემებით, სულ ბოლოს ჩარტერული რეისი 28 ივლისს, ათენიდან შესრულდა, რომლითაც სამშობლოში 171 თანამემამულე დაბრუნდა. ისინი ახლა კარანტინში არიან. თუ როდის აღდგება ათენთან უკვე რეგულარული ფრენები, ამაზე ინფორმაციის გაცემას ხელისუფლება არ ჩქარობს.

ცნობისათვის: საქართველოდან ჩასული მგზავრებისთვის საბერძნეთში სავალდებულო ტესტირების ან თვითიზოლაციის მოთხოვნა არ არსებობს. საბერძნეთის სასაზღვრო პუნქტებზე შემთხვევითი შერჩევით ხდება სხვა ქვეყნებიდან ჩასული მოქალაქეების ტესტირება და კორონავირუსით ინფიცირების გამოვლენის შემთხვევაში მოქალაქე სპეციალურ საკარანტინო სასტუმროში გადაყავთ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close