აშშ-ის დედაქალაქის მცხოვრებლებს სახლიდან პირბადის გარეშე გამოსვლა აეკრძალათ
აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში ეპიდემიის გავრცელების წინააღმდეგ ზომები მკაცრდება. ამიერიდან ქალაქის მცხოვრებლებს სახლიდან გასვლა ნიღბის/პირბადის გარეშე ეკრძალებათ. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ მათთვის, ვინც სუფთა ჰაერზე ინტენსიური ფიზიკური აქტივობით არის დაკავებული. ამის შესახებ Washington Post-ი წერს ქალაქის მერის მიურიელ ბოუზერის განკარგულებაზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, კოლუმბიის ოლქის (ფედერალური მიწა, რომელზეც აშშ-ის დედაქალაქი მდებარეობს) მეთაურმა ქალბატონმა მიურიელ ბოუზერმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ვაშინგტონის მცხოვრებლებს ავალდებულებს, სახლიდან გამოსვლისას პირბადე/ნიღაბი გაიკეთონ. ეს ვალდებულება არ ეხება 3 წლამდე ასაკის ბავშვებს და სუფთა ჰაერზე, ღია სივრცეში ინტენსიური ვარჯიშით დაკავებულ ადამიანებს. პირბადე სავალდებულო არ არის, აგრეთვე, კვების დროს.
ამ დროისათვის აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვი 4 მლნ 100 ათასს აღემატება, 146 ათასზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებების გამო.
ამერიკული ფეხბურთის ახალ სეზონზე გულშემატკივრები ვალდებულნი არიან მატჩზე დასწრებისას პირბადე/ნიღაბი ეკეთოთ. ინფორმაცია ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) პრეზიდენტმა ბრაიან მაკარტიმ გაავრცელა სოციალურ ქსელში. ტრიბუნებზე გულშემატკივართა დასაშვები რაოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ სად იმართება მატჩი. ამასთან, კლუბები New York Jets-ი, New York Giants-ი და Philadelphia Eagles-ი აპირებენ, ყველა საშინაო შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების წინაშე, უმაყურებლოდ ჩაატარონ.
რაც შეეხება მსოფლიო სტატისტიკას: ახალი ტიპის კორონავირუსით ამ დრომდე დაინფიცირდა 15 მლნ 405 ათასზე მეტი ადამიანი, მათგან 631 015 გარდაიცვალა, ხოლო 9 382 098 გამოჯანმრთელდა.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები