fbpx
ქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტიინტერვიუ

„ემიგრანტობა – ეს არის შვილებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის გაღებული მსხვერპლი“

ორი წელია, რაც ჩემი კოლეგა, ჟურნალისტი ხათუნა შარაძე ემიგრანტია, იტალიაში, ქალაქ კასტელანა გროტეში (Castellana Grotte) იმყოფება ოჯახთან ერთად და, საქართველოზე ფიქრში, იტალიური ცხოვრებით ცხოვრობს. ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდა ქალი უცხოეთშიც სულ მოძრაობასა და ძიებაშია – ისე, როგორც მშობლიურ ოზურგეთში. არც საყვარელ საქმიანობას ივიწყებს და ცოტა ხნის წინ მისი წერილი იტალიურ გაზეთშიც კი გამოქვეყნდა.

თუ როგორ და რატომ აღმოჩნდა ხათუნა შარაძე სამშობლოდან შორს, უცხო ქვეყანაში ოჯახთან ერთად, რაზე დააფიქრა მსოფლიო პანდემიამ და როგორია მისი სამომავლო გეგმები, – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ კოლეგას იტალიაში დავუკავშირდით. საუბარი კი იმ სიახლით დავიწყეთ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩაიწერა მის ცხოვრებაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი.

ხათუნა, ახლახან იტალიაში კანონიერად ცხოვრების უფლება მიიღეთ, არალეგალი ემიგრანტები აღარ ხართ… რა განცდაა ეს? როცა შეიტყვეთ, პირველი რა გაიფიქრეთ?

მომენტალური სიმშვიდე დამეუფლა. ყველა ლეგიტიმური შიში და შფოთვა უცებ ჩამომეხსნა. ზუსტად ერთ წუთში გონებამ სხვადასხვა მიმართულებით გამალებული ფიქრი შეწყვიტა და დამშვიდდა. პირველი აზრიც, რასაკვირველია, საქართველოში დაბრუნებას ეხებოდა. მარიამი წელზე შემომეხვია და მთხოვა, ხვალ საქართველოში წავიდეთო.

თუ საშუალებას მომცემთ, ჩემი ამგვარი ემოციის მიზეზებზე ვისაუბრებ და მკითხველს უკეთ ავუხსნი, რატომ არის ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრება ასე მნიშვნელოვანი.

გისმენთ…

ემიგრაცია, თავისთავად, უამრავ სირთულესთან არის დაკავშირებული, ხოლო არალეგალურად ცხოვრება არსებობას და თვითდამკვიდრების პროცესს კიდევ უფრო ართულებს. ნომერ პირველი პრობლემა დასაქმებაა. ეს დიდ რისკებთან და სტრესთან არის დაკავშირებული. ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა არალეგალ პირს, ვინაიდან მასზე არ ვრცელდება ქვეყანაში მოქმედი შრომის კოდექსი, დამსაქმებლები შრომით ექსპლუატაციას უწევენ. ამას ემატება ენის ბარიერი და დასაქმებული, ფაქტობრივად, ტყვეობაში ხვდება.

ალბათ ვითარება კიდევ უფრო რთულია მათთვის, ვინც ემიგრაციაში ოჯახითაა, როგორც თქვენ…. საინტერესოა, ქვეყნის დატოვების ძირითადი მიზეზი სამშობლოში თვითრეალიზების, უმუშევრობის პრობლემა იყო თუ ჟურნალისტ ქალბატონს სხვა მიზანი გამოძრავებდათ და სურვილი აისრულეთ?

სურვილის ასრულებას ნამდვილად ვერ დავარქმევ. აბსოლუტურად განსხვავებული მიზეზის გამო მომიხდა ოჯახით ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილების მიღება. 2014-18 წწ. ქალაქ ოზურგეთის მერის საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის განყოფილებას ვხელმძღვანელობდი. ემიგრაციაში წასვლა მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ახლმა მერმა ჩემი მასთან თანამშრომლობა არ ისურვა. მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გაგვიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება. მე ძალიან მიყვარდა და დღემდე მიყვარს ჩემი საქმე. ოთხწლიანი შრომა და ჩემი საყვარელი საქმე დავკარგე, იმიტომ რომ ვიღაცას ასე სურდა!

იტალიაში ჩასული, პირველად სად მოხვდით და რა პრობლემების გადალახვა მოგიხდათ, რა იყო ყველაზე დიდი სირთულე ოჯახისთვის? რა ან ვინ გაძლევდათ სტიმულს, რომ ყველაფერი კარგად იქნება?

ვეცადეთ, გარკვეული სურათი წინასწარ შეგვექმნა. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს გააზრებულად ვმოქმედებდით და გარკვეული წარმოდგენებიც წინასწარ შევუქმენით საკუთარ თავს, საბოლოოდ სულ სხვა რეალობა დაგვხვდა. როგორც არ უნდა მემუშავა საკუთარ თავზე, მაინც ვერ შევძლებდი რეალობის აღქმას. ემიგრაციაში ცხოვრების თავიდან და სულ სხვანაირად დაწყება გიწევს, თან ერთბაშად, უცებ და სრულიად უცხო გარემოში. არ შემიძლია გითხრათ, რა იყო ყველაზე დიდი სირთულე, რადგან ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემო ხდებოდა, იყო ძალიან რთული.

თავდაპირველად ვერ ხვდები, სად ხარ, რატომ ხარ, რა ხდება შენს თავს… ახალშობილივით ხარ, დამოუკიდებლად არაფრის კეთება არ შეგიძლია. ცხადია, ამას ემატება სტრესი, რომ ზრდასრული, რეალიზებული და ჩამოყალიბებული ადამიანები უცებ პრიმიტიული პრობლემების წინაშე დავდექით, რომელთა გადაჭრაც მარტოს არ შეგვეძლო.

პირადად მე არარაობის განცდა დამეუფლა. ჯერ კიდევ ადამიანი ვიყავი, ჯერ კიდევ მიწაზე დავდიოდი, მაგრამ თითქოს არც ვარსებობდი და ვერ მხედავდნენ. ამის პარალელურად მე და ჩემი მეუღლე ვცდილობდით, რომ ოთხი წლის მარიამისთვის ეს პროცესი ნაკლებად სტრესული და ადვილად გადასალახი ყოფილიყო. მიუხედავად მისი ასაკისა, ის ზრდასრული ადამიანივით განიცდიდა ცხოვრების რადიკალურ ცვლილებას. ითხოვდა აქამდე მის ცხოვრებაში არსებულ კომფორტის ზონას, ბებია-ბაბუებს, საკუთარ ოთახს, საბავშვო ბაღს და სიყვარულით სავსე გარემოს, რომელიც 13 კვ. მეტრმა ოთახმა შეუცვალა.

სტიმულს ის ადამიანები გვაძლევნდნენ, რომლებიც ნელ-ნელა ჩნდებოდნენ ჩვენს ცხოვრებაში. ადამიანი-„გზავნილები“, რომელთა გამოჩენაში მხოლოდ ღმერთის ხელი ურევია. ეს არ გახლავთ დაძლეული პრობლემების მისტიკა, ეს ყველაფერი სინამდვილეა, უბრალოდ, ცხოვრების ამ ნაწილის მოყოლას სხვა ფორმატი სჭირდება. ეს ადამიანები იტალიელი ცოლ-ქმარი – როზა დაპრილე და ფრანკო ლანძილოტაა. მე ვერასდროს შევძლებ ამ ორი არაჩვეულებრივი პიროვნების ამაგის გადახდას, ეს, უბრალოდ, შეუძლებელია. ისინი დღემდე ჩვენი იტალიური ცხოვრების თანამგზავრები არიან და არასდროს მივუტოვებივართ. იტალიაში ყველა ჩვენი საუკეთესო მოგონება მათთან პირდაპირ კავშირშია. ამ ორი ადამიანის წყალობით დავიბრუნე თავდაჯერებულობის განცდა და მათი დახმარებით დავგეგმეთ ჩვენი იტალიური ცხოვრებაც.  ჩვენ ერთად დავბრუნდებით საქართველოში.

როზა ლაპრილესა და ფრანკო ლანძილოტასთან ერთად

როგორც ჩანს, საქართველოში მოგზაურობის დიდი სურვილი აქვთ…

დიახ, როზას და ფრანკოს საქართველოში მოგზაურობის დიდი სურვილი აქვთ. ისინი ჩვენი იტალიაში ლეგალურად ყოფნისთვის საჭირო დოკუმენტების სისრულეში მოყვანას ელოდებიან, რომ ჩვენთან ერთად წამოვიდნენ საქართველოში. როზა ქართულ ანბანს და სიტყვებს სწავლობს. მათ ძალიან უნდათ მარიამის ქვეყანაში მოგზაურობა.

აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემი იტალიური ცხოვრების „იუპიტერი“, რომლის წყალობითაც პირველად გავიღიმე, ქართველი ქალბატონია – ქეთევან ღუღუნიშვილი. თუ შეიძლება დედა მეორედ იპოვოთ, იცოდეთ, რომ მე ეს უკვე თავს გადამხდა. ჩვენ უკვე ერთი ოჯახი ვართ.

ქეთევან ღუღუნიშვილი მარისთან ერთად

თქვენი მეუღლე ვინ არის, რა პროფესიისაა, მუშაობს?.. როგორც ცნობილია, ემიგრანტი მამაკაცებისთვის ძნელია სამსახურის შოვნა…

ჩემი მეუღლე, კონსტანტინე ბოკუჩავა ის ადამიანია, ვინც არ დაუშვა, რომ ემიგრაციაში მარტო წამოვსულიყავი. „ჩვენ ერთად წავალთ და ერთად შევქმნით ახალ ცხოვრებას“, – ეს მისი მტკიცე გადაწყვეტილება იყო. ის არასდროს დაუშვებს, რომ მარტომ ვიომო. ემიგრაციის ომში ორივე თანაბრად ვიბრძვით და ამით ვიმარჯვებთ. პროფესიით ეკონომისტია. უმაღლესი სასწავლებელი წითელ დიპლომზე აქვს დამთავრებული. რაც მთავარია, შესანიშნავი მამა და წესიერი ადამიანია. ცდილობს ცხოვრებაში ყველაფერს საკუთარი შრომით მიაღწიოს.

ხათუნა შარაძე მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად

ემიგრაციაში დასაქმებას რაც შეეხება, გეთანხმებით, საქართველოს საზღვრებს მიღმა მყოფი ემიგრანტების 90%-ს ქალები შეადგენენ, რადგან ემიგრაციის შრომით ბაზარზე, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მოთხოვნილება, ძირითადად, ქალების შრომაზეა. რაც შეეხება ჩემი მეუღლის სამსახურს, ვთვლით, რომ იღბალი გვწყალობს. დამერწმუნეთ, რომ იღბალს უნდა დააბრალოთ, თუ ემიგრაციაში კეთილსინდისიერ და პატიოსან ადამიანებს გადაეყრებით. ასე რომ, მას სამსახურის პოვნა არ გასჭირვებია.

ამჟამად სად ხართ კონკრეტულად და რაზე დაგაფიქრათ კორონავირუსის ეპიდემიამ, რომელმაც ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა იტალიას?

ამჟამად ბარის პროვინციის ერთ-ერთ პატარა ქალაქში, კასტელანა გროტეში (Castellana Grotte) ვცხოვრობთ. გროტე „მღვიმეს“ ნიშნავს. ეს პატარა და კოხტა ქალაქი მრავალსაუკუნოვანი მღვიმით არის ცნობილი და ტურისტებისთვის ძალიან საინტერესო ადგილს წარმოადგენს. ძალიან მიყვარს ეს პატარა ქალაქი, თავისი ქვაფენილიანი ქუჩებით, ძველი და მოდერნიზებული არქიტექტურით; ქუჩებსა და აივნებზე უამრავი ლამაზი ყვავილით და სალმის თქმით გამორჩეული იტალიელებით. ამ ქალაქმა მომცა ყველაფერი, რაც მჭირდებოდა. კასტელანა გროტე ჩემი ოზურგეთია, სადაც ხალხს ვუყვარვარ და ყოველთვის, როცა მჭირდება, ჩემი და ჩემი ოჯახის კეთილდღეობისთვის მაქსიმუმს აკეთებენ. ვფიქრობ, გამიმართლა, აქ რომ მოვხვდი. მიყვარს ჩემი იტალიელი მეგობრები და ჩემი წილი იტალია.

რაც შეეხება პანდემიას: ჩემი აზრით, ევროპის მოსახლეობა კრიზისულ სტუაციაში ცხოვრებას გადაჩვეულია. ზოგადად, იტალიელები კი ძალიან ემოციური და მგრძნობიარე ადამიანები არიან. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, როცა სასწავლო პროცესი ძლიერი წვიმის გამო გადაიდო. ამით იმის ხაზგასმას ვცდილობ, თუ რამდენად სტრესული აღმოჩნდა მათთვის სრული ფორს-მაჟორი და ცხოვრების სტილის რადიკალური ცვლილება.

პანდემიამ ლოკალურზე მეტად, გლობალურ საკითხებზე დამაფიქრა. მსოფლიო მოსახლეობა უხილავი ომის ჯარისკაცებად გადაიქცა და ადამიანების დამორჩილება ტყვიაზე უკეთ სიტყვამ შეძლო. თავდაპირველად, როგორც ადამიანების უმრავლესობას, მეც მქონდა ძლიერი განცდები და დავირუსების შიში. ამაზე ისედაც ბევრი ითქვა და საუბარს აღარ გავაგრძელებ, მაგრამ აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ არ მესმის მარტოსული ხალხის, როგორ შეიძლება იცხოვრო ადამიანების გარეშე?! პანდემიამ ადამიანები კიდევ უფრო შემაყვარა.

მოდით, პანდემიამდე იტალიაში თქვენ მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ მოგვიყევით – როგორც ვიცი, ქალაქ ბარიში ქართულ ჟურნალს გამოსცემდით…

ემიგრანტობიდან სამი თვის შემდეგ ქალაქ ბარიში არსებულ ქართულ დიასპორულ ასოციაცია „აისის“ დამფუძნებელთან, ნინა რურუასთან ერთად გამოვუშვი ჟურნალი „აისი“. სამწუხაროდ, მხოლოდ სამი ნომრის გამოცემა შევძელით უცხოეთის მიწაზე ქართველებისთვის.

რაც შეეხება ასოციაცია „აისს“, ეს ჩემი ემიგრაციაში ყოფნის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია.  ეს იყო ადგილი, სადაც საკუთარი თავის მნიშვნელობას ვგრძნობდი. შევხვდით საქართველოს ელჩს იტალიაში, რომელიც ქალაქ ბარიში არსებული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ადგილზე გაეცნო. საქართველოს საელჩომ ქალაქ რომში 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიმიწვია. ვცდილობ, პიროვნულობა არ დავკარგო.

2019 წლის 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ქალაქ კასტელანა გროტეს (Castellana Grotte) მერიის დარბაზში მიკროფონთან აღმოვჩნდი. ვკითხულობდი ქართველი ემიგრანტი ქალის იტალიურად ნათარგმნ ლექსს და ჩემს ზურგს უკან განთავსებულ დიდ მონიტორზე იტალიის პატარა ქალაქში პირველად ახსენეს საქართველო, ქალაქი ოზურგეთი და ჩემი, როგორც ჟურნალისტის, მოკლე ბიოგრაფიამაც გაიჟღერა… ისეთი განცდა მქონდა, თითქოს საკუთარ თავთან გავიმარჯვე!

გასული წლის ოქტომბერში ჩემი მეგობრის, ნათია გიგიაძის ორგანიზებით, ევროკავშირის პროექტ „ერაზმუს +“-ის ფარგლებში, ოზურგეთს „ალეგრობის“ დღესასწაულზე 15 იტალიელი ახალგაზრდა ესტუმრა, მათ შორის, იტალიელი ჟურნალისტი, ჩემი მეგობარი დანიელა ლოვეჩე (Daniela Lovece). სწორედ დანიელამ გაუწია საქართველოს და, კერძოდ, ოზურგეთს პოპულარიზაცია ხუთ სხვადასხვა იტალიურ სააგეnტოში, ჟურნალ FAX-სა და ერთ-ერთ უდიდეს გაზეთში – Gazzetta Mezzogiorno-ში.

დანიელა ლოვეჩე (მარცხნივ) და ნათია გიგიაძე

ოზურგეთში ვიზიტის დროს დანიელა ლოვეჩემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, მარინა ჯაფარიძემ ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის სიმბოლურ მემორანდუმს.

იტალიის რესპუბლიკის ბარის პროვინციის ქალაქ კასტელანა გროტეს მერსა და გურიის რეგიონის გუბერნიასა და ოზურგეთის საკრებულოს შორის შედგა წერილობითი კომუნიკაცია და გამოითქვა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი და მზადყოფნა.

ქალაქ კასტელანა გროტეს მერის, ფრანჩესკო დე რუვოს სამუშაო მაგიდაზე დღემდე დევს საქართველოს დროშა.

ამ პროცესების ორგანიზატორები ვიყავით ნათია გიგიაძე და მე.

გასული წლის ნოემბერში დანიელა ლოვეჩემ და მე ქალაქ კასტელანა გროტეში ქართული საღამო მოვაწყვეთ სახელწოდებით „ორი მიწა და ერთი მეგობრობა“. შეხვედრას ორმოცდაათამდე ქართველი ქალი, ქალაქის მერი, მერის მოადგილეები და ქართველების გულშემატკივარი იტალიელები ესწრებოდნენ.

სამახსოვრო ფოტო ქართულ-იტალიური საღამოს შემდეგ

ეს იყო ყველაზე ემოციური საღამო ჩემს ცხოვრებაში. მე ვიდექი ქართველი და იტალიელი ხალხის პირისპირ საქართველოს სახელით და წარმოვადგენდი საქართველოს! შეხვედრაზე პოპულარიზაცია გავუწიეთ ქართულ კულტურასა და კერძებს. აღნიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაციები დაიბეჭდა იტალიურ მედიაში.

მკითხველს აქვე მინდა ვუთხრა, რომ დანიელას სახით საქართველომ და ქართველმა ემიგრანტებმა დიდი გულშემატკივარი შეიძინეს. პანდემიის დროს დანიელა ქართველ მკითხველს ქართულ ენაზე მომზადებულ მასალებს აწვდიდა. დამეთანხმებით, რომ იმ დროისთვის ინფორმაციას სიცოცხლის ფასი ჰქონდა.

ჩემთვის არავის უთხოვია, ემიგრაციაში ამ ტიპის პასუხსიმგებლობა ამეღო. არავის შევპირებივარ, რომ მე ამას შევძლებდი. რაც ჩამოვთვალე, საკუთარი სურვილით მიღწეული შედეგი გახლავთ, რომლის უკან მხოლოდ მე და ჩემი ოჯახი ვდგავართ, არავინ სხვა!

გარდა ამ ყველაფრისა, იტალიურ ენაზეც თარგმნით სტატიებს და იტალიურ მედიაში ბედჭდავთ… ვინ არის თქვენი მოტივატორი ამ საქმეში?

მოტივატორი ლეგალიზაციის კანონი გახდა, რომელიც ძალიან მტკივნეულად და არასამართლიანად აისახა ემიგრანტების ცხოვრებაზე. მას შემდეგ, რაც იტალიის მთავრობამ ლეგალიზაციის კანონი გამოუშვა, ემიგრანტებსა და დამსაქმებლებს შორის ურთიერთობები რადიკალურად შეიცვალა. ზემოთ უკვე მოგახსენეთ, რომ არალეგალი ადამიანი იაფი მუშახელია, ხოლო ლეგალიზაციის კანონის თანახმად, დამსაქმებელი ოჯახები იძულებულნი გახდნენ, დასაქმებულ პირს კანონით გათვალისწინებული შრომის საფასური აუნაზღაურონ. მათ ვალდებულება დაეკისრათ როგორც დასაქმებული პირის მიმართ, ისე სახელმწიფოსა და საგადასახადო კოდექსის წინაშეც. მარტივად რომ ვთქვა, ფინანსური ხარჯები გაეზარდათ, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია.

ამას მოჰყვა ბევრი ემიგრანტის დათხოვნა სამსახურიდან. ფაქტობრივად, ის ადამიანები, რომლებიც მათ ოჯახებში წლების განმავლობაში შრომობდნენ, ქუჩაში გაყარეს. ამ ყველაფერმა ძალიან დიდი პროტესტი გამიჩინა. უსამართლობის განცდა გახდა მოტივატორი, მიმემართა იტალიელი ხალხსითვის და შემეხსენებინა მათი უახლესი წარსული, როცა მათი წინაპრები სიღარიბისა და შიმშილისგან თავის დასაღწევად ემიგრაციაში მიემგზავრებოდნენ. შევეცადე მეთქვა, რომ ჩვენ მათი მშობლების, შვილების და ახლობლების სიცოცხლის სადარაჯოზე ვდგავართ და პატივისცემას ვიმსახურებთ.

ჩემს წერილს საემიგრაციო საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მკითხველი სტატიის იტალიურ ვერსიას ითხოვდა, რათა დამსაქმებელი ოჯახებისთვის გაეცნოთ. ერთ-ერთმა ემიგრანტმა ქალბატონმა, პოეტმა მელი თურმანიძემ ჩემი სტატია იტალიურ ენაზე თარგმნა და ასე აღმოჩნდა იტალიური მედიის ინტერესის საგანი. თქვენი საიტის საშუალებით ქალბატონ მელი თურმანიძეს კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას.

ემიგრაცია მრავალმხრივ საყურადღებო და მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით რაზე გაამახვილებდით ყურადღებას ამ ეტაპზე?

ყურადღებას დაუცველობის განცდაზე გავამახვილებდი. ემიგრანტის მთავარ პრობლემად სამართლებრივ მხარდაჭერას დავასახელებდი. რიგი გარემოებების გამო, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელიც ისეთი ტიპის დახმარება, რომელიც უკეთ გაგვარკვევს ჩვენს უფლებებში. სავალდებულოდ მიმაჩნია ემიგრანტებს სამართლებრივი რეკომენდაციები ოფიციალური სტრუქტურიდან მიეწოდებოდეს.

როგორ ფიქრობთ, რა ძირითადი განსხვავებაა ჩვენს ხალხებს, ჩვენს ორ კულტურას შორის?

ცნობილი ფაქტია, რომ ქართველი და იტალიელი ხალხები ხასიათის მსგავსებით გამოირჩევიან. კომუნიკაციის სიყვარული, ოჯახის ინსტიტუტი, ხმაურიანი შეკრებები, ურთიერთობები… კულტურათა შორის განსხვავება, რასაკვირველია, არსებობს. ყველაზე თვალშისაცემი სამზარეულოსა და საკვებისადმი დამოკიდებულებაა. იტალიელი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჯანსაღი კვება. დღის 13:00 საათზე სადილის (pranzo) დროა და ეს წესი მკაცრად არის დაცული, ასევე ვახშამი (cena), რომელსაც 21:00 საათზე იღებენ. უპირატესობას ნაკლებად ცხიმიან საკვებს ანიჭებენ და მათი კვების რაციონი, ძირითადად, ბოსტნეულისგან შედგება. კვირაში ერთ დღეს მიირთმევენ თევზს, ხოლო კვირა დღე ხორცის დღეა. როცა იტალიელები ერთმანეთს ესალმებიან, იქვე უსვამენ კითხვას: „დღეს რა ჭამე?“ ან „რა უნდა ჭამო დღეს?“ – და ეს სავსებით არ ითვლება უხერხულ შეკითხვად. ორი წელია, რაც იტალიაში ვცხოვრობ და მთვრალი ადამიანი ჯერ არ მინახავს. ქუჩაში ჩხუბს კი მხოლოდ ერთხელ შევესწარი. ნებისმიერ დავას, კონფლიქტს ან უსიამოვნებას იტალიელი ხალხი სამართლებრივი გზით აგვარებს. მიუხედავად ტოლერანტული დამოკიდებულებისა, იტალიელებს მკაცრად აქვთ გამიჯნული მორალური უფლებებიც.

მინდა ოდესმე ქართული საზოგადოებაც მივიდეს იმ აზრამდე, რომ თანამდებობის პირი ღმერთი არ არის, რომ ჩვენ შორის განმსაზღვრელი რეგალია ან წოდება არ უნდა იყოს. ქალაქ კასტელანა გროტეს მერი პროფესიით ფარმაცევტია. როცა მისი, როგორც მერის, სამუშაო საათები სრულდება, მიდის აფთიაქში და, თეთრ ხალათში გამოწყობილი, მოქალაქეებს ემსახურება. კლასობრივი გასხვავება ამგვარ საკითხებში იგრძნობა.

ხათუნა შარაძე

მითხარით, რომ იტალია გიყვართ, მაგრამ მაინც, რა გაძლებინებთ უცხო ქვეყანაში და, სამშობლოდან შორს მყოფი, ყველაზე ხშირად რას ეკითხებით საკუთარ თავს?

ვერაფერი ვერ მაძლებინებს. საკუთარ თავს შთავაგონე, რომ ეს ყველაფერი არის დროებითი. როცა წამოვედი, კედლის საათიდან ენერგიის წყარო ამოვიღე და როცა დავბრუნდები, თავიდან დაიწყებს ჩემი საათი დროის ათვლას ისე, თითქოს არც წავსულვარ. საკუთარ თავს ვეკითხები – ეს რატომ გავაკეთე? ნუთუ გამბედაობა არ მეყო, საქართველოში დავრჩენილიყავი?

სამომავლოდ რას გეგმავთ, სად ხედავთ თქვენს ადგილს?

ნებისმიერ შემთხვევაში და სრულიად მტკიცედ – საქართველოში! სხვაგან საკუთარი თავი არ და ვერც წარმომიდგენია! მე ვარ ქართველი, საქართველო ჩემი სამშობლოა და ამით უზომოდ ვამაყობ! სამშობლოს ვერასდროს შემიცვლის ვერცერთი მხარე და ქვეყანა! აქ ერთი დღეც არ მიცხოვრია საქართველოზე ფიქრის გარეშე. ემიგრაციაში გავიაზრე, რას ნიშნავს იყო პატარა ქვეყნის შვილი, რომელიც არცერთხელ დანებდა და რომელიც დღესაც თავგამოდებით იბრძვის. სწორედ აქ მომეცა იმედი, რომ ჩვენც შევძლებთ შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებით და ხალხზე მორგებული კანონმდებლობით. როცა იტალიის ახლო წარსულში კარგად ჩავიხედე, მივხვდი, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას. აქ ადამიანებს კარგად ახსოვთ, რას ნიშნავს სიდუხჭირე, უმუშევრობა და ეკონომიკური კრიზისი. მჯერა, რომ ჩვენც შევძლებთ!

გარდა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა, რა აქვს დადებითი ემიგრანტობას?

ჯერჯერობით ამ კითხვის რესპონდენტად არ გამოვდგები. ორი წელია, რაც ემიგრაციაში ვარ და დადებით მხარეზე საუბარი გამიჭირდება. ჯერ კიდევ თვითდამკვიდრების ეტაპს გავდივართ, რომელიც საკმაოდ რთულია. ხშირად მიფიქრია საკუთარ პიროვნებაზე. სასურველი შედეგის მისაღწევად გამუდმებით დიდი შრომის გაღება მიწევს. ისე მივეჩვიე ამ მდგომარეობას, რომ უკვე ნორმად მივიჩნევ. პირიქით, დრომ და გამოცდილებამ მაჩვენა, რომ საკუთარი შრომით მიღწეული შედეგი ყველაზე სამართლიანი მონაპოვარია, რომელშიც ვერც ვერავინ შეგედავება და ვერც წუნს გიპოვის. როცა შედეგთან ყველა საფეხურის გადალახვით, დაშვებული შეცდომებითა და მიღწეული წარმატებებით მიხვალ, სწორედ იქიდან შეგიძლია ხმამაღალი საუბარი. ამის შემდეგ უნდა მისცე საკუთარ თავს უფლება, რომ საზოგადოების წინაშე თავაწეულმა იარო. იმავე გზის გავლა მიწევს ახლაც.

თქვენი აზრით, რა უნდა იცოდნენ ემიგრანტებმა?

უპირველეს ყოვლისა, მიმღები ქვეყნის კანონმდებლობიდან ის საკითხები, რომლებიც ემიგრანტებს, არალეგალურად თუ ლეგალურად მყოფ პირებს ეხება. საკუთარი და დამსაქმებელი პირების უფლებები. ასევე უნდა იცოდნენ, რომ სხვა ქვეყნის კულტურას და ტრადიციას პატივი უნდა სცენ და თუ არასდროს გაგისინჯავს გოგრის ყვავილისგან დამზადებული კერძი, ამის გამო სრულიად ერს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო.

თქვენს ქალიშვილზეც მოგვიყევით…

ოო, მარიამზე? მარიამულზე? მაშინ ასე დავიწყებ: მე ყველაზე, ყველაზე საიმედო და სანდო მეგობარი მყავს, რომელიც ჯერ მხოლოდ ექვსი წლის გახლავთ. პატარა გოგონა ზრდასრული ადამიანის გულით და უზომოდ ნათელი გონებით. რამდენიმე დღის წინ საქართველოში ამანათი გავგზავნეთ და ავტომობილის მძღოლს მიმართა: – თქვენ თინიკოს (მარიამის ბებია, დედაჩემი) სახლს გაივლით?

– ჩვენ ყველას სახლს გავივლით, – უპასუხა მძღოლმა.

მარიამმა გაშლილი ხელის მტევნები ერთმანეთს მიატყუპა და მთხოვა:

– წავყვები, დედიკო, რა საქართველოში…

ხათუნა შარაძე ქალიშვილთან – მარისთან ერთად

ერთ ისტორიასაც მოგიყვებით. ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ნება მარიამის წყალობით დაგვრთეს, არასრულწლოვანი შვილის ყოლის გამო. რადგან არასრულწლოვანია, სახელმწიფო მას უფლებას აძლევს, იცხოვროს იტალიაში და ისარგებლოს ყველა იმ უფლებით, რომელიც არასრულწლოვანებზე ვრცელდება, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ ბავშვი ადაპტირებული იყოს გარემოსთან და არ განიცდიდეს სტრესს. ვერანაირი გზით ვერ შევძელით მარიამი დაგვერწმუნებინა, მოსამართლესთან არ ეთქვა, რომ იტალია არ მოსწონს. აპროტესტებდა, საქართველო უკეთესია და  იტალიაზე დიდიაო. მეტი რა გითხრათ? იტალიური ენა სრულფასოვნად შეისწავლა, ასევე ეუფლება ინგლისურ ენას. ნიშნების მიხედვით თუ ვიმსჯელებ, კარგი მოსწავლეა. გარდა ამისა, დადის თეატრალურ სტუდიაში, თუმცა ამ ყველაფრის ფასი ჩემთვის ისაა, რომ ქართული კითხვა დამოუკიდებლად ისწავლა. სკოლის პრინციპით იხელმძღვანელა და თავად შეეცადა გარკვეულიყო ანბანში.

ლაღ ბავშვობას და ბედნიერ მომავალს ვუსურვებ მარიამს…

დიდი მადლობა…

საკუთარ თავს სხვისი თვალით რომ შეხედოთ, რას იტყოდით?

საკმაოდ თვითკრიტიკული ადამიანი ვარ, ასე რომ, საქებარ სიტყვებს ნაკლებად გავიმეტებდი. ხათუნა შარაძეს ვურჩევდი დარჩეს იმად, ვინც არის და არასდროს თქვას უარი თავის პრინციპებზე.

თქვენი მიზანი და მთავარი პრინციპი რა არის?

მთავარი მიზანი ჩემი ქალიშვილის აღზრდაა. გარემოებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ვცდილობ მისთვის მაქსიმუმი გავაკეთო. დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოვაყალიბო, რომელსაც მტკიცედ ექნება გააზრებული თავისუფლების, შრომისა და საკუთარი ცოდნის ხარჯზე მიღებული შედეგის ფასი.

ჩემი მთავარი პრინციპი კი ღირსეულად ცხოვრებაა. მნიშვნელობა არ აქვს, სად ხარ ან რა საქმიანობას ეწევი, რასაც არ უნდა აკეთებდე, საკუთარი საქმის უკან ყოველთვის ღირსების სვეტი უნდა ამოაშენო, როგორც ცხოვრების წესის საზომი.

თუკი ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეძლებს პრინციპული გადაწყვეტილების მიღებას, ის ვეღარასდროს შეელევა საკუთარ სისუსტეებზე გამარჯვებით მიღებული სიამოვნების ფასს!

თუმცა „დრო მუდამ რაღაცას მოითხოვს. გინდა თუ არა, უნდა ემსახურო, ამასობაში კი შენი საკუთარი დრო თვალსა და ხელს შუა გეპარება“ – ყველაზე მეტად რაზე გწყდებათ გული, რაზე დარდობთ?

საკმარისი დრო დავკარგე მსახურებაში, თუმცა ამ მსახურებამ ჩემს პიროვნულ ზრდას ხელი შეუწყო. გაცილებით მტკიცე და ძლიერ ადამიანად ჩამომაყალიბა. გული ართქმულ სიმართლეებზე მწყდება. არასდროს არ უნდა გაეცალო სიტუაციას, სადაც თუნდაც მარტოს მოგიწიოს ბრძოლა! არ უნდა დანებდე და პროცესები ნებაზე არ უნდა მიუშვა!

დაბოლოს დაასრულეთ ფრაზა: ემიგრანტობა  – ეს არის…

ემიგრანტობა – ეს არის შვილის (შვილების) და ძვირფასი ადამიანებისთვის გაღებული მსხვერპლი.

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close