ერეკლე მეფეზე ისეთი მასალები გამოვლინდა, თმები ყალყზე დაგიდგებათ!
„ვიცი, შეიძლება ბევრისთვის ეს დაუჯერებელი იყოს, მაგრამ ლონდონის ამ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, ვულვიჩის სამხედრო აკადემიაში ყმაწვილკაცობაში სწავლობდა ჩვენი პატარა კახი, იგივე დიდი ერეკლე მეორე. ამაზე ერთხმად მიუთითებს რამდენიმე ევროპული წყარო, რომელიც საქართველოში მანამდე უცნობი იყო და რომლებიც ჩვენ ირლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკიდან ჩამოვიტანეთ“, – აცხადებს ისტორიკოსი გიორგი კალანდია და ერეკლე მეორესთან დაკავშირებულ უცნობ ინფორმაციებს ასაჯაროვებს.
„ისეთი მასალები გამოვლინდა ირლანდიასა და იტალიაში, რომ თმები ყალყზე დაგიდგებათ! სამი ელჩი მოუკლა ერეკლე მეფეს რუსეთის ჯაშუშობამ. სამივე ევროპაში გაგზავნა მაშინ პატარა კახმა. 1781 წლიდან უიმედოდ ელოდა 2 წელი ევროპელების დახმარებას, მოკლედ, რუსეთის ჯაშუშობა მაშინაც აქტიურად მუშაობდა! ბოლოს კი, როგორც ავსტრიის ელჩი წერს, ობერ ლეიტენანტმა ტამარამ ძლივს დაიყოლია ტრაქტატზე ხელის მოსაწერად! მოკლედ, ეგრე ადვილად არაა საქმე! ძალიან მძიმე და გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდეს ეგ სულმნათი! სამი იმპერია – რუსეთი, ირანი და ოსმალეთი – ერთად ებრძოდა პატარა კახს!“ – განმარტავს ისტორიკოსი.
გიორგი კალანდია:
გადავწყვიტე, როგორც ისტორიკოსმა, ყველა საშუალება გამოვიყენო იმისათვის, რომ ერეკლე მეორის ღვაწლი უფრო კარგად წარმოვაჩინო.
ამაში განსაკუთრებით დამეხმარა ირლანდიიდან ჩამოტანილი დღემდე უცნობი ინგლისური, ირლანდიური ცნობები და გერმანული წყაროები. ეს უკანასკნელი მამაჩემმა, პროფესორმა ბორის კალანდიამ თარგმნა.
მათი შესწავლის შემდეგ ირკვევა, რომ ერეკლეს ევროპული ბიოგრაფიის ნაწილი თანხვედარში მოდის ქართველი მონარქის რეფორმატორულ ხასიათთან. უკვე ლოგიკურად ახსნადია პატარა კახის დაუოკებელი სწრაფვა, დაემყარებინა სამხედრო თუ პოლიტიკური კავშირი ინგლისის, ვენეციის და ავსტრიის მონარქებთან.
როგორც ჩანს, მან პირადად კარგად უწყოდა განათლებული ევროპის სარგებელი. ეს მოვლენა, ამასთანავე, პატარა კახს საქართველოს ისტორიის პეტრე დიდად წარმოაჩენს, რომელმაც პეტრეს მსგავსად საიდუმლოდ იმოგზაურა ცივილიზებულ დასავლეთში და საკუთარ ქვეყანას ახალი ღირებულებები, განმანათლებელთა იდეები და სამხედრო წარმატებისათვის საჭირო ცოდნა შესძინა.
ამ მოსაზრების საუკეთესო დასტურია 1793 წელს ლაიფციგში ელია რაბეცკის დაბეჭდილი სიტყვები: „ის თავის სამეფოში უცხოეთიდან იწვევდა სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს, მის დროს მეცნიერებამ და ხელოვნებამ აყვავება დაიწყო, სწავლულები მაღალი ანაზღაურებით და დაფასებით გამოირჩეოდნენ, ამიტომ ისინიც დიდი ზედმიწევნით ავრცელებდნენ თავიანთ ცოდნას, რაც მთავარია, ამ იდეების პრაქტიკაში განხორციელება ხდებოდა… ერეკლე ნიჭიერ ახალგაზრდებს არჩევდა და საკუთარი სახსრებით მათ ნაწილს ევროპის სამეფოების კარზე, ნაწილს კი სხვადასხვა აკადემიაში განათლების მისაღებად გზავნიდა.
იმისათვის, რომ ადამიანთა წარჩინება მხოლოდ წარმომავლობით არ დაფასებულიყო, მან სამი წოდება შემოიღო: ერთი – დაბადების, მეორე – დამსახურების, მესამე კი – სიმამაცისა და სამხედრო ხელოვნების. იმისათვის, რომ თავისი ქვეყნიდან ცრუ ღვთისმოსაობა და მიუტევებლობა განედევნა, ყველა რელიგიისადმი განსაკუთრებულ შემწყნარებლობას ავლენდა, მას სურდა, საკუთარი ქვეშემრდომები უმტკივნეულოდ გაეწმინდა ყოველივე უარყოფითისაგან. მოახერხა კიდეც, სამეფო კარსა და საკუთარ თავს შეუფერებელი ისე ჩამოაშორა, რომ არცერთი მათგანის ბრწყინვალება არ შეულახავს“.
კომენტარები