ვიდეოსაზოგადოებასაქართველო

რაჭაში მაშველებმა მუშაობა დილიდან განაახლეს (ფოტო/ვიდეო)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა რაჭაში, სტიქიის ზონაში დილიდან განაახლეს აქტიური სამუშაოები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამ ადგილას – ხიდეშლები-მაჟიეთის, ჯინჭვისი-გომისა და ჟამიერეთის მონაკვეთებზე – მოეწყო საბაგირო მაგისტრალები. საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენამდე, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, შესაძლებელი გახდა სოფლებში ჩარჩენილი მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების საგნებისა და საკვები პროდუქტების მიწოდება.

„პროცესში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სამაშველო ჯგუფები. ადგილზე მობილიზებულია სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საბაგირო მაგისტრალების მოწყობაში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ისე სამაშველო დრონები, რომლებითაც ხდება მიუვალ ადგილას მაგისტრალის გასამართად აუცილებელი აღჭურვილობის მიტანა.

ძლიერმა წვიმამა და წყალდიდობამ გუშინ რაჭა ძლიერ დააზიანა. 12 სოფელი გარესამყაროს მოსწყდა, 2000-ამდე ადამიანთან მხოლოდ სატელეფონო კომუნკაცია ხერხდებოდა, მათგან 1500 ადგილობრივია, 500-ზე მეტი კი დასავენებლად ჩასული სტუმარი ან ტურისტი.

სტიქიის და საკურორტო ზონიდან მაშველებმა უკვე გამოიყვანეს 150-მდე ადამიანი, ელექტრომომარაგება აღუდგა 5 სოფელს, წყალმომარაგება აღუდგა 400-მდე აბონენტს. დღის ბოლომდე კიდევ რამდენიმე სოფელს აღუდგება ელექტრომომარაგება.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ზარალს ითვლიან. მისივე განცხადებით, რთულად შესასრულებელი სამუშაოებია და მაგისტრალების სრულად აღდგენას და სტიქიის შედეგების გამოსწორებას, სავარაუდოდ, 10 დღე მაინც დასჭირდება.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close