იტალიაპოლიტიკა

იტალია: დეპუტატთა პალატამ საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებას მხარი დაუჭირა

კონტე აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს მკაცრი კარანტინის შემოღებას

სენატის შემდეგ უკვე იტალიის პარლამენტის დეპუტატთა (ქვედა) პალატამ მისცა მწვანე შუქი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 15 ოქტომბრამდე გახანგრძლივებას 286 ხმით – 221-ის წინააღმდეგ; 5-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. ამის შესახებ იტალიური მედია წერს

კენჭისყრას წინ უძღვოდა პრემიერ-მინისტრის გრძელი სიტყვა პარლამენტში, რომელშიც მან მკაფიოდ ჩამოყალიბა საგანგებო სიტუაციის გახანგრძლივების აუცილებლობის მიზეზები. ამასთანავე, კონტემ აღნიშნა, რომ საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივება არ ნიშნავს მკაცრი კარანტინის დაბრუნებას, როგორიც გაზაფხულზე იყო და უსაფუძვლოა შიში, რომელსაც ადამიანთა ერთი ჯგუფი სოციალურ ქსელში გამოთქვამს.

კონტემ მოუწოდა კოლეგებს, დაივიწყონ იდეოლოგიური უთანხმოებები და მხარი დაუჭირონ პანდემიის პირობებში ადეკვატურ გადაწყვეტილებას. როგორ ცნობილია, საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივების წინაღმდეგ „ლიგის“ ლიდერი მატეო სალვინი და „იტალიის ძმების“ ლიდერი ჯორჯო მელონი გამოვიდნენ.

პრემიერის თქმით, მთავრობის 38 განკარგულება, რომლებიც მას ეპიდემიასთან ბრძოლაში ეხმარება, ძალას დაკარგავს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გარეშე.

წინა დღით მთავრობის მოთხოვნას საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივების თაობაზე სენატმა (იტალიის პარლამენტის ზედა პალატა) დაუჭირა მხარი, 157 ხმით – 125-ის წინააღმდეგ (3-მა სენატორმა კი თავი შეიკავა).

შეგახსენებთ, რომ ადრე მიღებული გადაწყვეტილებით, საგანგებო რეჟიმის ვადა იტალიაში 31 ივლისს იწურებოდა.

რაც შეეხება სტატისტიკას: გასულ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 289 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (გუშინ – 212), 6 პაციენტი კი გარდაიცვალა (გუშინ – 12). ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გუშინდელთან შედარებით 8 ათასით მეტი, 56 018 ტესტი ჩატარდა. ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა 2 რეგიონში – უმბრიასა და ბაზილიკატაში. ასეთია იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები.

ვირუსით ინფიცირებული აქტიური პაციენტების რაოდენობა ისევ გაიზარდა, ამჯერად 7-ით და 12 616-ს შეადგენს. მათგან ჰოსპიტალიზებულია 731 პაციენტი კოვიდ-19-ის სიმპტომებით, დანარჩენი სახლის პირობებში იმყოფება უსიმპტომოდ ან დაავადების მსუბუქი კლინიკური ნიშნებით.

სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 35 129 ადამიანი, ინფიცირების შემთხვევათა მთლიანი რიცხვი კი 246 776-ს უდრის. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 200 ათასს მიუახლოვდა – 199 031 (+275). მძიმე პაციენტების რიცხვი 2-ით შემცირდა და ამ დროისთვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 38 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close