საბერძნეთი 72 მილიარდ ევროს მიიღებს ევროკავშირის პანდემიის შემდგომი დახმარების ფონდიდან
„ეროვნული წარმატება“ უწოდა ევროკავშირის ფინანსურ პაკეტს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა.
„როიტერის“ ინფორმაციით, საბერძნეთი ევროკავშირის პანდემიის შემდგომი დახმარების ფონდიდან 72 მილიარდ ევროს ($82,38 მლრდ) მიიღებს.
„დღეს ძალიან ამბიციური პასუხი გავეცით იმ სიმეტრიულ შოკს, რომელიც პანდემიამ ყველა ეკონომიკაში გამოიწვია“, – განაცხადა მიცოტაკისმა.
მისივე თქმით, თანხები ძალიან სწორად განაწილდება საბერძნეთში და ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად დაიგეგმება.
„ჩვენ არ ვაპირებთ ამ მნიშვნელოვანი ევროპული კაპიტალის გაფლანგვას უპასუხისმგებლოდ ნუვორიშების მსგავსად… ჩვენ მას ყველა ბერძენის სასარგებლოდ გამოვიყენებთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ევროკავშირის ლიდერებმა კორონავირუსის ეპიდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად საჭირო ფინანსურ პაკეტზე შეთანხმებას, 5-დღიანი რთული მოლაპარაკებების შედეგად, 21 ივლისს მიაღწიეს. 750 მილიარდი ევროს მოცულობის პაკეტში 390 მილიარდი ევრო გრანტების, ხოლო 360 მილიონი სესხის სახით გამოიყოფა.
კომენტარები