fbpx
ისტორიასაქართველო

ამბავი საქართველოში მოტყუებით დატოვებული სიმდიდრისა: მილიონერების შურისძიება?

საქართველოს იძულებით გასაბჭოების წინა პერიოდში, იმ განძის გარდა, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა შემოუნახა ქართველობას და რომელიც ახლა სახელმწიფო მუზეუმებშია დაუნჯებული, ქვეყანაში ასევე არსებობდა უძველესი ძვირფასი ნივთები — სახელოვანი ქართველების ნაქონი ანტიკვარული ავეჯი, ჭურჭელი, ფერწერული ტილოები, ხატები, ოქროს ნაკეთობები, ხალიჩები, ხმლები და უამრავი სხვა, რომლებიც კერძო კოლექციებში ან ოჯახებში ინახებოდა.

უბედურება ის იყო, რომ მაშინდელ მილიონერთა უმეტესობა არაქართველები იყვნენ და სწორედ მათ ხელში აღმოჩნდა ერთ დროს ქართველ თავადთა კუთვნილი უნიკალური და ისტორიული მნიშვნელობის ნივთები. XIX საუკუნეში გაღატაკებულმა ქართველმა დიდგვაროვნებმა, ბედოვლათმა თავადებმა ქეიფსა და დროსტარებაში გაფლანგეს მამაპაპისეული ქონება. ასე თანდათან აღმოჩნდა მადათოვების, მანთაშოვების, მელიქოვების, აზარიანცების, ბოჟეზიანცების, ცატუროვების, ანანოვების და სხვათა ხელში ქართველი ერის მიერ საუკუნეთა მანძილზე დაგროვილი ქონება.

1921 წლის თებერვლის დღებში იყო საშიშროება, რომ ჩვენს ქვეყანას სამუდამოდ დაეკარგა მუზეუმებს გარეთ დარჩენილი ძვირფასი რელიკვიები. სანამ რიგითი ქართველობა ბოლშევიკებს ებრძოდა კოჯორ-ტაბახმელის მისადგომებთან, მდიდრები ბათუმის პორტისკენ თავქუდმოგლეჯილი გარბოდნენ, რომ როგორმე ევროპაში გაეღწიათ. მილიონერები არაფერს ზოგავდნენ იმისთვის, რომ ანტიკვარიატი და სხვა ძვირფასი კოლექციები თან წაეღოთ უცხოეთში. მაგრამ ამაში მათ ერთ-ერთი საბაჟოს უფროსმა ვარდენ ჩხიკვიშვილმა შეუშალა ხელი, რომელმაც ქვეყნიდან უნიკალური და ძვირადღირებული კოლექციების გატანას წინააღმდეგობა გაუწია.

ვარდენ ჩხიკვიშვილი

მილიონერები ძალიან ჩქარობნენ ძვირადღირებული ქონების გემზე ატანას. ვარდენს მათთვის უარის თქმის არავითარი იურიდიული საფუძველი არ ჰქონდა, ამიტომ ხერხს მიმართა: ვინაიდან დიდი ქონების სამგზავრო გემზე განთავსება ვერ ხერხდებოდა, მან მილიონერები დაამშვიდა, რომ მათ ქონებას სატვირთო გემზე გადაიტანდა და ემიგრირების ადგილზე გაუგზავნიდა. ნდობის მოსაპოვებლად ეს ყველაფერი მათ თვალწინ „განაბაჟა“ და არც შეთავაზებულ ქრთამზე უთქვამს უარი.

ვარდენს ეს ყველაფერი მილონერთა თვალის ასახვევად დასჭირდა, ამ გზით დატოვა საქართველოში უამრავი ძვირფასი ნივთი.

თავად ემიგრაციაში წასვლას არ აპირებდა, მაგრამ აღარ დააყენეს სამშობლოში – გასაქცევად გაუხადეს საქმე. მისი „დანაშაული“ ის იყო, რომ საქართველოს დამოუკიდებელი მთავრობის წევრისა და 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაურის, ბენია ჩხიკვიშვილის ძმა გახლდათ. ეს კი უკვე ნიშნავდა სასიკვდილო განაჩენს, ვინაიდან ბოლშევიკები ჩინგის ხანის მეთოდებით მოქმედებდნენ – დამნაშავეებთან ერთად სიკდილით სჯიდნენ მათი ოჯახების წევრებსაც და ნათესავებსაც კი. ამიტომაც გაიქცა ვარდენ ჩხიკვიშვილი საფრანგეთში, სადაც ქართულ ემიგრაციას შეუერთდა.

რამდენიმე წლის შემდეგ ის მუხანათურად მოკლეს…

ამბობენ, უსახსროდ დარჩენილი ვარდენ ჩხიკვიშვილი მეტად აზარტული კაცი იყო და ხშირად სტუმრობდა კაზინოებსო. იგებდა კიდეც, თურმე. 1938 წლის იმ საბედისწერო დღეს ვარდენი მონპელიეს კაზინოში იმყოფებოდა, როდესაც ზურგიდან დაახალეს ტყვია და ადგილზე მოკლეს.

თავიდან ეგონათ, რომ მკვლელებს ვარდენის მიერ მოგებული ფულის ხელში ჩაგდება უნდოდათ, მაგრამ ეს ვერსია არ დადასტურდა – მკვლელებს ვარდენის ფულისთვის ხელიც არ ეხლოთ. ამის შემდეგ გაჩნდა ვერსია, რომ საბაჟოს ყოფილ უფროსს საქართველოდან გაქცეული ის მილიონერები გაუსწორდნენ, რომლებიც ესოდენ ოსტატურად „გადააგდო“ ვარდენ ჩხიკვიშვილმა თავის დროზე. ვინ იცის, იქნებ ასეცაა. ისტორია კი დუმს…

ვანო სულორი

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close